Accessibility links

logo-print

გაუქმებული სამხედრო აკადემიის კურსანტები პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრას მოითხოვენ


სამხედრო აკადემიიდან დათხოვნილმა მსემენელებმა და პედაგოგებმა პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია გამართეს. თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის

გადაწყვეტილებით აღშფოთებული ადამიანები პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძესთან შეხვედრასა და სასწავლებლისათვის სტატუსის შენარჩუნებას ითხოვენ.

[ისმის ხმები] „ოცეულო, სწორდი! და ერთი და ორი...“

ასეთი შემართებით მსახურობდნენ სამხედრო აკადემიის მსმენელები ჯერ კიდევ წინა კვირაში, ვიდრე 16 სექტემბერს, თავდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, სასწავლებლიდან არ დაითხოვეს. ქუჩაში დარჩენილ კურსანტებს შორის არის 19 წლის ლანჩხუთელი ჭაბუკი დიმიტრი წულაძე, რომელიც ოფიცრის მუნდირის მორგებაზე ბავშვობიდან ოცნებობდა:

[დიმიტრი წულაძის ხმა] „ჩემ ხასიათშიც ზის და ბავშვობის ოცნებაც იყო, რომ გავმხდარიყავი სამხედრო. 800 კაცს ჰქონდა შეტანილი განცხადება, მაგრამ 170 მიიღეს. აქედან გამომდინარე, არც ისე ადვილი იყო ჩაბარება, მაგრამ მოვინდომე და ჩავაბარე დიდი შრომით. დავხურე ერთი კურსი, გადავდიოდი მეორეზე, მაგრამ უცბად გამოგვიცხადეს, რომ აკადემია დაიხურა, სახლში უნდა წახვიდეო.“ (სტილი დაცულია)

სახლში წასვლა სამინისტროს ხელმძღვანელობამ მარტო დიმიტრი წულაძეს როდი ურჩია. თავდაცვის მინისტრის ბრძანების თანახმად, აკადემია ოფიცერთა ერთწლიანი სწავლების პროგრამაზე გადადის. ანუ სამხედრო პროფესიის ასათვისებლად და, შესაბამისად, ლეიტენანტის სამხრეების მოსარგებად, ოთხის ნაცვლად, ერთი წელიც საკმარისია. თუმცა ერთწლიან პროგრამაში ჩართვის შანსი მხოლოდ იმ კურსანტებს მიეცემათ, რომლებიც საწვრთნელ პოლიგონზე სამთვიან მომზადებას გაივლიან. ამგვარი შეთავაზება მიუღებელი აღმოჩნდა როგორც კურსანტების, ასევე მათი მშობლების უმრავლესობისთვისაც.

[ქალბატონის ხმა] „ეუბნებიან, საკონტრაქტო ჯარში წადიო, მაგრამ საკონტრაქტო ჯარი არ იძლევა ოფიცრის წოდებას. ჩემი შვილი მეუბნება: დავუშვათ, წავედი საკონტრაქტო ჯარში და ვიმსახურე. თუკი განათლებული, ნასწავლი ოფიცერი არ ვჭირდები ჩემს სამშობლოს, როგორ დავჭირდები გაუნათლებელი ჯარისკაცი და როგორ მომანიჭებენ ოფიცრობას? ეს ხომ ტყუილზე წამოგებაა!“(სტილი დაცულია)

აკადემიიდან მსმენელების დათხოვნას არ ელოდა შალვა ვადაჩკორია, რომლის პირველკურსელმა შვილმა ერთი წლის წინ, 2004 წლის 26 აგვისტოს, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან საზეიმო ვითარებაში დადო ფიცი. ბატონი შალვა პარლამენტის თავმჯდომარის მაშინდელ გამოსვლას იხსენებს:

[შალვა ვადაჩკორიას ხმა] „ქალბატონი ნინო ბურჯანაძე გამოვიდა სიტყვით და განაცხადა: თქვენ იმ აკადემიის კურსანტები ხართ, სადაც სწავლება მიმდინარეობს ნატოს სტანდარტების შესაბამისადო. და დღეს, ამ სიტყვის შემდეგ გადის ერთი წელი და, თავდაცვის სამინისტრო აუქმებს ეროვნულ აკადემიას.“(სტილი დაცულია)

პარლამენტის წინ გამართული აქციის მონაწილენი ვითარებაში გასარკვევად სწორედ რომ ნინო ბურჯანაძესთან შეხვედრას ითხოვენ. მშობელთა კომიტეტი ხელისუფლებას ანამუსებს:

[ქალბატონის ხმა] „ამისთანა პატრიოტ ბავშვებს ვერ იშოვის ჩვენი მთავრობა. სირცხვილი და თავის მოჭრა!“

[ქალბატონის ხმა] „ახლა სად წავიყვანოთ ჩვენი შვილები? ამ კითხვაზე მოვითხოვთ მთავრობისგან პასუხს. ეს ბავშვები ან უნდა დაკმაყოფილდნენ თავიანთი სასწავლებლით, ან არადა ტექნიკურ სასწავლებლებში გადაანაწილონ ბავშვები.“

თუმცა ის, რომ თავდაცვის მინისტრზე სიტყვები და მცირე მასშტაბის საპროტესტო გამოსვლები არ მოქმედებს, ყველაზე კარგად თავად აკადემიის კურსანტებმა იციან. ეს ცოდნა მათ შარშან კადეტთა კორპუსის მაგალითზე შეიძინეს, როცა, საზოგადოებრივი აზრის ზეწოლის მიუხედავად, მინისტრმა ოქრუაშვილმა პირტიტველა კადეტებს სამხედრო ფორმა გახადა.
XS
SM
MD
LG