Accessibility links

logo-print

არაღიარებული “რესპუბლიკის” დამოუკიდებლობა და საქართველოს უახლესი ისტორია


ქართველი საზოგადოება დღეს ცდილობს მაქსიმალურად ადეკვატურად შეაფასოს არააღიარებულ რესპუბლიკაში - სამხრეთ ოსეთში - დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა.

თუმცა თბილისში, ისევე როგორც ცხინვალში, კვლავაც უჭირთ ქართულ-ოსური კონფლიქტის რეალისტური აღქმა. კომპრომისს კონფლიქტის მხარეები, როგორც წესი, დამარცხებად მიიჩნევენ. მინდა გაგახსენოთ საქართველოს უახლესი ისტორიის ერთი ფრაგმენტი, როცა, ქართულ-ოსური კონფლიქტის გამწვავების ფონზე, ორივე მხარემ მაინც გამონახა საერთო ენა.

რომ არა კომუნისტები, რომლებიც 1989 წლის დასაწყისში ჯერ კიდევ მართავდნენ საქართველოს, და რომ არა რადიკალი ნაციონალისტები, რომლებიც სწორედ ამ დროს ხელისუფლებაში მოსასვლელად ემზადებოდნენ, ქართველებისა და ოსების დაპირისპირება ქვეყნის ისტორიის ერთი უმნიშვნელო ფაქტი იქნებოდა. ამაში დარწმუნდებით ყველა, ამაში დარწმუნდებიან ქართველებიც და ოსებიც, ერთხელ მაინც რომ ნახონ ახალი ქართული დოკუმენტური ფილმი “ნათელი იგი”, რომელიც მამა-შვილის, ნიკო და ზურაბ ჭავჭავაძეების, მოღვაწეობას ეძღვნება. ფილმის შესახებ რადიო “თავისუფლებამ” უკვე დაწვრილებით გიამბოთ, პრემიერაც წარმატებით შედგა კინოს სახლში, თუმცა ჯერჯერობით ვერ ხერხდება სურათის ჩვენება ცხინვალში... არც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები მობრძანებულან ”ნათელი იგის” პრემიერაზე... არადა, ზურაბ ჭავჭავაძისა და მისი პოლიტიკური ორგანიზაციის, ილია ჭავჭავაძის საზოგადოების, მოღვაწეობის შესახებ თუნდაც მცირე ინფორმაციის მიღება ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარებას ხელს აუცილებლად შეუწყობდა.


80-იანი წლების მიწურულს საქართველოს პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინაპირობას ქვეყნის შიგნით ეროვნებათა შორის ურთიერთობის მოგვარება წარმოადგენდა. “ეროვნული მოძრაობის” ზოგიერთი ლიდერი ფიქრობდა, რომ ეს არ იყო მნიშვნელოვანი საკითხი და მასზე მხოლოდ პოლიტიკური დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ უნდა ემსჯელათ, ზურაბ ჭავჭავაძეს პირდაპირ ადანაშაულებდნენ საქართველოსადმი მტრულად განწყობილ ადამიანებთან დიალოგის გამო, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მან ასეთი სიტყვებით მიმართა თანამემამულეებს:

[ზურაბ ჭავჭავაძის ხმა] “ჩვენი მოვალეობა ის კი არ არის, ვინც ჩვენ გვიყვარს, ჩვენს ბიძაშვილ-მამიდაშვილებთან ვიპოვოთ საერთო ენა, - ჩვენი მოვალეობაა საერთო ენა მოვნახოთ იმასთან, ვინც ჩვენდამი მტრულადაა განწყობილი.”

მაგრამ ადამიანებს ყოველთვის უჭირდათ მათ მიმართ მტრულად განწყობილ ხალხთან დიალოგი. დაიწყო ოსების გაუცხოების მიზანმიმართული კამპანია. ზურაბ ჭავჭავაძემ მოახერხა ანტიქართულად განწყობილ ორგანიზაცია “ადამონ ნიხასთან” და მის ლიდერ ალან ჩოჩიევთან დიალოგის წარმართვა. 1989 წლის 21 ივლისს ილია ჭავჭავაძის საზოგადოებამ და ადამონ ნიხასმა ერთობლივი მიმართვა შეადგინეს ქართველი ხალხისადმი. მიმართვას მოსკოვში მცხოვრებმა ოსებმაც დაუჭირეს მხარი.

[მიმართვის ტექსტი] “დღეს, როდესაც შიშის დათესვის მეშვეობით ცდილობენ ჩვენს ურთიერთიზოლაციას, კი არ უნდა გავუცხოვდეთ, კი არ უნდა გვეშინოდეს ერთმანეთის, არამედ, პირიქით, უნდა დავამყაროთ ერთმანეთთან უშუალო კონტაქტები და ვეძებოთ ის, რაც გვაერთიანებს და არა ის, რაც განგვასხვავებს ერთმანეთისაგან... ჩვენ გვაქვს ძმური კეთილმეზობლობის მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება. ვაცხადებთ, რომ არ მივცემთ ნებას, ხელყონ ჩვენი ეს ფასდაუდებელი მონაპოვარი, რამეთუ კარგად ვუწყით, ჩვენი ურთიერთობის გაუარესებით დაინტერესებულია მხოლოდ ორივე ჩვენი ხალხის მტერი.”

ზურაბ ჭავჭავაძე ოსებისთვის კულტურული ავტონომიის მინიჭების მომხრე იყო, კომუნისტურმა ბიოროკრატიამ და რადიკალურად განწყობილმა ნაციონალისტებმა საზოგადოებას არ აუხსნეს, რას ნიშნავს ”კულტურული ავტონომია”. ცხინვალშიც და თბილისშიც პრესაში ქვეყნდებოდა წერილები, რომელთა ავტორები ყველანაირად ამწვავებდნენ კონფლიქტს. მხოლოდ ზურაბ ჭავჭავაძე და მისი თანამოაზრეები საუბრობდნენ იმ საერთოზე, რაც ოსებსა და ქართველებს საუკუნეების მანძილზე დაუგროვდათ.

1988 წლის 3 დეკემბერს ზურაბ ჭავჭავაძემ აფხაზებს მიმართა:


[ზურაბ ჭავჭავაძის ხმა]“ჩვენ დიდი სიამოვნებით მივიღებთ ილიას საზოგადოებაში ჩვენს აფხაზ ძმებს” (შემდეგ აფხაზურად ლაპარაკობს).

აფხაზურად დღეს საქართველოს პრეზიდენტიც ლაპარაკობს, ოსურადაც, მაგრამ სოხუმსა და ცხინვალში ფიქრობენ, რომ ქართველებმა დააგვიანეს... არადა, ზურაბ ჭავჭავაძის დაღუპვიდან მხოლოდ 16 წელი გავიდა.
XS
SM
MD
LG