Accessibility links

logo-print

საქართველოს ნარდის ფედერაცია 23-28 სექტემბერს თბილისის ღია პირველობას უმასპინძლებს


ნარდი - უძველესი აღმოსავლური თამაში - დიდი პოპულარობით სარგებლობს საქართველოში. აქ იშვიათად ნახავთ ოჯახს, სადაც ერთხელ მაინც არ გაგორებულა კამათელი.

თუმცა გასული საუკუნის მიწურულს საქართველოში გამოჩნდნენ ნარდის პროფესიონალი მიმდევრები, რომლებმაც 1990 წელს საქართველოს ნარდის ფედერაცია დააფუძნეს. პროფესიონალი მოთამაშეები მთელ მსოფლიოში, ძირითადად, ბექგემონს (Backgammon), ანუ „მოკლე ნარდის“ ერთ-ერთ ნაირსახეობას, თამაშობენ. თუმცა, როგორც საქართველოს ნარდის ფედერაციაში აცხადებენ, თბილისის ღია ჩემპიონატი, რომელიც 23-28 სექტემბერს გაიმართება, ქართული და გრძელი ნარდის მოყვარულებსაც უმასპინძლებს. მასალის მოსამზადებლად ნარდის ფედერაციაში შევიარე.

[ისმის ხმები] „აბა, ერთი იაქი... იაქიც კარგია და შაშიც...“

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ნარდს ადამიანები ჯერ კიდევ 7 ათასი წლის წინ თამაშობდნენ. ნარდი, ჭადრაკთან შედარებით, ნაკლებადაა აღიარებული, თუმცა, ამ თამაშის მოტრფიალეთა თქმით, ნარდი ჭეშმარიტი სტრატეგების თამაშია, სადაც დაპირისპირებულ მხარეთა პოზიციები, კამათლის, ანუ შემთხვევის, წყალობით, ყველაზე მოულოდნელი სახით იცვლება. აკაკი კიკალეიშვილი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი, კამათლების წკრიალმა შვიდი ათეული წლის წინ მოაჯადოვა. ბატონი აკაკი საქართველოში ყველაზე ტიტულოვან მოთამაშედ ითვლება.

[აკაკი კიკალეიშვილის ხმა] „გავიმარჯვე ერთ ტურნიში, მეორეში, მესამეში... სუპერთასი მოვიგე - ყველაფერი ეს დაგროვდა და მეცამეტე აღმოვჩნდი. ამის დამადასტურებელი საბუთი აქ მაქვს, გამომიგზავნეს ამერიკიდან.“

აკაკი კიკალეიშვილის თქმით, ნარდში უჩვეულოდ არის გადაჯაჭვული არჩევანის თავისუფლება და შემთხვევითობა, თუმცა თამაშის წესები, რომელიც მსოფლიო ნარდის ფედერაციამ ჯერ კიდევ 27 წლის წინ დაამტკიცა, სუსტი მოთამაშის გამარჯვებას, ფაქტობრივად, გამორიცხავს. ამავე წესებით ჩატარდება თბილისის ღია პირველობა, რომელიც, ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის მამუკა გურიელის თქმით, 23 სექტემბერს გაიხსნება და ხუთ დღეს გასტანს:

[მამუკა გურიელის ხმას] „ვვარაუდობთ, რომ 100 კაცზე მეტი მიიღებს მონაწილეობას ძირითად ტურნირში. ჩატარდება ოლიმპიური სისტემით და გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი ჯილდოები და პრიზები.“

როგორი უნდა იყოს ნარდის მოთამაშე? რა თვისებებს უნდა ფლობდეს იგი? ამ კითხვებით მე ნარდის პროფესიონალ მოთამაშეებს - რეზო ღონღაძესა და ანზორ ჩანტლაძეს - მივმართე.

[რეზო ღონღაძის ხმა] „ნებისყოფა, პირველ რიგში, სიმშვიდე და გააზრება. თამაშის დროს მოწინააღმდეგე მოქმედებს ფსიქოლოგიურად, ამიტომ მთავარი ნერვებია.“

[ანზორ ჩანტლაძის ხმა] „კამათელია მთავარი! რაც უნდა ძლიერი იყო, თუ კამათელმა გაგყიდა, ვერაფერი გიშველის.“

„ნარდი მძაფრი, აზარტული თამაშია,“ - ამტკიცებს მომავალი ტურნირის მთავარი მსაჯი ომარ დვალი, რომელიც სტამბულში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს იხსენებს.

[ომარ დვალის ხმა] „ბეშის კარზე ერთი ქვა აქვს დარჩენილი ამერიკელს. ესე იგი სევაიდუზე ნაკლები არ უნდა გააგოროს. სეიაქე, დუიაქე აგებს. მოწინააღმდეგეს ერთი ქვა აქვს ბეშის კარზე, სამი ქვა აქვს ჩარის კარში. ესე იგი იმას დუბეში უნდა. ამერიკელი აგორებს სეიაქეს, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის წაგებული. პირველ ადგილზე გასული იღებს 70 ათას დოლარს, მეორეზე გასული 40 ათასს, ანუ გაგორების ფასი 30 ათასი დოლარია და აგორებს დუბეშს!“

საქართველოს ნარდის ფედერაციის მესვეურები ამტკიცებენ, რომ თბილისის ღია ჩემპიონატის ფინალიც ასეთივე დაძაბული იქნება. მოთამაშეთა საბრძოლო განწყობა კი ფედერაციისა და თბილისის მერიის სპორტის საქალაქო სამსახურის მიერ დაწესებულმა ჯილდოებმა და პრიზებმა უნდა აამაღლოს. სტაჟიანი მოთამაშეების თქმით, ფულის მოგება-წაგების გარეშე ნარდს ხიბლი ეკარგება.

[მამაკაცის ხმა] „ისე ინტერესი არა აქვს. ვერ ისწავლი თამაშს.“

[მამაკაცის ხმა] „უფულოდ ვერც ითამაშებ. ფულზე უნდა ითამაშო, აბა!“

დაბოლოს: თბილისის ღია პირველობაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მოქალაქეს, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი და აქვს სურვილი გახდეს საქართველოს ნარდის ფედერაციის ლიგის წევრი.
XS
SM
MD
LG