Accessibility links

logo-print

ოპოზიცია პრაიმერს ატარებს


შაბათს საქართველოს პარლამენტის ხუთი მაჟორიტარი დეპუტატის გამოსავლენი შუალედური არჩევნების პრაიმერი ტარდება.

ოპოზიცია პრაიმერს ხუთიდან ოთხ საარჩევნო ოლქში ატარებს. ესენია: თბილისის ისნის საარჩევნო ოლქი, ტყიბულის, ბათუმისა და შუახევის ოლქები. არჩევნები არ ტარდება ქობულეთში, სადაც გაერთიანებულ ოპოზიციას უკვე წარმოადგენს მხოლოდ ერთი კანდიდატი. ეს კონსერვატორი ჯიმშერ ჯინჭარაძეა, ამ ცოტა ხნის წინ მოკლული ბიზნესმენის მამუკა ჯინჭარაძის ძმა. 1 ოქტომბრისათვის დანიშნული შუალედური არჩევნების დანარჩენ ოთხ ოლქში მონაწილე ოპოზიციონერთა ვინაობის თაობაზე წინასწარი ინფორმაცია უკვე ამ საღამოსთვის გახდება ცნობილი.

[ნატა ხანგოშვილის ხმა] ”17 სექტემბერს, მთელი დღის განმავლობაში, პრაიმერის ოფისის კარი იქნება ყველასთვის ღია. მთელი დღის განმავლობაში მოგაწოდებთ წინასწარ ინფორმაციას, გავაკეთებთ წინასწარ განცხადებებს. საბოლოო შედეგები იქნება 19-ში, 19 სექტემბერს.”

ეს პრაიმერის აპარატის უფროსი ნატა ხანგოშვილია. მისი თქმით, არჩევნების შედეგების ობიექტურად გაშუქება პრაიმერის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა.ცენტრალური საარჩევნო კომისია პირველ სხდომაზე 11 აგვისტოს შეიკრიბა. პრაიმერის შესახებ მემორანდუმს კი ოპოზიციურმა პარტიებმა - ”ახალმა მემარჯვენეებმა”, ”კონსერვატორებმა”, ”ლეიბორისტებმა” და პარტია ”თავისუფლებამ” - 5 აგვისტოს მოაწერეს ხელი. კონსერვატორებს 1 ოქტომბრის შუალედურ მაჟორიტარულ არჩევნებში კანდიდატი თითქმის ყველა ოლქში ჰყავთ, სამ მაჟორიტარულ ოლქში ცდიან ბედს ახალი მემარჯვენეები და პარტია ”თავისუფლების” წარმომადგენლები.

გარკვეულწილად თამაშგარეშე მდგომარეობაში არიან ლეიბორისტები, რომელთაც კანდიდატი არ ჰყავთ, თუმცა, პრაიმერის მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, მის ორგანიზებაში და საარჩევნო ადმინისტრაციებში აქტიურად მონაწილეობენ. სწორედ ლეიბორისტი ჯონდი ბაღათურია აქვეყნებს არასამთავრობო ორგანიზაცია ”დემოკრატთა კავშირის” მიერ ისნის საარჩევნო ოლქში ჩატარებული კვლევის შედეგებს. კვლევის საგანი პრაიმერში ამომრჩევლის აქტიურობის განსაზღვრაა.

[ჯონდი ბაღათურიას ხმა] ”კითხვაზე, არიან თუ არა პრაიმერის შესახებ ინფორმირებულნი, გაირკვა, რომ 73 პროცენტი არის ინფორმირებული სრულიად. 20 პროცენტი არის ნაწილობრივ ინფორმირებული, 7 პროცენტი აცხადებს, რომ ის არ არის ინფორმირებული ამის შესახებ. ხოლო კითხვაზე, როგორ მოიქცევიან 17 სექტემბერს, 68 პროცენტი მოსახლეობის აცხადებს, რომ ის მოვა და მიიღებს პრაიმერში მონაწილეობას.”(სტილი დაცულია)

ჯონდი ბაღათურია ამბობს, რომ ოპოზიციას შუალედურ არჩევნებში ამომრჩევლის სწორედ ეს 68 პროცენტი დაუჭერს მხარს. ამავე გამოკითხვის თანახმად, 21 პროცენტს ჯერ არ გაუკეთებია არჩევანი, ხოლო 11 პროცენტი სახელისუფლებო პარტიის კანდიდატს მიემხრობა.

პრაიმერი დღეს 4 საარჩევნო ოლქის 82 უბანზე ტარდება. მათგან ისნის საარჩევნო ოლქში 12 საარჩევნო უბანია გახსნილი და 12-ვე ღია ცის ქვეშ - სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე, ბაღებსა და სკვერებში. ანალოგიური მგდომარეობაა დანარჩენ ოლქებში, თუმცა არის გამონაკლისებიც: ზოგიერთი საარჩევნო უბანი - განსაკუთრებით სოფლებში - საცხოვრებელ ბინებში განთავსდა.

[ჯონდი ბაღათურიას ხმა]” ეს გამოიწვია იმან, რომ უკანონოდ, ერთპარტიულმა პოლიტბიუროს მსგავსმა ხელისუფლების მიერ შექმნილმა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა არ დაგვითმო ჩვენ საარჩევნო უბნები. თუმცა რამდენიმე დღის წინ უკვე დაიწყეს ვაჭრობა ჩვენთან, რომ აი, იცით რა, იმ ადგილებში დაგითმობთ ზოგან, მაგრამ აზრი არ ჰქონდა, იმიტომ რომ ხარჯი გაწეული იყო და ჩვენ პრაქტიკულად ყველაფერი უკვე ორგანიზებული გვქონდა.”(სტილი დაცულია)

პრაიმერის ორგანიზება ოპოზიციას საშუალოდ 17 000 ლარი დაუჯდა. არჩევნებს ხუთი არასამთავრობო ორგანიზაცია აკვირდება. ერთ-ერთი მათ შორის არის ორგანიზაცია, სახელწოდებით ” ახალი თაობა - ახალი ინიციატივა.”

[მიშა დევდარიანის ხმა] ” ჩვენი ორგანიზაცია დააკვირდება პრაიმერის წინასწარ არჩევნებს, ჩვენ პარალელურად ვიმუშავებთ საოლქო კომისიებთან, ჩვენ მაქსიმალურ ინფორმაციას მოგაწვდით შაბათ დღეს და უკვე კვირა დღეს გავაკეთებთ განცხადებას და გავაკეთებთ მაქსიმალურ ინფორმაციას, თუ როგორ მიმდინარეობდა წინასწარი არჩევნები, რა შედეგებით დამთავრდა, რა დარღვევები იყო, რა ხარვეზებით ჩაიარა.”(სტილი დაცულია)

“ახალი თაობა - ახალი ინიციატივა”, - კერძოდ კი, მისი წარმომადგენელი მიხეილ დევდარიანი - იმედოვნებს, რომ არჩევნებზე რაიმე სერიოზულ ექსცესებს ადგილი არ ექნება. ამ მხრივ, არა მარტო არჩევნებში მონაწილე სუბიექტებისათვის, დამკვირვებლებისთვისაც გაცილებით საპასუხისმგებლო იქნება 1 ოქტომბრის შუალედური არჩევნები, რომელშიც ოპოზიცია ხელისუფლების რჩეულებს პრაიმერში გამარჯვებულ ერთიან კანდიდატებს დაუპირისპირებს.
XS
SM
MD
LG