Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ხელისუფლება ჯარს ბირჟაზე აგროვებს, კურსანტებს კი ქუჩაში ყრის


საქართველოს სამხედრო ხელისუფლებამ პარასკევს

სამხედრო აკადემიიდან დაითხოვა 200-მდე მსმენელი, რომლებსაც ოთხწლიანი სწავლების შემდეგ ოფიცრის წოდება უნდა მიეღოთ. ეს იმდენად მოულოდნელი და შეურაცხმყოფელი გადაწყვეტილება აღმოჩნდა კურსანტებისა და მათი მშობლებისათვის, რომ მათ ეროვნული თავდაცვის აკადემიის წინ საპროტესტო აქცია მოაწყვეს. სამხედრო უწყების ხელმძღვანელობა კი გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს, ხოლო მსმენელების დათხოვნას არმიის ნატოს სტანდარტებზე გადასვლით ამართლებს. დღეს მინდა ხელისუფლების მიერ ბედის ანაბარად მიტოვებულ მომავალ ოფიცრებზე გესაუბროთ.

გასულმა კვირამ საქართველოს პრეზიდენტის პატრიოტული განცხადებების ფონზე ჩაიარა. სანამ ნიუ-იორკში, გაეროს 60 წლის საიუბილეო შეკრებაზე გაეშურებოდა, მიხეილ სააკაშვილმა “ახალგაზრდულ- პატრიოტული” ბანაკი მოინახულა და ბევრი ილაპარაკა სამშობლოს დაცვის აუცილებლობაზე. პრეზიდენტის ერთი ფრაზა კი განსაკუთრებით მიმზიდველად ჟღერდა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] “მე და ირაკლი ოქრუაშვილი დავდივართ ხშირად სოფლებში და ბირჟაზე ვხედავთ ასობით, ათასობით ახალგაზრდას. ირაკლი იძახის, 6 ათასი მაღალანაზღაურებადი ადგილი მაქვს ჯარში, რატომ არ მოდის ეს ხალხი ჯარშიო? ბირჟაზე დგომა ჯობია ფორმის ჩაცმას და თავისი ქვეყნის სამსახურს? აი, ამ დონემდე მიგვიყვანეს ჩვენ.”

ძნელი სათქმელია, თუ ვინ გაწირა ბირჟაზე დგომისათვის ის ახალგაზრდები, ვისზეც საქართველოს პრეზიდენტი წარსულ დროში ლაპარაკობდა, მაგრამ 16 სექტემბრის შემდეგ, სავარაუდოდ, ბირჟაზე, ანუ ქუჩაში, 300-მდე სამხედრო აკადემიის მსმენელი აღმოჩნდება გაყრილი. პარასკევს სამხედრო ფორმაში გამოწყობილი კურსანტები, რომლებმაც თავის დროზე ოფიცრის კარიერა აირჩიეს, თავჩაქინდრულნი და გაოგნებულნი ტოვებდნენ აკადემიის შენობას. მათ შორის იყო ჭიათურელი თემურ ნოზაძე. სამხედრო-საავიაციო ფაკულტეტის მეორე კურსის მსმენელმა, თანამებრძოლებთან ერთად, იმ დღეს შეიტყო, რომ ისინი ვეღარ გააგრძელებენ სწავლას უმაღლეს სამხედრო სკოლაში.

[კურსანტის ხმა] “ განწყობა, რა თქმა უნდა, ცუდი იყო, იმიტომ რომ აქ ოფიცრობის გულისთვის ჩავაბარე. აბა, აქ თუ ჩავაბარე, სხვა უმაღლეს სასწავლებელშიც ჩავაბარებდი - გინდ უნივერსიტეტში, გინდ “გეპეიში.”.. ეს მინისტრიო, გენშტაბის უფროსიო და მაგათი ბრძანებააო, რა ვიცი. ნატოს სტანდარტებზე რომ გადავიდეთ, ეს არის საჭირო ყველაფრისთვისო. შოკშია ხალხი ჯერ. რა უნდ ქნან, არ ვიცი. მე რა უნდა ვქნა, ისიც არ ვიცი.”(სტილი დაცულია)

