Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბენდუქიძე-მარეგულირებლების დაპირისპირება ახალ ფაზაში შედის


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი სახელმწიფო მინისტრი კახა ბენდუქიძე კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საქმიანობით სამართალდამცავების დაინტერესებას ითხოვს.

ბენდუქიძისათვის ბოლო პერიოდის ყველაზე ”საყვარელი თემა”, მარეგულირებელი კომისიები, ამჯერადაც ყურადღების ცენტრში რჩება. სახელმწიფო მინისტრი ფიჭური კავშირის ოპერატორ ”მეგაკომისათვის” ლიცენზიის აღდგენის ირგვლივ სიტუაციის გარკვევას ითხოვს, რადგან მიაჩნია, რომ სახელმწიფომ ამ შემთხვევაში რამდენიმე ათეული მილიონი ლარით იზარალა. მინდა მარეგულირებლების წინააღმდეგ ბენდუქიძის მორიგი გალაშქრების შესახებ გესაუბროთ.

სახელმწიფო მინისტრი კახა ბენდუქიძე, რომლის ინიციატივით შექმნილი კანონპროექტის განხილვა - კანონპროექტისა სახელმწიფო მარეგულირებელი კომისიების რეფორმირების შესახებ - მთავრობამ მეორედ გადადო, ამ თემას მთავრობის სხდომის დასრულებისთანავე მოულოდნელი რაკურსით უბრუნდება და კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიმართ ბრალდებით გამოდის. სახელმწიფო მინისტრი კომისიის ქმედებაში, უკეთეს შემთხვევაში, არაკომპეტენტურობას, უარეს შემთხვევაში კი, კორუფციული გარიგების ნიშნებს ხედავს და პროკურატურას საქმეში გარკვევას სთხოვს.
საქმე ეხება ფიჭური კავშირის ოპერატორის, „მეგაკომისათვის“ ლიცენზიის აღდგენას.

„მეგაკომმა“ ლიცენზია ფიჭური კავშირის განხორციელებაზე 1993 წელს 10 წლის ვადით მიიღო. გასულ წელს კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ლიცენზია გააუქმა, მიმდინარე წელს კი - 250,000 ლარად აღადგინა, მაშინ როცა, ბენდუქიძის აზრით, ლიცენზია შეიძლებოდა გაყიდულიყო 27 მილიონ ლარად, ანუ იმდენად, რამდენიც ამავე სიხშირის ნაწილში „მაგთიკომმა“ გადაიხადა. „მეგაკომისათვის“ სიხშირის ნაწილზე ლიცენზიის დაბრუნება მას შემდეგ მოხდა, რაც ამ ორგანიზაციამ მარეგულირებელ კომისიას სასამართლოში უჩივლა. კახა ბენდუქიძე ამ პროცესს ფორმალურს უწოდებს და მასში საეჭვო გარიგების ნიშნებს ხედავს:

[კახა ბენდუქიძის ხმა] ”გარეგნულად ეს გამოიყურება ასე, რომ თითქოს ”მეგაკომმა” უჩივლა კომისიას და კომისია ეკამათა, ეკამათა და მერე იძულებული იყო საოლქო სასამართლოში გარიგებაზე მოეწერა ხელი.”

კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ხელმძღვანელი დიმიტრი ქიტოშვილი სახელმწიფო მინისტრის ბრალდებებს “აბსურდულად” მიიჩნევს. იგი აღნიშნავს, რომ „მეგაკომს“ მხოლოდ დიაპაზონის ნაწილი აღუდგა, დანარჩენი სიხშირეები კი მობილური კავშირის მეორე ოპერატორმა, „მაგთიკომმა“, აუქციონზე თითქმის 27 მილიონ ლარად შეიძინა. ქიტოშვილი ფიქრობს, რომ ბენდუქიძეს კომისიისა და მის მიმართ „არაბუნებრივი ინტერესი“ აქვს და თავად არის დაინტერესებული ყველაფერი შესწავლილ იქნეს პროკურატურის მიერ. კომისიის თავმჯდომარეს გაუგებრად მიაჩნია ბრალდებები იმ ორგანოსადმი, რომლის წყალობითაც ლიცენზიების გაცემით ბიუჯეტში იმაზე მეტი თანხა შედის, ვიდრე ერთად აღებული ყველა სხვა მარეგულირებლის მეშვეობით.

[დიმიტრი ქიტოშვილის ხმა] ”ის, რაც ”მეგაკომს” ნაყიდი ჰქონდა 20 თუ 30 ლარად, ჩვენ აუქციონის წესით გავყიდეთ 26 მლნ. ლარად, ამის შემდეგ კიდევ ერთი სიხშირე გავყიდეთ 20 მლნ. ლარად და მე, საერთოდ, არ მესმის, რა კორუფციულ გარიგებებზე და არაკომპეტენტურობაზე შეიძლება იყოს საუბარი, როცა ეს არის ერთადერთი სფერო, სადაც გაცემული ლიცენზიებიდან შედის ბიუჯეტში უფრო მეტი, ვიდრე ყველა სხვა ლიცენზიებიდან, ერთად.”

კახა ბენდუქიძისა და მარეგულირებელი ეროვნული კომისიების დაპირისპირება ახალ ფაზაში შედის. სახელმწიფო მინისტრი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მისი ეჭვები არ გამართლდა, იგი თანამდებობას დატოვებს, თავის მხრივ, დიმიტრი ქიტოშვილიც დარწმუნებულია მისი უწყების კომპეტენტურობაში. როგორც ჩანს, ამ საქმეში საბოლოო სიცხადის შეტანა, მართლაც, საგამოძიებო ორგანოებზე იქნება დამოკიდებული.
XS
SM
MD
LG