Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პატრიოტიზმი არამზადების უკანასკნელი თავშესაფარიაო


პატრიოტიზმი არამზადების უკანასკნელი თავშესაფარიაო,

- ბრძანა ჯერ კიდევ მეჩვიდმეტე საუკუნეში სამუელ ჯონსონმა. ვინ აღარ გაიმეორა მას შემდეგ ეს სიტყვები: მარკ ტვენმა - ამერიკაში, ფლობერმა - საფრანგეთში, ლევ ტოლსტოიმ - რუსეთში.

საქართველოს პრეზიდენტს სამუელ ჯონსონის სიტყვები გაუგია, ალბათ... მაგრამ ისიც იცის, რომ ვიღაც ინტელექტუალთა ნააზრევით საქართველოში მასებს ვერ მოხიბლავ. ხომ წარმოგიდგენიათ, რა ატყდებოდა, ახალგაზრდა პატრიოტების ფორუმზე მიხეილ სააკაშვილს ჯონსონის, მარკ ტვენის ან, თუნდაც, ”რუსული რევოლუციის სარკის”, ლევ ტოლსტოის, ციტირებისთვის რომ მიემართა.

თუმცა მაინც ატყდა ერთი ამბავი: ოპოზიციამ, რომლის ერთ ნაწილს ნამდვილად არ ეხატება გულზე სამუელ ჯონსონის სიტყვები, პატრიოტთა ფორუმი ახალგაზრდა გერმანელი ნაცისტების თავყრილობას შეადარა. თუმცა, ყურადღებით თუ დავუკვირდებით ”ფორუმის” და მისი დასრულების შემდეგ თავისუფლების მოედანზე გამართული კონცერტის რიტორიკას, ასეთი ანალოგია მეტისმეტად უხეშად მოგვეჩვენება. ახალგაზრდა ნაცისტები, ისევე როგორც კომკავშირლები, თავიანთ დღესასწაულებზე კლასიკურ წესრიგს, სიმეტრიას ანიჭებდნენ უპირატესობას, აქ კი აქცენტი იმპროვიზაციაზე, უშუალობაზე გაკეთდა, ბავშვურ გართობაზე, რომელსაც ”პატრიოტობანას თამაში” შეიძლება ვუწოდოთ.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა]”აგერ არის საქართველოს მთავრობისთვის გამოყოფილი ადგილები, რომელიც რატომღაც ცარიელია, მე ვთხოვ პატრიოტებს, დაიკავონ ეს ადგილები!”

მთავრობა არ მოვიდა. არადა, საინტერესო იქნებოდა კახა ლომაიას, კახა ბენდუქიძის ან, თუნდაც, კულტურის მინისტრის რეაქცია ამ ღონისძიებაზე, პრეზიდენტის მიერ ფიცად თუ ლოცვად ქცეულ ”მშობლიურო ჩემო მიწავზე”, წამყვანის შეძახილებზე.

[წამყვანის ხმა] ”პატრიოტებო... გინდათ კიდევ ბანაკში? გინდათ მშვიდობა? ტერორიზმი? ნარკომანია? სპორტი, გაერთიანებული საქართველო? საქართველო გაბრწყინდება!”

კლასიკური წესრიგი და სიმეტრია არ იყო, მაგრამ იმისათვის, რომ ფორუმი დისკოტეკად არ გადაქცეულიყო, იმისათვის, რომ შექმნილიყო მითი, რომელიც, მოგეხსენებათ, ძალიან უყვართ ბავშვებს (და არა მარტო ბავშვებს - ქვეყნის პირველ პირებსაც), აუცილებელი გახდა მტრის სახე...თანაც არაერთი. პირველი მტერი - შევარდნაძის ხელისუფლება აღმოჩნდა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”არ ჰქონდათ ქართული სისხლის, ქართული ჯილაგის, ქართული სიამაყის განცდა... ერთხელ და სამუდამოდ ჩვენ ყველამ ჩავრეცხეთ ისინი!”

საქართველოს პრეზიდენტი, რომელსაც მარკ ტვენი და ტოლსტოი წაკითხული აქვს, რა თქმა უნდა, არ ესწრებოდა წინა ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ პატრიოტულ ღონისძიებებს... რომ დასწრებოდა, არ იტყოდა ”ქართული ჯილაგის”, ”ქართული სიამაყის” განცდა არ ჰქონდათო. ჩვენ ახლა შევარდნაძის ხელისუფლების ერთ-ერთი ასეთი ღონისძიების ჩანაწერს შემოგთავაზებთ:

[შევარდნაძის ეპოქის პატრიოტული ღონისძიების ფრაგმენტი] ”იქმნა დიდგორი, ვითარცა სიმბოლო ერთიანი საქართველოსი”...”მოღალატენი სჭარბობდნენ ერთგულებს.”