სამხედრო-საავიაციო ფაკულტეტის ბედი გაიზიარეს სახმელეთო ფაკულტეტის მე-2 და მე-3 კურსის მსმენელებმაც. თავდაცვის სამინისტრო, აკადემიიდან დათხოვნის სანაცვლოდ, მათ სთავაზობს გაიარონ სპეციალური 3 თვიანი კურსები კრწანისის პოლიგონზე ან აირჩიონ სამოქალაქო სასწავლებლები, სადაც მოხვედრის გარანტიას მათ არავინ აძლევს. სამხედრო უწყების ასეთმა გადაწყვეტილებამ უკიდურესად აღაშფოთა კურსანტთა მშობლები. 16 სექტემბერს ისინი ხმამაღლა აპროტესტებდნენ თავიანთი შვილების სასწავლებლიდან დათხოვნის ფაქტს.

[მშობლების ხმა]

გადამდგარი მაიორი, სამხედრო კონფლიქტებში დაინვალიდებული კობა ობოლაშვილი კი, ვინც სამხედრო საქმის სიყვარული შვილსაც ჩაუნერგა, ჩვენთან საუბარში ცრემლებს ვერ იმაგრებდა:

[კობა ობოლაშვილის ხმა] “აბსოლუტურად ყველა ომში დაჭრილი ვარ. ახლაც, ამ ბოლო კონფლიქტში ცხინვალში, რომელსაც ომს არ ეძახიან, ამაშიც კი კონტუზია მივიღე და თავდაცვის სამინისტრო მათავისუფლებს კატეგორიით. და ჩემი შვილი მოვიყვანე და ჩავაბარე, რომ ჩემს მაგივრად დარჩეს კაცი, ვინც ამ ქვეყანას დაუცავდა და ვაჟკაცურად იომებდა ჩემს მაგივრად. და ესენი გარეთ მიგდებენ შვილს? მე ამათი რაღა უნდა მჯეროდეს? ამათ იცოდნენ, რომ ერთი მტერი, ჩემი სახით, კიდევ შეიძინეს.”(სტილი დაცულია)

კურსანტებს და მათ მშობლებს გამოესარჩლა სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართალი და თავისუფლება,” რომელიც ასევე უფასო იურიდიულ დახმარებას უწევს ყველა ჯარისკაცს და მათ მშობლებს. ამ ორგანიზაციის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა სამხედრო უწყების გადაწყვეტილებას უკანონო უწოდა და ასეთი კომენტარი გააკეთა:

[ირაკლი სესიაშვილის ხმა] “თავდაცვის სამინისტროს სჭირდება შენობები, სადაც დღესდღეობით ეს კურსანტები არიან განთავსებულნი, და იღებენ ყოვლად მარტივ გადაწყვეტილებას - ყოველგვარი თავის ტკივილის გარეშე აუქმებენ ამ ორ კურსს, რის შემდეგაც გამოუთავისუფლდებათ შენობები და იქ განთავსდებიან ის განყოფილებები და დეპარტამენტები, რომლებიც შედიან თავდაცვის სამინისტროში.”(სტილი დაცულია)

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო აკადემიიდან კურსანტების დათხოვნის ოფიციალური მიზეზის თაობაზე კომენტარი ჟურნალისტებთან არ გაუკეთებია. კურსანტების მშობლებს მხოლოდ აკადემიის უფროსი, პოლკოვნიკი კობა ლაჭყებიანი შეხვდა და აუხსნა, რომ აკადემია ნატოს სტანდარტებზე, ანუ ოფიცერთა ერთწლიანი სწავლების პროგრამაზე, გადადის. შესაბამისად, თუ კურსანტები გაივლიან სამთვიან მომზადებას საწვრთნელ პოლიგონზე, მათ შანსი ეძლევათ ჩაერთონ ამ ერთწლიან პროგრამაში. ასე რომ, კურსანტებს და მათ მშობლებს ერთი კვირის ვადა აქვთ მიცემული მოსაფიქრებლად. თავდაცვის სამინისტროსთან კი ყველაფერი გარკვეულია: ირაკლი ოქრუაშვილი თავისი გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG