Accessibility links

საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა ნიუ-იორკში, გაეროს სამიტზე


ნიუ-იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მესამოცე - საიუბილეო - გენერალურ ასამბლეაზე, გუშინ სიტყვა წარმოთქვა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ

სააკაშვილმა. გაეროს ახლა იოლი დრო არ უდგას - ვგულისხმობ მის რეფორმირებას, რამაც არ უნდა დაახანოს და რაც, საქართველოს პრეზიდენტის თქმით, სხვათა შორის, საქართველოს კონფლიქტების მოგვარებასაც დააჩქარებდა. აქვე გეტყვით კიდევ ერთს: საქართველოს ერთ-ერთ სატელევიზიო არხს მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, გაეროში გამოსვლამდე, ნიუ-იორკში უთხრა, საქართველო ახლა მოდაშიაო.
მისალმების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა დამსწრეთ მიმართა, ჩემთვის დიდი პატივია ამ უწყებაში გამოსვლა და გაზიარება მოსაზრებებისა იმის თაობაზე, თუ რა გზით შეუძლია საერთაშორისო თანამეგობრობას მეტი გააკეთოს სიღარიბის აღმოსაფხვრელად, განვითარების, მეტი უშიშროებისა და სტაბილურობის მისაღწევად საქართველოსა და მსოფლიოშიო. სააკაშვილის თანახმად, სამოცი წლის მანძილზე გაერო ამ იდეალების განხორციელებაში წამყვან როლს ასრულებდა, უმთავრესი ნაბიჯი კი მიზნის მისაღწევად გაეროს “ათასწლეულის განვითარების” დოქტრინის სახით იქნა გადადგმული. დღეს, გაეროს დაარსებიდან, იალტის კონფერენციის ჩატარებიდან 60 წლის შემდეგ, გაერო უნდა შევცვალოთ, რათა მოვაგვაროთ ის პრობლემები, რომლებიც ამჟამად თავზე საყრელად გვაქვს, - თქვა მიხეილ სააკაშვილმა. ეს ამოცანა იოლი არ არის, განაგრძო მან. ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა, ეს საკითხები - განსაკუთრებით რეფორმირება, გაძლიერება და განვითარება გაეროსი - ძალზე მნიშვნელოვანია.
საქართველოს პრეზიდენტმა თავისი ხელისუფლების მიღწევებზე ილაპარაკა. მან თქვა, იმ მცირე დროში, რაც ხელისუფლებაში ვართ, წინ წავედით თითქმის ყველა ამოცანის მიღწევის თვალსაზრისითო.
(სააკაშვილის ხმა)
“ეკონომიკა ვითარდება. მსოფლიო ბანკის თანახმად, საქართველო, რეფორმირების სისწრაფისა და ეფექტიანობის, ასევე ბიზნესისთვის სასარგებლო გარემოს მხრივ, სამ მოწინავე ქვეყანას მიეკუთვნება. ეს შედეგები ჩვენი ხალხის სიძლიერის ნაყოფია; ამ შედეგებს უშუალოდ განაპირობებს დემოკრატია, როცა ის პასუხისმგებლობას, გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას ემყარება.”
მიხეილ სააკაშვილმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას თქვა აგრეთვე, რომ საქართველოში, ამ წინსვლის მიუხედავად, ვითარება იდეალური არ არის და რომ, ამ მხრივ, დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას აფერხებს მის ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტები. ასეულათასობით ლტოლვილს კვლავაც არა აქვს შინ დაბრუნების - ასევე შეუზღუდავი და უსაფრთხო გადაადგილების - უფლება და საშუალება, განაცხადა მან ნიუ-იორკში. აფხაზეთში, ამცნო მიხეილ სააკაშვილმა დამსწრეთ, ასეულათასობით ადამიანი ძალით განდევნეს თავიანთი სახლებიდან - ეს იყო მასობრივი განდევნა, ეთნიკური წმენდა. საქართველო ამ ეთნიკური წმენდის შედეგებს არასოდეს აღიარებს, ამ შედეგების დაკანონების მოსურნეთა არგუმენტები ამორალურია და მომავლისთვის სახიფათო პრეცედენტებს წარმოადგენს.
(სააკაშვილის ხმა)
“დღეს მსოფლიოს თვალწინ, გაეროს მეთვალყურეთა თვალწინ სახლები, საიდანაც გაყარეს ხალხი, იყიდება და, რაც ყველაზე შემაძრწუნებელია, უმეტეს შემთხვევაში, მათ ყიდულობენ მეზობელი ქვეყნის მთავრობის მაღალი წარმომადგენლები. მსოფლიო კი არაფერს ამბობს და არაფერს აკეთებს.”
სააკაშვილის თქმით, ეს უკანონო ვითარება არა მხოლოდ საქართველოს ვნებს, ის უწყობს ხელს დამნაშავეობას, ტრეფიკინგს, ნარკოტიკებით ვაჭრობას, ტერორიზმს და დამნაშავეობის სხვა ფორმებს და, ამდენად, საერთაშორისო სტაბილურობასაც ვნებს. საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთის თანამშრომლობაზეც ილაპარაკა და თქვა, რომ ამ ქვეყანასთან კონსტრუქციულ და პოზიტიურ თანამშრომლობას მოელის. სააკაშვილისვე თანახმად, საქართველოს მთავრობას მიაჩნია, რომ ამ ქვეყნის მსოფლიოს მიერ აღიარებულ ტერიტორიაზე სრული კონტროლის აღდგენა მშვიდობიანი გზით უნდა მოხდეს.
საქართველოს პრეზიდენტმა გენერალურ ასამბლეას განუცხადა, რომ ამ პრობლემების მოგვარებაში უპირატესობა გაეროს უნდა მიენიჭოს. შემდეგ კი ჩამოთვალა ის სფეროები, რომელთა განვითარებაც გაეროში პირველი რიგის ამოცანას წარმოადგენს.
(სააკაშვილის ხმა)
“შევყურებ რა მომავალს, მსურს ოპტიმისტი ვიყო - ოპტიმისტი, იმიტომ რომ მწამს ამ დიადი უწყების ძალისა; ოპტიმისტი, იმიტომ რომ ვარ რეგიონიდან, სადაც დიდი პოტენციაა, სადაც აქტიური ლიდერები არიან და სადაც დღეს ასეთ ცვლილებებს და განვითარებას ვხედავთ.”

საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა: დემოკრატია ჩვენს რეგიონში განვითარების გზაზეა, ასევეა კეთილდღეობა და ორივეს სჭირდება უშიშროება და სტაბილურობაო. და ამისთვის კი, თქვა თავისი სიტყვის ბოლოს მიხეილ სააკაშვილმა, გვჭირდება უფრო მძლავრი, უფრო ეფექტური და უფრო აქტიური გაერო.
XS
SM
MD
LG