ასე რომ, ”ჩავრეცხეთო”, ამბობს მიხეილ სააკაშვილი ”პირველ მტერზე”, მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს ”პირველი მტერი” არათუ არ ჩაირეცხა, პირიქით, გარკვეული თვალსაზრისით, აღორძინდა კიდეც სპორტის სასახლეში გამართულ ფორუმზე. ახლა ”მეორე მტერი” ვნახოთ:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”შენ თვითონ რას აკეთებ, გარდა იმისა, რომ ქილიკობ, გვაკრიტიკებ, გვლანძღავ?”

ბატონი პრეზიდენტი აქ იმ ხალხზე ლაპარაკობს, ბორჯომის ახლად გახსნილი პარკი რომ არ მოეწონა... თუმცა, ცხადია, აქ, ზოგადად, კრიტიკოსებს გულისხმობს, ქილიკის მოყვარულებს.

გაგახსენებთ, რომ ნაცისტების გერმანიაში კრიტიკის უფლება მხოლოდ პარტიას ჰქონდა. ”ფოლკიშე ბეობახტერში” გებელსი წერდა, რომ არ დაუშვებს ეგრეთ წოდებულ მხატვრულ კრიტიკას და ქილიკის მოყვარულებს ტრიბუნას წაართმევს.

საქართველოში, საბედნიეროდ, ჯერ კიდევ გვაქვს ტრიბუნა კრიტიკოსებს, ჯერ კიდევ არავინ გვიშლის შევაფასოთ პატრიოტთა ფორუმის დასრულებისთანავე გამართული კონცერტი ”თავისუფლების მოედანზე”. თუმცა ახალი რა უნდა ეთქვათ ან რა უნდა ემღერათ, როცა ძველის ”ჩამორეცხვა” აქაც ვერ მოხერხდა... ისევ ფონოგრამაზე მღეროდნენ და ისევ ერთსა და იმავეს იმეორებდნენ: ”არ მინდა შენთან განშორება”, ”როცა შენ გშორდები, გული სევდას ვეღარ იტევს”, ”ჩამეძინა შენზე ფიქრში” და ა.შ. ბუკა მანაგაძეს იმ დროს, როცა მღეროდა ”ნეტავ კარგო, რატომ გაჩნდი ჩემს ოთახშიო”, მოულოდნელად შეაწყვეტინეს - სცენაზე მიხეილ სააკაშვილი ავიდა. პრეზიდენტი აქ უფრო თავისუფლად გრძნობდა თავს: მის გვერდით ხომ არა ქართული საესტრადო ელიტა იყო, შევარდნაძეს რომ უმღეროდა ყოველთვის, არამედ პატრიოტი თინეიჯერები, უფრო მარტივად რომ მღერიან, უფრო გასაგებად რომ ამბობენ თავიანთ სათქმელს, რომ არ ქილიკობენ. ასეთ იმპროვიზებულ ჰარმონიაში დისონანსი მხოლოდ ლექს-ენმა შემოიტანა:

[ლექსენის ხმა]”ზოგჯერ აზროვნება ცხოვრებას ცვლის”...

ზოგჯერ აზროვნება ცხოვრებას ცვლის, გამგები გაიგებს რას ვამბობო, - მღეროდა ლექს-ენი, რომელსაც ”თავისუფლების მოედანზე” ფეხიც ააყოლეს და ხელიც, თუმცა, საეჭვოა, მისი სიტყვების გააზრებისთვის აქ დრო დაეკარგათ. არც ”სეფას ბიჭების” სიტყვებისთვის მიუქცევიათ ყურადღება. ”პატრიოტთა” კონცერტზე ხომ არა სიტყვა, არამედ რიტმი იყო მთავარი:

[“სეფას ბიჭების” ხმა] ”ძვირფასო, ნუ მისტირი ბავშვობის უდარდელ დღეებს.”

ბავშვობის უდარდელ დღეებს ბევრი მისტირის. ”პატრიოტები” - გასულ ზაფხულს, ბანაკებში გატარებულ დღეებს მისტირიან, უკვე მოზრდილი პატრიოტები კი ბავშვობაში ლივლივებენ და გვპირდებიან, რომ უახლოეს ხანში ზღაპარი ისე დასრულდება, როგორც ყველა ზღაპარი სრულდება ხოლმე:

[“სეფას ბიჭების” ხმა] ”ჩვენთვის დიდი პატივი იყო, რომ მივიღეთ ამ პროექტში მონაწილეობა, ჩვენი სურვილია ამ სიმღერით დავიძრათ სოხუმში, შევიდეთ სოხუმში.”

[მუსიკა]

ეს ისევ ”სეფას ბიჭებია”. ცოტა სევდიანი ხომ არ არის ეს სიმღერა იმისთვის, რომ სოხუმში შევიდეთ? რატომ ასეთი რომანტიკული სიმღერა და არა, მაგალითად, სამხედრო მარში ან ჰიმნი? და, რაც მთავარია, რატომ რუსულ და არა ქართულ ან, თუნდაც, აფხაზურ ენაზე?

ამ კითხვებზე პასუხი არ არის. რას გაუგებ ბავშვებს და ბავშვობაში დარჩენილ პატრიოტებს?
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG