Accessibility links

logo-print

დღეს ბიბლიოთეკაში, წინა გადაცემის მსგავსად, ქართულად თარგმნილ ერთ წიგნს წარმოგიდგენთ.


დავით პაიჭაძე, თბილისი დღეს ბიბლიოთეკაში, წინა გადაცემის მსგავსად, ქართულად თარგმნილ ერთ წიგნს წარმოგიდგენთ. ოღონდ ამჯერად ეს მხატვრული ტექსტი გახლავთ.

დავით პაიჭაძე გესაუბრებათ თანამედროვე ირანელი მწერლის, გოლი თარაყის, პროზაულ კრებულზე “სახლი ზეცაში”. გოლი თარაყის მოთხრობები თარგმნეს მზია ბურჯანაძემ და თეა შურღაიამ. წიგნი დასტამბა გამომცემლობა “დიოგენემ”.

[გოლი თარაყის ციტატა] “მრავალტომიანი რომანის დაწერა ჩემს ძალებს აღემატება. ჩემი პროზა დაწურულია და პოეტური, ამიტომაც ნოველა ჩემთვის იდეალური ფორმაა. წერა ჩემთვის ერთგვარი ფსიქოანალიზია. მით უფრო, რომ ჩემი ნაწარმოებები ძალზე შინაგანია და, რაც დრო გადის, თვითცენზურის პრობლემა ჩემთვის სულ უფრო ნაკლებად დგას. პროზა სადა და სასიამოვნო უნდა იყოს, მკითხველს ტანსაცმელივით უნდა მოერგოს და არ უნდა ემსგავსოს მწვერვალს, რომელზეც მას ყოველ ჯერზე ასვლა და იქიდან ჩამოვარდნა უხდება.”

ასე ფიქრობს თანამედროვე ირანელი მწერალი ქალი გოლი თარაყი, რომლის კრებულიც “სახლი ზეცაში” ქართველმა მთარგმნელებმა შეადგინეს. თავად გოლი თარაყის მოთხრობათა ამ თანმიმდევრობით არც ერთი წიგნი არ გამოუცია. ცხადია, შემეძლო წიგნის ქართულ ენაზე მთარგმნელთათვის მეკითხა, როგორ შეარჩიეს სათარგმნი ტექსტები, ან თუ არსებობს რამდენიმე ძირითადი მოტივი, რომელიც ამ მოთხრობებს განწონის… მაგრამ აზრის გაზიარება მაინც მკითხველს, ოღონდ პროფესიონალ მკითხველს გიორგი ლობჟანიძეს, ვთხოვე. გიორგიმ იცის სპარსული ენა, მუშაობს კავკასიური სახლის აღმოსავლური განყოფილების გამგედ და გოლი თარაყისაც შეხვედრია ამას წინათ მწერლის თბილისში ყოფნისას.

[ლობჟანიძის ხმა] “თარაყი არაორდინალური მწერალია იმ გაგებით, რომ ირანში დაიბადა, გაიზარდა, მაგრამ ძალიან დიდი ხანია ცხოვრობს ევროპაში და თავად ამბობს, მე ვარ ორი ქვეყნის საზღვარზე მდგომი ადამიანიო. ეს გულისხმობდა დასავლეთსა და აღმოსავლეთს. ანუ ამ მწერალს რაღაცნაირი ხიდის ფუნქცია აკისრია. ბუნებრივია, დასავლეთისა და აღმოსავლეთის ურთიერთობის მოტივი გამჭოლ თემად გასდევს მთელ მის შემოქმედებას. მისი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, გოლი თარაყისთან აქტუალურია სამშობლოს მონატრების მოტივი, ოღონდ არა ბანალური გაგებით, არამედ, როგორ ხედავს უცხოეთში წასული მწერალი შორიდან თავის სამშობლოს.”

გოლი თარაყის შესახებ მე ვესაუბრე ნინო ლეჟავასაც - თბილისში ჰაინრიხ ბიოლის ფონდის თანამშრომელს. სწორედ ბიოლის ფონდის დაფინანსებით ეწვია თარაყი თბილისს მიმდინარე წელს. ნინოს ვკითხე, მოთხრობათა წაკითხვამდე თუ ჰქონდა რაიმე მოლოდინი და რამდენად გამართლდა ის.

