Accessibility links

რუსული პრესის მიმოხილვა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი დღევანდელი რუსული მედიის ყურადღების ცენტრში, რაღა თქმა უნდა, ცხინვალში თვითაღიარებული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მოექცა.

როგორც გამოცემა „გაზეტა“ შენიშნავს, მართალია, დღესასწაული სროლის ქვეშ წარიმართა, მაგრამ სტუმრები და მხარდამჭერები ცხინვალში მაინც ჩავიდნენ. რუსული პრესის ერთ პუბლიკაციაზე მინდა გესაუბროთ.

სააგენტო „რეგნუმის” ცნობით, 2005 წელი საიუბილეო ოთხი თვითაღიარებული რესპუბლიკისთვის აღმოჩნდა - დნესტრისპირეთისა და მთიანი ყარაბახის შემდეგ, დამოუკიდებლობის მე-15 წლისთავს სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკაც აღნიშნავს. რა წარმატებებს მიაღწია ცხინვალის ხელისუფლებამ, რა პრობლემების მოგვარება ელის წინ, რას გეგმავს ცხინვალის ხელისუფლების ლიდერი ედუარდ კოკოითი საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე? - ამ კითხვებზე პასუხის გაცემას „რეგნუმი“ ცდილობს. კერძოდ:

"არაღიარებული რესპუბლიკის რუსეთზე ორიენტაცია თვალსაჩინოა - ბოლო 2 წლის მანძილზე, უფრო ზუსტად კი, ხელისუფლებაში ედუარდ კოკოითის მოსვლის შემდეგ, სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა რუსეთის მოქალაქეობა მიიღო. ეს პროცესი, ადგილობრივი პოლიტიკოსების განცხადებით, 2005 წელს დასრულდება. ცხინვალში ეს საჩოთიროდ არ მიაჩნიათ, რადგან, რუსეთის დუმის მიერ მიღებული კანონით, რომელიც საზღვარგარეთ თანამემამულეთა მხარდაჭერას ისახავს მიზნად, ყოფილი საბჭოთა კავშირის მოქალაქეებს, ვისაც არ სურს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღება, აქვთ უფლება, გახდნენ რუსეთის მოქალაქეები. თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის კონსტიტუცია კი ორმაგი მოქალაქეობის უფლებას იძლევა. მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა ხელისუფლების საკადრო პოლიტიკაშიც - ხელისუფლებაში მოდიან უშუალოდ რუსეთიდან ჩამოსული ადამიანები - მაგალითად, თავდაცვის მინისტრი ანატოლი ბარანკევიჩი, შინაგან საქმეთა მინისტრი მიხეილ მინძაევი, მთავრობის მეთაური იური მოროზოვი. საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით ოფიციალური თბილისის პროტესტს ცხინვალში დამაჯერებლად უპასუხებენ: თუ საქართველოს მთავრობაში საგარეო საქმეთა მინისტრი საფრანგეთის მოქალაქეა, რატომ არ შეიძლება ცხინვალის ხელისუფლებაში რუსეთის მოქალაქეები იყვნენ?"

ალბათ, ყველაზე საინტერესოდ გამოიყურება ცნობები იმის თაობაზე, თუ როგორია თავად შიდაპოლიტიკური განწყობილება თვითაღიარებულ რესპუბლიკაში. როგორც “რეგნუმი” ირწმუნება, კოკოითის იქ ოპოზიცია არა ჰყავს. და აი, რატომ:

"დღეს ცხინვალში პრეზიდენტის ძლიერი ხელისუფლებაა. კოკოითის მიღწევები - ხელფასებისა და პენსიების ზრდა, რუსეთის მოქალაქეობის მინიჭება, ტრანსკავკასიური მაგისტრალის შეკეთება - კოკოითის რეიტინგის ზრდას იწვევს. შესაბამისად, დღეს მას მეტ-ნაკლებად გავლენიანი მოწინააღმდეგე თავად თვითაღიარებულ რესპუბლიკაში არა ჰყავს. ერთიც ფაქტია: როცა არც ომის პირობებში გიწევს ცხოვრება და არც მშვიდობის, იძულებული ხდები, გარეშე აგრესიის თავიდან ასაცილებლად ლიდერის ირგვლივ გაერთიანდე. შესაბამისად, დღეს კოკოითის ხელისუფლებას საფრთხე არ ემუქრება, თუ მან სერიოზული შეცდომა არ დაუშვა საგარეო პოლიტიკაში, რადგან თვითაღიარებული რესპუბლიკის შიდა ვითარება მთლიანად მის საგარეო პოლიტიკაზეა დამოკიდებული."
XS
SM
MD
LG