Accessibility links

logo-print

როდის აშენდება თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი?


როგორც ცნობილია, ერთი კვირის წინ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ და თბილისის აეროპორტის დირექციამ თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის თაობაზე ხელშეკრულება გააფორმა თურქეთის კომპანიებთან - ”ტავთან” და ”ურბანთან”.

მიღწეული შეთანხმების მიხედვით, თურქეთის კომპანიებისგან შემდგარი კონსორციუმი თბილისის ახალ აეროპორტს 2006 წლის ნოემბრამდე ააშენებს. ამ ახალი აეროპორტის ვიდეომაკეტის პრეზენტაცია 15 სექტემბერს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში შედგა.

დასაწყისშივე გეტყვით, რომ ”ტავისა” და ”ურბანის” მიერ შექმნილი თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის სამგანზომილებიანი კომპიუტერული ვიდეოკლიპი გაცილებით ნაკლებად შთამბეჭდავია, ვიდრე ”ჩელების” ფოტოვარიანტი. როგორც ცნობილია, ”ჩელები” აეროპორტის მშენებლობას საბანკო გარანტიის უქონლობის გამო გამოეთიშა. ეკონომიკური განვითარების მინისტრის ირაკლი ჩოგოვაძის აზრით, ”ჩელების” პროექტის განხორციელება სხვა მიზეზების გამოც საეჭვო იყო:

[ირაკლი ჩოგოვაძის ხმა] “ის იყო, უბრალოდ, ნახატი. ანუ იმის რეალიზაცია შეუძლებელი იყო. არანაირი მშენებლობის... მშენებლებს რომ ვანახვე, მითხრეს, შეუძლებელიაო ამის აშენება.”(სტილი დაცულია)

არადა, ირაკლი ჩოგოვაძის წინამორბედს ლექსო ალექსიშვილს ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ ”ჩელების” ნახატის რეალიზება 2006 წლის 26 მაისისთვის დასრულდებოდა. “ჩელების” მიერ აშენებულ აეროპორტს ორი საფრენი ბილიკი უნდა ჰქონოდა და ბევრი სხვა ისეთი რამ, რითაც ”ტავის” და ”ურბანის” პროექტი ვერ დაიკვეხნის. მათ მიერ აშენებულ აეროპორტს მხოლოდ ერთი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი ექნება. ამ ეტაპზე აეროპორტში მეორე ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის ამოქმედებას არარეალურად მიიჩნევს ეკონომიკური განვითარების მინისტრი ირაკლი ჩოგოვაძე:

[ირაკლი ჩოგოვაძის ხმა] ”ორი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის არსებობა დღესდღეობით შეუძლებელია, იმიტომ რომ ის ბილიკები იმყოფება ძალიან ახლოს ერთმანეთთან და ვერ იმუშავებს პარალელურ რეჟიმში.”

ახალი აეროპორტის აშენების შემდეგ თვითმფრინავებიდან გადმოსვლა თუ მათში ჩასხდომა 3 ეგრეთ წოდებული ტელესკოპური ტრაპით განხორციელდება.

ადგილობრივი რეისებისთვის კიდევ 2 გასასვლელი იმუშავებს. აეროპორტი ერთდროულად 3 ათას მგზავრს მოემსახურება. სულ წელიწადში კი თბილისის საჰაერო კარიბჭე 2,5 მილიონი მგზავრის მომსახურებას შეძლებს. ამჟამად, არსებული ნაკადის პერსპექტივის გათვალისწინებით, სულ 400 – 450 ათასი მგზავრის გატარებაა აქტუალური. ირაკლი ჩოგოვაძე ფიქრობს, რომ ”ტავისა” და ”ურბანის” მიერ აშენებული აეროპორტი 15 წლის მანძილზე უპრობლემოდ შეძლებს ბაზრის მოთხოვნათა დაკმაყოფილებას:

[ირაკლი ჩოგოვაძის ხმა] ”აეროპორტის მშენებლობა დასრულდება 2006 წლის ნოემბერში, არაუგვიანეს. რაც მთავარია, საქმე ამით არ უნდა გაფუჭდეს. ჩვენ გვინდა ყველაზე უსაფრთხო და ტექნოლოგიურად გამართული აეროპორტი. 2 თვესაც მოვითმენთ, თუ საჭირო იქნება.”(სტილი დაცულია)

ეკონომიკური განვითარების მინისტრს ასეთი განცხადებების გაკეთება პრესაში გამოთქმული ეჭვების გასაქარწყლებლად დასჭირდა. ორჯერ ჩაშლილი კონტრაქტის შემდეგ საზოგადოებაში ბუნებრივად გაჩნდა შიში იმისა, რომ ახალი აეროპორტის აშენების მესამე მცდელობაც უშედეგო იქნება. თუმცა ”ტავის” გამოცდილება და რესურსები უფრო იმედისმომცემად გამოიყურება, ვიდრე მისი წინამორბედებისა. როგორც ირაკლი ჩოგოვაძის განცხადებიდან ჩანს, სტამბულის აეროპორტი ”ტავის” მიერაა აშენებული და იგი უახლოეს მომავალში ანკარის აეროპორტის მშენებლობასაც დაასრულებს.
XS
SM
MD
LG