[ნინო ლეჟავას ხმა] “მე მქონდა მოლოდინი ირანელი მწერალი ქალების გარკვეული სტერეოტიპიდან გამომდინარე. უფრო სწორად, მათ ათავსებენ დღეს ასეთ სტერეოტიპში და ისინიც, რათა მკითხველსა და საზოგადოებას გააგონონ თავიანთი ხმა დასავლეთში, ამ კლიშეს მომსახურებას ეწევიან. იგივე აზა ნაფიზი, შირინ ებადი (ნობელის პრემიის ლაურეატი) “იყიდება”, შეიძლება ვცდები, ფემინისტური ლოგოთი. გოლი თარაყისგანაც მქონდა რაღაც მებრძოლი თემატიკის მოლოდინი. ასე არ აღმოჩნდა. მას ჰყავს მამაკაცი პერსონაჟები, რომელთა მიმართ არ გიჩნდება გაუცხოების ან ხელოვნურობის გრძნობა. სხვა შინაარსს ველოდი და სხვა მივიღე, ასევე საინტერესო.”

ნინო ლეჟავას აზრს ეხმიანება გიორგი ლობჟანიძეც. საუბრის დროს გიორგი ირანულ კინოს ახსენებს და აღნიშნავს, ის დასავლეთში იმიტომაც არის პოპულარული, რომ დასავლეთი მასში ხედავს ისეთ ირანს, როგორიც უნდა, რომ დაინახოსო. ასეთი შეფასება, გარკვეულწილად, გოლი თარაყის შემოქმედებასაც ეხება, ამბობს გიორგი ლობჟანიძე, მაგრამ თარაყი, ამავე დროს, ძალიან გულწრფელია და ცდილობს, ყოველთვის გაუგოს ადამიანს.

[ლობჟანიძის ხმა] “ყოველ შემთხვევაში, როცა ამ მოთხრობებს კითხულობ, ძალიან ბევრი რამ არის ახლობელი, იმიტომ რომ აქ ყველაფერი - თუნდაც ირანში ხდებოდეს მოქმედება, თუნდაც საფრანგეთის აეროპორტში ან სხვაგან - მხოლოდ ფონია.”

მსმენელისა თუ მკითხველისათვის, შესაძლოა, საგულისხმო იყოს თავად გოლი თარაყის მოსაზრება ზემოთ მონიშნულ თუ სხვა ოპოზიციებზე.

[გოლი თარაყის ციტატა] “ჩემთვის შემოქმედების რაღაც ეტაპზე სქესის - ქალისა და კაცის, დასავლელისა და აღმოსავლელის საკითხი საერთოდ აღარ დგას. ჭეშმარიტ შემოქმედებაში არ არსებობს ამგვარი დაყოფა, ნამდვილი ხელოვნება ამგვარ ცნებებზე მაღლა დგას. მხატვრული ღირებულების ხელოვნების ნიმუშის შექმნაში ქალი და კაცი თანაბარია. იქმნება ინისა და იანის, ქალისა და კაცის, სიბნელისა და ბოროტების, ჩემი და აჩრდილის ერთგვარი ერთობა. იქ უკვე აღარ არის საუბარი ქალსა და მამაკაცზე, ამგვარ საკითხებზე.”

გოლი თარაყის შემოქმედება ორ, არცთუ პირობით ნაწილად შეიძლება დაიყოს: პროზა, რომელიც შექმნა 1979 წლის რევოლუციამდე და რევოლუციის შემდგომი, ემიგრაციის პერიოდის პროზა. გიორგი ლობჟანიძემ უკვე შენიშნა ნოსტალგიის მოტივი თარაყის შემოქმედებაში, რაც, ბუნებრივია, 80-იანი წლებიდან ჩნდება. მაგრამ როგორი იყო მისი პროზის მოტივები და პრობლემატიკა მანამდე? პასუხად გიორგი ლობჟანიძე იხსენებს თავის შეხვედრას გოლი თარაყისთან, როცა მან უამბო, თუ როგორ დაიწყო წერა. ეს მომხდარა, გიორგის გადმოცემით, 60-იან წლებში, უდიდესი ირანელი პოეტი ქალის, ფორუღ ფაროხზადის, წაქეზებით:

[ლობჟანიძის ხმა] “თეირანში იყო კაფე ჩათანუფა, სადაც იკრიბებოდნენ იმდროინდელი მწერლები და ინტელექტუალური საზოგადოება. თარაყი მოჰყვა, ერთხელ ამ კაფეში მივედი და დავინახე მოხუცი ქალი, რომელსაც რადიო მიედო ყურზე, ისმენდა, მთლიანად რადიოში იყო ჩაფლული და ამ ქვეყნისა არ იყოო. მე უცებ მივხვდი, რომ ამ ქალისთვის რადიოა მთელი სამყარო. ამ ქალში, როგორც სარკეში, ისე ჩავიხედე, ჩემი მომავალიც განვჭვრიტე და შემზარა ამ პერსპექტივამ. ეს ამბავი მოვუყევი ფორუღ ფაროხზადს და მითხრა, ეს უკვე ნოველააო. დაიჟინა, რომ უნდა დამეწერა. მე ვუთხარი, მწერალი არ ვარ და ა.შ., როგორც ხდება ხოლმე. მაგრამ საბოლოოდ ნოველა დაიწერა და ასე დაიწყო გოლი თარაყის შემოქმედება. ანუ ეკზისტენციალური პრობლემატიკა, რომელიც მერე უფრო გამოიკვეთა და გამდიდრდა სხვადასხვა ელფერით, მისთვის თავიდანვე იყო დამახასიათებელი და სიღრმისეულად იაზრებდა ამ პრობლემას.”

არათუ თანამედროვე, არამედ მთლიანად მე-20 საუკუნის ირანი არსებითად უცნობი ქვეყანა იყო საქართველოსთვის. უცნობი იყო მისი კულტურა, მისი ლიტერატურა. გიორგი ლობჟანიძე აღნიშნავს, რომ, აღმოსავლეთმცოდნეობის ქართული სკოლის სიძლიერის მიუხედავად, ქართველი ირანისტები უფრო ძველ სპარსულ მწერლობასა და სპარსულ-ქართულ ლიტერატურულ ურთიერთობებს იკვლევდნენ და მეოცე საუკუნის თითო-ოროლა ირანელი მწერლის სახელი აქა-იქ თუ გაკრთებოდა. თანამედროვე სპარსეთი ახლაღა ხდება მისაწვდომი ჩვენთვის.

[ლობჟანიძის ხმა] “დღემდე არსებობს მითი ევროპაშიც კი, რომ სპარსული ლიტერატურის მთელი დიდება დარჩა შუა საუკუნეებში და ახლა იქ აღარაფერი არ იქმნება ან შეუძლებელია შეიქმნას. სინამდვილე სრულიად სხვაგვარია. დღევანდელი სპარსული მწერლობა არნახულ აღმავლობას განიცდის. გოლი თარაყი არ არის გამონაკლისი. აქ მიმდინარეობს ძალიან მნიშვნელოვანი მხატვრული ძიებები როგორც ფორმის, ისე შინაარსის მხრივ და, სამწუხაროდ, ქართველ მკითხველს არა აქვს საშუალება, გაეცნოს ამას. თუ გავითვალისწინებთ მთარგმნელობით პოტენციალსაც, ეს ყველაფერი დალაგდება უახლოეს ხანში და უფრო სრულ სურათსაც დავინახავთ. ეს მნიშვნელოვანია როგორც ლიტერატურული კუთხით, ასევე თვითონ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესწავლის თვალსაზრისით.”

მოდი, აქ დავასრულოთ ჩვენი გადაცემა. შეგვეძლო არაერთი თბილი სიტყვა გვეთქვა მთარგმნელთა ქართულზე, მაგრამ თუ გოლი თარაყის წიგნის წაკითხვას ისურვებთ, ამ სიტყვებს თავადაც იტყვით.
XS
SM
MD
LG