Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუდია ”რეპორტიორი” ახალი საგამოძიებო ფილმების ჩვენებას უახლოეს მომავალში გვპირდება


დეპუტატ კობა ბექაურის სამეწარმეო საქმიანობის ამსახველი დოკუმენტური ფილმის ფართო საზოგადოებისათვის ჩვენების შემდეგ, სტუდია ”რეპორტიორი” ფილმის მეორე ნაწილის გადაღებას არ გამორიცხავს.

საზოგადოებისთვის ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ბევრი რამაა ბურუსით მოცული. მანამდე კი, უახლოეს ხანში, ”რეპორტიორი” საზოგადოების სამსჯავროზე გამოიტანს სამ მწვავე თემას. სტუდიის სამომავლო გეგმებსა და თითქმის მომზადებულ ფილმებზე მინდა გესაუბროთ.

სტუდია ”რეპორტიორის” გახსნის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც საქართველოს სატელევიზიო სივრციდან გაქრა საგამოძიებო ჟურნალისტიკა, კერძოდ, პროგრამა ”60 წუთი.” ”რეპორტიორის” დირექტორი ვახტანგ კომახიძე ფართო საზოგადოებამ, ძირითადად, ამ პროგრამაში საქმიანობით გაიცნო. იგი ამბობს, რომ ”რეპორტიორი” პირმშოა პროექტისა ”ცენზურის წინააღმდეგ”. პროექტი ფონდმა ” ღია საზოგადოება - საქართველომ” და ევრაზიის ფონდმა დააფინანსეს.

[დავით დარჩიაშვილის ხმა] ”მოთხოვნა იყო, რომ ფილმები გაეკეთებინათ საგამოძიებო ჟურნალისტიკის დარგში, აქტუალური პრობლემები განეხილათ, რომ ამას ჰქონოდა ანტიკორუფციული მიმართულება. ეს არის, რა. ზოგადი მოთხოვნები იყო.”(სტილი დაცულია)

ეს ფონდ ”ღია საზოგადოება - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი დავით დარჩიაშვილი იყო. იგი ამბობს, რომ ზოგადი მოთხოვნები ”რეპორტიორმა” დააკმაყოფილა. საზოგადოებამ უკვე ნახა მის მიერ გადაღებული სამი ფილმი: საქართველოს პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საეჭვო გარემოებების შესახებ, მარეკ დუდაევის პატიმრობის მოტივების შესახებ და დეპუტატ კობა ბექაურის უკანონო სამეწარმეო საქმიანობის შესახებ.

დავით დარჩიაშვილი ”რეპორტიორისათვის” დაფინანსების გაგრძელებას მომავალშიც მიზანშეწონილად მიიჩნევს, თუმცა განაცხადი ამის თაობაზე ჯერჯერობით არ არსებობს.

[ვახტანგ კომახიძის ხმა] ”ცხადია, ჩვენ განაცხადი უნდა შევიტანოთ გარკვეული კორექტივებით, იმიტომ რომ თავიდან ზუსტად შეადგინო ბიუჯეტი, ზუსტად გააკეთო ის გეგმები, რომლის განხორციელებასაც აპირებ, ძალიან ძნელია ყველაფერი სიზუსტით გაითვალისწინო, აბსოლუტური სიზუსტით. რაღაც კორექტივები პროექტში შევა.”(სტილი დაცულია)

სტუდია ”რეპორტიორს” ახალი პროექტის წარდგენის წინ პრაქტიკულად 6 დოკუმენტური ფილმი აქვს გაკეთებული. აქედან სამი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნახა ტელემაყურებელმა, დანარჩენ სამს კი მოუთმენლად ელის.

[ვახტანგ კომახიძის ხმა] ”ხელგაშლილი პრეზიდენტი” არის ფილმი პრეზიდენტის ფონდის შესახებ. როგორ დაიხარჯა პრეზიდენტის ფონდი. არის მეორე ფილმი, ბიძინა გიორგობიანის გაქცევის მიზეზებთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს გარკვეული დოკუმენტები, რითაც მტკიცდება, რომ უშიშროების სამინისტრო მონაწილეობდა უშუალოდ ამ პროცესებში და ეს, რა თქმა უნდა, უკავშირდება ვანო მერაბიშვილსაც.მესამე ფილმი - მედიის მდგომაროება პოსტრევოლუციურ პირობებში.”(სტილი დაცულია)

როგორც ვახტანგ კომახიძე ამბობს, ამ სამი ფილმიდან უკვე დასრულებულია მუშაობა ფილმზე ”ხელგაშლილი პრეზიდენტი.”

სტუდია "რეპორტიორის" პროდუქციას მაყურებელი უახლოეს ხანში, ძირითადად, ისევ ტელევიზია “202”-ის ეთერით ნახავს. მიუხედავად იმ სკანდალისა, რომელიც სწორედ ამ სტუდიის ფილმის დამზადებას მოჰყვა, ”რეპორტიორში” მიიჩნევენ, რომ ჯერჯერობით “202”-ს, თავისუფალი სიტყვის გავრცელების თვალსაზრისით, ალტერნატივა არა აქვს.
XS
SM
MD
LG