Accessibility links

logo-print

შეთანხმება ძალაშია, ოთხი ოპოზიციური პარტია შუალედური არჩევნებისთვის პრაიმერში გამარჯვებულ კანდიდატებს დაუჭერს მხარს


პრაიმერი, იგივე წინასწარი არჩევნები, შედგა. ამ არჩევნების შედეგები უკვე ცნობილია და ცნობილია ისიც, რომ ოთხი ოპოზიციური ძალა შუალედურ არჩევნებზე

წინასწარ არჩევნებში გამარჯვებულ კანდიდატებს შეთანხმებულად დაუჭერს მხარს. პარლამენტის შუალედური მაჟორიტარული არჩევნების წინ ოპოზიციის კოორდინირებულ ქმედებას მიესალმა პრეზიდენტი. ”ამ გზით უმრავლესობამ პარლამენტში შეიძლება მიიღოს პასუხისმგებლობის მქონე ოპონენტი და მოკავშირე მთავარ საკითხებში,” - აცხადებს ის. რა შედეგები აჩვენა პრაიმერმა, როგორ ჩატარდა ის და რას აპირებს 4 ოპოზიციური ძალა შუალედური არჩევნებისთვის?

პარლამენტის შუალედური მაჟორიტარული არჩევნები პირველ ოქტომბერს 5 ოლქში - ბათუმში, ქობულეთში, ტყიბულში, შუახევსა და თბილისის ისნის რაიონში - ჩატარდება. წინასწარი არჩევნებიც სწორედ აღნიშნულ ოლქებში ჩატარდა, გარდა ქობულეთისა , რადგან წინასწარი არჩევნების შესახებ შეთანხმებაში მონაწილე ძალები შეთანხმდნენ ქობულეთში კონკურსგარეშე დაეჭირათ მხარი კონსერვატიული პარტიის კანდიდატისთვის. ერთი სიტყვით, წინასწარი არჩევნები 4 ოლქში ჩატარდა: ბათუმში, შუახევში, ტყიბულსა და თბილისის ისნის რაიონში. ბათუმში წინასწარ არჩევნებში კონსერვატიული პარტიისა და პოლიტიკური მოძრაობა ”თავისუფლების” კანდიდატები იღებდნენ მონაწილეობას, გაიმარჯვა კონსერვატიული პარტიის წარმომადგენელმა. ტყიბულში ძალები კონსერვატორებისა და მემარჯვენე ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოსინჯეს, გამარჯვებული მემარჯვენეების კანდიდატურა დარჩა. შუახევში მემარჯვენე ოპოზიციის კანდიდატმა ”თავისუფლების” კანდიდატი დაამარცხა, ისნის რაიონშიც გამარჯვება მემარჯვენეებს ხვდათ წილად, აქ მათ კანდიდატურას კონსერვატიული პარტიის წარმომადგენელი უპირისპირდებოდა. კონსერვატული პარტიის, მოძრაობა “თავისუფლებისა” და მემარჯვენე ოპოზიციის გარდა, წინასწარი არჩევნების შესახებ შეთანხმებაში ლეიბორისტული პარტიაც მონაწილეობს, თუმცა ლეიბორისტების კანდიდატებს არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღიათ.

[კობა დავითაშვილის ხმა] ”მაღალი აქტივობა იყო ჩემთვისაც მოულოდნელად. აშშ-ში პრაიმერში 3 პროცენტზე მეტი არ მოდის. ბევრად მეტი მოვიდა. რეკორდსმენი იყო ტყიბული, სადაც ყოველი მეხუთე ამომრჩეველი მოვიდა არჩევნებზე. ”

კონსერვატიული პარტიის ლიდერი კობა დავითაშვილი ფიქრობს, რომ ამომრჩევლის აქტიურობა წინასწარ არჩევნებზე ხელისუფლების პოლიტიკით მოსახლეობის უკმაყოფილების მატებასა და ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატის ზრდაზე მეტყველებს.

წინასწარ არჩევნებზე ამომრჩევლის აქტივობით მოხიბლულია მემარჯვენე ოპოზიციის წარმომადგენელი მამუკა კაციტაძეც. მისი თქმით, ამომრჩევლის აქტივობის მაჩვენებელი შუახევსა და ტყიბულში 30 პროცენტს გაუტოლდა, ბათუმში - 4-5 პროცენტს, თბილისის ისნის რაიონში კი - 7 პროცენტს. ”თუ გავითვალისწინებთ, რომ წინასწარ არჩევნებზე ამომრჩევლის დაბალ, 3-5 პროცენტიან, აქტივობას ელიან, ჩვენი მაჩვენებლები მაღალიც კი არის,” - ამბობს ის. რა იქნება ამის შემდეგ? ამ შეკითხვას მამუკა კაციტაძე უპასუხებს:

[მამუკა კაციტაძის ხმა] ”პრაიმერში მონაწილე ოთხივე ორგანიზაცია ერთ გამარჯვებულ კანდიდატს დაუჭერს მხარს და დავდგებით ერთიანი ფრონტით სახელისუფლებო კანდიდატების წინააღმდეგ.”

წინასწარი არჩევნების შესახებ შეთანხმებაში, რომელსაც 4 ოპოზიციური ძალის ლიდერები აწერენ ხელს, ნათქვამია: ” გამარჯვებულ კანდიდატებს მხარდაჭერას საჯაროდ უცხადებენ შეთანხმების მონაწილე პარტიების ლიდერები, მათთან ერთად - ამ პარტიების შესაბამისი ადგილობრივი ორგანიზაციების ლიდერები და წინასწარ არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიები.” შეთანხმება ძალაშია, რაც ნიშნავს იმას, რომ პრაიმერით გამოვლენილი ოპოზიციის ყველაზე ძლიერი კანდიდატები შუალედურ არჩევნებამდე და არჩევნებზე პარტნიორი ოპოზიციური ძალების ერთიანი მხარდაჭერით ისარგებლებენ. პრეზიდენტმა ოპოზიცია ასეთი კოორდინირებული მოქმედების გამო შეაქო, თუმცა წინასწარი არჩევნების ჩატარებისთანავე შუახევში გამგზავრება გადაწყვიტა უმრავლესობის წარმომადგენელმა მიხეილ მაჭავარიანმა. ოპოზიციაში ეჭვობენ, რომ მას წინასწარ არჩევნებზე შუახეველების აქტიურობის გამო ადგილობრივი პარტიული აქტივისტების დატუქსვა უნდა ჰქონოდა ჩაფიქრებული.
XS
SM
MD
LG