Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიუჯეტის ზრდასთან დაკავშირებით პარლამენტს კითხვები დაუგროვდა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საქართველოს მთავრობა, წელს უკვე მესამედ, სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის ცვლილების ინიციატივით გამოდის და ბიუჯეტს 26 მილიონი ლარით ზრდის.

ამ, ერთი შეხედვით, პოზიტიურმა ცვლილებამ პლენარულ სხდომაზე განხილვისას მოულოდნელად საკმაო ხმაური გამოიწვია. რა პრეტენზიები ჰქონდათ კანონმდებლებს მთავრობასთან?

საბიუჯეტო კანონში შესატანი ცვლილებების განხილვა პარლამენტში რამიშვილ-ბექაურის სკანდალმა და ტერმინალ ”ოპიზასთან” დაკავშირებულმა ვნებათაღელვამ უკანა პლანზე გადასწია, თუმცა ამ საკითხის განხილვას გასული კვირის ბოლოს გამართულ პლენარულ სხდომაზე გარკვეული ხმაური მაინც ახლდა.

2005 წლის ბიუჯეტი 26 მილიონი ლარით იზრდება, რასაც პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი მთავრობის წარმატებული მუშაობის მთავარ ინდიკატორად მიიჩნევს:

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] „პარლამენტს შევთავაზებთ, წელს უკვე მესამედ, 2005 წლის ბიუჯეტში ცვლილებებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ საბიუჯეტო წარმატებები ქვეყანაში არის ყველაზე მთავარი ინდიკატორი მთავრობის წარმატებების.“

მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა ამ ცვლილებებს პირად წარმატებად მიიჩნევს, საკანონმდებლო ხელისუფლებაში ბიუჯეტის კორექტირებასთან დაკავშირებით შეკითხვები მაინც იყო.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელმა ირაკლი კოვზირიძემ განაცხადა, რომ კომიტეტი, მთლიანობაში, დადებითად აფასებს პროექტს, თუმცა მთავრობის მხრიდან წარმოდგენილ არგუმენტაციას არასაკმარისად მიიჩნევს. მან აღნიშნა, რომ განმარტებით წერილში არ არის დაზუსტებული, რა გზით იქნა მიღწეული იმპორტის ხარჯზე ბიუჯეტის გადაჭარბებული შემოსავალი, ადმინისტრირების სრულყოფა ან სხვა ფაქტორები. მან ასევე გამოთქვა მოსაზრება იმის შესახებ, რომ ინფლაციის პროცესი გარდაუვალია.

ფინანსთა მინისტრი დამატებითი შემოსავლების წარმომავლობას, მართლაც, არცთუ დამაჯერებლად ხსნის:

[ლექსო ალექსიშვილის ხმა] „საიდან გაჩნდა და, მოგახსენებთ, რომ საგადასახადო შემოსავლების კუთხით დაგეგმილი იყო გარკვეული პარამეტრი. მიმდინარე წელს მიღებულმა შემოსავლებმა, განსაკუთრებით საბაჟოდან შემოსული საგადასახადო შემოსავლების სახით, აჩვენა, რომ დამატებით შემოსულია 26 მილიონი ლარი, რომელიც, როგორც მიღებულია, უნდა აისახოს ბიუჯეტში.“

პარლამენტართა გარდა, შეკითხვები გაუჩნდა კონტროლის პალატასაც, რომლის თავმჯდომარემ ზურაბ სოსელიამ ეჭვქვეშ დააყენა ბიუჯეტის პროგნოზირებული პარამეტრების შესრულების შესაძლებლობა. 7 თვის მანძილზე აქციზის წლიური გეგმა 29.7%-ით არის შესრულებული, საბაჟო შემოსავლების - 46.4%-ით, აცხადებს სოსელია, რომელიც ვარაუდობს, რომ “მობილიზაციის დონის გაუმჯობესების გარეშე ბიუჯეტში, შესაძლოა, გარღვევა მოხდეს.”

ოპოზიციამ ასევე აღნიშნა, რომ თანხების გადანაწილებასთან დაკავშირებით მთავრობის არგუმენტაცია ძალზე “მცირე და ბუნდოვანია”. კონსერვატორების ლიდერი კობა დავითაშვილი პროექტს მხარს არ უჭერს, რადგან იგი “ჩინოვნიკებზეა ორიენტირებული და არა ხალხზე”. ოპოზიცია ასევე ვარაუდობს, რომ ინფლაცია 11%-ს გადააჭარბებს.

ამ შეკითხვების მიუხედავად, ფინანსთა მინისტრი ოპტიმისტურად არის განწყობილი და ირწმუნება, რომ ინფლაცია ერთნიშნა ციფრით იქნება გამოხატული. რაც შეეხება მაკროეკონომიკური პროცესების დეტალურ ანალიზს, მას საფინანსო უწყება 9 თვის დასრულების შემდეგ წარადგენს.
XS
SM
MD
LG