Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტი კონფლიქტის ზონებში სამშვიდობო მანდატის შეცვლის მოთხოვნას დააყენებს


მაშინ, როცა ოს და აფხაზ სეპარატისტთა ლიდერები რუს პოლიტიკოსებთან ერთად თვითაღიარებული სამხრეთი ოსეთის დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობენ,

საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლება ამზადებს ნიადაგს კონფლიქტის ზონაში “სტატუს-ქვოს” შესაცვლელად. დადგენილება, რომლის პროექტზეც პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე კოტე გაბაშვილი მუშაობს, პლენარულ სესიაზე განსახილველად მომდევნო კვირაში გავა და, როგორც რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის შემთხვევაში იყო, კიდევ ერთხელ გააერთიანებს ოპოზიციას და უმრავლესობას, რომლებიც ბოლო ხანს იშვიათად პოლულობენ საერთო ენას.

“დადგენილება კონფლიქტის ზონაში შექმნილი ვითარებისა და რუსეთის სამშვიდობო ძელებსი შესახებ”, ასე ჰქვია დოკუმენტს, რომელზეც საქართველოს საკანონდებლო ორგანოში ერთი ადამიანი, საგარეო საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე კოტე გაბაშვილი მუშაობს. მან ჯერ არ იცის, საბოლოოდ რა სახეს მიიღებს დადგენილება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მისი განხილვის შემდეგ. თუმცა, კოტე გაბაშვილი დარწმუნებულია, რომ მასში აუცილებლად აისახება სამი ძირითადი პუნქტი, რომლის განხორციელებაზეც საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისმა სტრუქტურებმა უნდა დაიწყონ მუშაობა.

[კოტე გაბაშვილის ხმა] “ჯერ ეს ერთი, უნდა იყოს რეალობის გარკვევა - სამშვიდობო პროცესზე მართლა თანახმაა თუ არა რუსეთი, თუ ეს არის ფარული, თუ ღია ანექსია, როგორც გინდა ისე დავარქვათ, რომელსაც რუსეთი ახორციელებს ამ ორი ტერიტორიის მიმართ. უნდა იყოს გარკვეული ვადა გამოყოფილი იმისათვის, რომ გამოსწორდეს ვითარება. თუ არა და უნდა იყოს სასწრაფოდ დაწყებული გაეროში, ეუთოში, დსთ-ში, ყველა დონეზე, სადაც ჩვენ სამშვიდობო ინფრასტრუქტურა გვაქვს.” [სტილი დაცულია]

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ასევე აუცილებლად თვლის მოლაპარაკებების დაწყებას, რათა შეიცვალოს სამშვიდობო ძალების ფორმატი და შემადგენლობა, სამშვიდობო პროცესში საქართველოს პარტნიორი ქვეყნების სამხედრო კონტინგენტების ჩართვით.

[კოტე გაბაშვილის ხმა] “თურქეთს თავისი მონაწილეობა აუცილებლად უნდა ჰქონდეს, იმიტომ, რომ ჯერ ეს ერთი, მეზობელია და, მეორეც ერთი, გარკვეული გამოცდილება და ზურგიც აქვს საიმისოდ, რათა რაღაცეები აკეთოს. უკრაინა ძალიან საინტერესეო მოთამაშე ხდება, შავი ზღვის პარტნიორები ძალინ საინტერესო მოთამაშეები არიან. არ არის გამორიცხული, ევროკავშირის მხრიდან გარკვეული ნაბიჯები იქნას გადადგმული.”

კოტე გაბაშვილი არ მალავს, რომ ასეთი დადგენილების მიღების იდეა მას უკარნახა გაეროს მე-60 სესიაზე საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლამ, რომელშიც, პარლამენტარის თქმით, პირველად იყო ნათქვამი, რომ ხდება საქართველოს ტერიტორიების ინტენსიური ანექსია. პარლამენტის დადგენილებამაც საქართველოს მთავრობას შესაძლებლობა და სტიმული უნდა მისცეს, რომ საერთაშორისო დონეზე დაიწყოს სამშვიდობო პროცესის გააქტიურება აფხაზეთსა და თვითაღიარებულ სამხრეთ ოსეთში. ასეთი დადგენილების ტექსტს, სავარაუდოდ, მხარს დაუჭერს საპარლამენტო ოპოზიცია. მით უფრო, რომ როგორც “კონსერვატორთა” ფრაქციის წევრი კახა კუკავა ამბობს, რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანის მოთხოვნა თავის დროზე სწორედ ოპოზიციიდან წამოვიდა.

[კახა კუკავას ხმა] “მე არ მესმი, თუ რა ეფექტს ვღებულობთ ჩვენ ამ სამშვიდობო ძალების მხრიდან? მუდმივად იყო, მე მახსოვს, ეს კომიკურადაც იქცა შევარდნაძის დროს, დაპირებები, რომ აი, ამ ზაფხულს იქნება დაბრუნება, აი, მომავალ შემოდგომაზე დავბრუნდებით. ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ არანაირი რეალური გეგმა არ არსებობს. მე მგონია, რომ ჩვენ მოვითხოვოთ სამართლებრივი გზით, მოვთხოვოთ რუსეთს, რომ დატოვოს ეს ტერიტორია.”

საქართველოს წინა მოწვევის პარლამენტში რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანის თაობაზე ორი დადგენილება იქნა მიღებული, მაგრამ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ პარლამენტარების მოთხოვნა მხოლოდ ცნობად მიიღო. ამჯერად კი უმრავლესობისა წევრები დარწმუნებულნი არიან, რომ მთავრობა მათი დავალების იგნორირებას ვერ შეძლებს. პარლამენტარ კოტე გაბაშვილს ამაში ორი რამ არწმუნებს: აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმრავლესობის ჰარმონიული ურთიერთობა და პრეზიდენტის მტკიცე ნება, რომელმაც დაუსწრებლად დაუჭირა მხარი აღნიშნული დადგენილების სესიაზე გატანას.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG