Accessibility links

logo-print

ენერგეტიკის სამინისტრო ზამთრის სეზონისთვის ემზადება


უშველა თუ არა ”ვარდების რევოლუციამ” საქართველოს ენერგოსისტემას, რომელიც უკანასკნელი წლების განმავლობაში, როგორც წესი, ყოველთვის მწვავე დეფიციტის

პირობებში მუშაობდა? ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელები ამტკიცებენ, რომ დამდეგ ზამთარს ენერგეტიკოსები ხელცარიელები არ ხვდებიან. მათი მტკიცებით, 430 მეგავატით გაიზარდა ელექტროგენერაციის ობიექტების სიმძლავრე, ანუ საქართველოს შეუძლია - იმპორტის გარეშე, საკუთარი ძალებით - 1700 მეგავატი სიმძლავრის ელექტროენერგია გამოიმუშაოს. არის თუ არა ზემოთქმული საკმარისი იმისათვის, რომ საქართველომ თავი დააღწიოს ზამთრის ტრადიციულ ენერგოკრიზისს?

საქართველოში მცხოვრები ადამიანებისთვის სიტყვები „უშუქობა“ და „სიბნელე“, დიდი ხანია, ზამთრის სინონიმებად იქცა. არც ის ზამთარია ზამთარი, ათასობით ადამიანი ქუჩაში თუ არ გამოვიდა და, ელექტროენერგიის მოთხოვნით, საავტომობილო გზები არ გადაკეტა.

[მამაკაცის ხმა] „ძალიან გვენატრება შუქი. სამი კვირაა საერთოდ არ ყოფილა. მანამდეც მოვიდოდა, წავიდოდა და ასე შემდეგ...“(სტილი დაცულია)

მთავრობაში აცხადებენ, რომ ქვეყანამ ენერგოკრიზისით გაჯერებული უკანასკნელი ზამთარი წარსულში მოიტოვა. თუმცა პრემიერ- მინისტრ ზურაბ ნოღაიდელის თქმით, ელექტროენერგიის დეფიციტი სრულად მხოლოდ 2006 წლის ოქტომბერში აღმოიფხვრება:

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] „ეს შესაძლებელია დამატებითი გენერაციის ობიექტების ძალაში შეყვანით - ან რეაბილიტაციით, ან აშენებით. ფინანსებიც ამ ინვესტიციებზე ისე უნდა იყოს განაწილებული, რომ ეს ამოცანები შესრულდეს.“

ამოცანები, რომლის შესახებაც პრემიერ-მინისტრი ლაპარაკობს, მართლაც, შესრულდა, თუმცა მხოლოდ ნაწილობრივ. ჯერ არ დასრულებულა დამონტაჟება კომბინირებული ციკლის გაზოტურბინისა, რომელიც ენერგოსისტემას დამატებით 110 მეგავატ სიმძლავრეს შესძენს. ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ხეთაგურის თქმით, წელს ელექტროგენერაციის მოცულობა, ძირითადად, ჰიდროელექტროსადგურებისა და თბილსრესის ძველი ტურბინების მოდერნიზების ხარჯზე გაიზრდება:

[ალექსანდრე ხეთაგურის ხმა] „ჯამში, ეს ყველაფერი მოგვცემს ახალ სიმძლავრეს, 430 მეგავატს. მთლიანად საქართველოს პიკური გენერაცია ზამთრის პერიოდში, იმპორტის გარეშე, იქნება 1690 მეგავატი.“

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის თქმით, მოსალოდნელი ენერგოკრიზისის დასაძლევად მთავრობა, ჯამში, 194 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს. თანხის ნაწილი უკვე ათვისებულია, ნაწილი კი დენის იმპორტსა და მომხმარებელთა სუბსიდირებაზე დაიხარჯება:

[ალექსანდრე ხეთაგურის ხმა] „მთლიანად - რეაბილიტაციას პლუს იმპორტი და მომხმარებელთა სუბსიდირება - ჯამში არის 194 მილიონი ლარი, რაც იმის წინაპირობას იძლევა, რომ ნორმალური ზამთარი გვქონდეს.” (სტილი დაცულია)

ნორმალური ზამთარი ექნებათ საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებსაც. ოფიციალური ინფორმაციით, მოხმარებული ელექტროენერგიის გადახდის მაჩვენებელმა წელს რეკორდულად მაღალ ნიშნულს - 70 პროცენტს - მიაღწია. თუმცა ანგარიშგასაწევია ის გარემოება, რომ საქართველოს ელექტროსისტემა - გადამცემი ხაზები და ქვესადგურები - საკმაოდ მოძველებული და ამორტიზებულია. ასე რომ, საფასურის სრულად დაფარვის შემთხვევაშიც კი, საქართველოს მთავრობას ელექტროენერგიის დეფიციტის აღმოფხვრა წელსაც გაუჭირდება.
XS
SM
MD
LG