Accessibility links

logo-print

რატომ შეიქმნა ანტიკორუფციული სტრატეგია და ანტიკორუფციული გეგმა


როგორც ცნობილია, სახელმწიფო მინისტრის კახა ბენდუქიძის ხელმძღვანელობით ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების გეგმა შეიქმნა. ვიდრე ამ გეგმით

გათვალისწინებული საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტში დამტკიცდება, ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალურმა ჯგუფმა გეგმის ექსპერტიზა უნდა განახორციელოს. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ანტიკორუფციულ გეგმას საქართველოს ხელისუფლება ევროსაბჭოს უახლოეს დღეებში წარუდგენს, ექსპერტიზის საბოლოო პასუხი კი ოქტომრის თვეში გახდება ცნობილი.

მიუხედავად იმისა, რომ შევარდნაძის ხელისუფლების დროინდელი ბევრი ჩინოვნიკი ქვეყნის მართვას ჩამოშორდა და სამინისტროები თუ დეპარტამენტები ახალმა კადრებმა დააკომპლექტა, კორუფცია კვლავ მწვავე პრობლემად რჩება. ამ პრობლემასთან ბრძოლა რომ სისტემური ცვლილებებითაა საჭირო და არა მხოლოდ სადამსჯელო ოპერაციებით, ამას ევროპის საბჭო საქართველოს ჯერ კიდევ 3-4 წლის წინ ეუბნებოდა, მაგრამ ქვეყნის ხელისუფლებამ ანტიკორუფციული სტრატეგიის შემუშავება და სათანადო გეგმის მომზადება მხოლოდ ევროსაბჭოს მიერ დადგენილი ვადების მიწურულს მოახერხა. ანტიკორუფციული გეგმის მთავარი ავტორია სახელმწიფო მინისტრი კახა ბენდუქიძე, მის მიერ მომზადებული პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა სახელმწიფო მოხელეებზე კონტროლის გაძლიერება.

[კახა ბენდუქიძის ხმა] ”უნდა შეიქმნას მაღალი თანამდებობის პირების კორუფციულ დანაშაულზე ორიენტირებული ქვედანაყოფი როგორც პროკურატურაში, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროში. და, მეორე, ჩვენ უფრო დეტალურად უნდა შევისწავლოთ ქონებრივი მდგომარეობა მაღალი თანამდებობის პირების და ეს შესწავლა უნდა გრძელდებოდეს თანამდებობის დატოვების შემდეგაც.”

ასეთი ანტიკორუფციული პოლიტიკის პროექტს ოპოზიცია დაუპირისპირდა, ყველაზე მეტად კი - ახალი მემარჯვენეები. მათი ლიდერის დავით გამყრელიძის აზრით, ახალი ანტიკორუფციული სტრატეგია საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება:

[დავით გამყრელიძის ხმა] ”თვით თურქმენეთსა და ჩრდილოეთ კორეაში არ ხდება, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება და პრეზიდენტი უნიშნავდნენ, სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლების შემადგენლობით, მაკონტროლებელ სტრუქტურას პარლამენტს. ამით, მე მგონი, წერტილი დაესვა საქართველოში პარლამენტარიზმს.”

ამ საკითხის პოლიტიზებით გაკვირვებას ვერ ფარავს ექსპერტი კახა უგულავა, რომელიც შევარდნაძის მმართველობის ბოლო წლებში შექმნილი ანტიკორუფციული საბჭოს მდივანი იყო. მისი განცხადებით, კახა ბენდუქიძის მიერ აღწერილი კონტროლის მექანიზმი ევროსაბჭოს მოთხოვნას წარმოადგენს:

[კახა უგულავას ხმა] ”სამწუხაროა, რომ ეს პოლიტიკური დებატების საკითხი ხდება ხოლმე. ეს არ არის ახალი ნამდვილად. საქართველო რომ შეესაბამებოდეს იმ საერთაშორისო სტანდარტებს, კანონმდებლობა იქნება თუ ინსტიტუციონალური ბაზა, გენერალური ინსპექციები უნდა იყოს ყველა სახელმწიფო ორგანიზაციაში, ანუ ეს არის ერთ-ერთი პირობა. რაც შეეხება პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში ანტიკორუფციული ქვედანაყოფების შექმნას, ეს რეკომენდაცია 4 წელია არსებობს, 2001 წლიდან არის ეგ რეკომენდაციები.”

კახა უგულავას ინფორმაციით, ევროპის საბჭოს კორუფციასთან ბრძოლის სპეციალურმა ჯგუფმა საქართველოსთვის შეიმუშავა 25 რეკომენდაცია, რომელთაგან ჯერჯერობით სრულფასოვნად მხოლოდ ერთია შესრულებული, თუ არ ჩავთვლით ახლახან მომზადებულ ანტიკორუფციულ სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას, რომელსაც ევროპის საბჭო ამ დღეებში გაეცნობა. კახა უგულავასვე ინფორმაციით, აღნიშნული რეკომენდაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში საქართველოს სხვადასხვა საჯარიმო სანქციები დაეკისრება, რაც უარყოფითად აისახება საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესზე.
XS
SM
MD
LG