Accessibility links

logo-print

საბაჟო ტერმინალ ”ოპიზაში” დეპუტატ კობა ბექაურის ინტერესები პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ უნდა შეისწავლოს


საბაჟო ტერმინალის, ”ოპიზის”, საქმე და აღნიშნულ ტერმინალში დეპუტატების, მათ შორის კი, პირველ რიგში, კობა ბექაურის ინტერესები პარლამენტის საგამოძიებო

კომისიამ უნდა შეისწავლოს. ”ოპიზის” საქმის შესასწავლად საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობა” ახლახან, სტუდია ”რეპორტიორის” მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმის ჩვენების შემდეგ, გამოვიდა. ბექაურის თანაგუნდელებმა ამ გზით გადაწყვიტეს საზოგადოებაში მოარულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა, თორემ თვითონ ფილმს მათთვის ბექაურის მიმართ დამატებითი შეკითხვები არ გაუჩენია. საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის საკითხზე კენჭისყრა 16 სექტემბრის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შევიდა.



კონსტიტუციითა და რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე დეპუტატთა საერთო რაოდენობის არანაკლებ ერთი მეოთხედის მოთხოვნით, პარლამენტში იქმნება საგამოძიებო ან სხვა დროებითი კომისიები, რომლებშიც უმრავლესობის წარმომადგენლობა არ უნდა აღემატებოდეს საერთო რაოდენობის ნახევარს. პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია იქმნება სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ კანონდარღვევის ფაქტების გამოკვლევისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით, ან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფო და საზოგადოებრივი საკითხების შესასწავლად - ამას ამბობს კანონი. კანონივე - კონკრეტულად კი, პარლამენტის რეგლამენტი - განსაზღვრავს დროებითი საგამოძიებო კომისიის დაკომპლექტების წესსა და მის უფლებამოსილებას. აქვე შევნიშნავთ, რომ, დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნით, სახელმწიფო ორგანოები, თანამდებობის პირები, იურიდიული და ფიზიკური პირები ვალდებულები არიან კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში წარადგინონ საკითხის გამოსაკვლევად აუცილებელი დასკვნები და სხვა საჭირო მასალები, დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნით სხდომაზე მათი გამოცხადება აუცილებელია და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით, პარლამენტის საგამოძიებო კომისიას კანონით მინიჭებული უფლებები უქმნის საქმის ობიექტურად გამოძიების საშუალებას, თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, თუ როგორია კომისიის შემადგენლობა და რამდენად შეიძლება ის იმსახურებდეს ნდობას.


”ოპიზის” საქმის გამოსაძიებლად პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივის გახმაურებისთანავე პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მასში უმრავლესობას არ ეყოლება უმრავლესობა. ეს კანონის მოთხოვნაა და არამარტო კომისიისადმი ნდობის არსებობისთვის აუცილებელი მოთხოვნა. ნდობის ხარისხი თავმჯდომარეზეც არის დამოკიდებული, თუმცა კომისიაში კვოტების, თავმჯდომარისა და კომისიის შემადგენლობის საკითხი მოგვიანებით უნდა გაირკვეს. 16 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა მხოლოდ და მხოლოდ ”ოპიზის” საქმის შესასწავლად დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობას დაუჭირა მხარი, დეპუტატთა შესაძლო კანონდარღვევითი საქმიანობის გამოსავლენად.
ვინ შეიძლება გახდეს დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე, ამაზე ჯერ მხოლოდ ვერსიების დონეზე მიდის ლაპარაკი. ოპოზიციას შერჩეული ჰყავს სასურველი კანდიდატურა და ისიც, კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარე კობა დავბითაშვილი, მზად არის სათავეში ჩაუდგეს გამოძიებას, რომელმაც პასუხი უნდა გასცეს შეკითხვას: რეალურად აქვს თუ არა კავშირი საბაჟო ტერმინალთან ბექაურს ან მის სხვა თანაგუნდელს და, თუ აქვს, რას საქმიანობენ დეპუტატები იქ, სადაც, წესით, არ უნდა საქმიანობდნენ.

[კობა დავითაშვილის ხმა] ”მე მზად ვარ კენჭი ვიყარო თავმჯდომარეობაზე და ობიექტურად გამოვიძიო ეს საქმე. თქვენ იცით, რომ ასეთ საქმეებში არაობიექტურობის გამოჩენა არ მჩვევია, თუმცა უმრავლესობა რას იზამს, არ ვიცი. ”

ვნახოთ, რას იზამს უმრავლესობა, რომლის ნებითაც პარლამენტში შესწავლილ უნდა იქნეს “ოპიზასთან” ბექაურის შესაძლო კავშირი და არა ბექაურ- რამიშვილის სკანდალური საქმის გარემოებები. ამ საქმის გამო დაკავებულებს, ტელეკომპანია “202” - ის დამფუძნებლებს, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები პოლიტპატიმრებს უწოდებენ და მათ სასწრაფო გათავისუფლებას მოითხოვენ. ამ მოთხოვნით საპროტესტო აქცია პარასკევს პირველ საპყრობილესთან შედგა.
XS
SM
MD
LG