Accessibility links

logo-print

როგორ აფასებენ მშვიდობას საქართველოში


21 სექტემბერი გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მშვიდობის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. ეს დღე მსოფლიოში საყოველთაო შერიგებისა და ძალადობაზე უარის თქმის

დღედ აღინიშნება. ამ დღისთვის გაეროს სამხედრო დამკვირვებელთა მისიამ საქართველოში მოუწოდა ყველას და, მათ შორის, ჟურნალისტებსაც, დაფიქრებულიყვნენ მშვიდობის დღესასწაულის მნიშვნელობაზე. თუმცა გაეროს წევრ საქართველოში 21 სექტემბერი არ ყოფილა საყოველთაო შერიგებისა და ძალადობაზე უარის თქმის დღე. ამ დღეს ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუხდათ განმარტების გაკეთება იმის თაობაზე, რომ სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელმძღვანელობის პოზიცია ვითარებას კონფლიქტის ზონაში ომისკენ მიაქანებს. ასეთი მინიშნებები ცხადყოფს, რომ საქართველოში ჯერაც არ გაკეთებულა საბოლოო არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის. ვინ და როგორ აფასებს მშვიდობას ქვეყანაში, სადაც მშვიდობის სადღეგრძელოს სვამენ?


მშიდობის ფასი ყველაზე კარგად ომგამოვლილმა ადამიანებმა იციან. თითქოსდა პარადოქსია, მაგრამ ხალხებს შორის ომით ჩამტვრეული ხიდის მშვიდობით გამთელების იმათ უფრო სჯერათ, ვისაც ამავე ხალხებს შორის მტრობამ ახლობლები და სახლი დააკარგვინა. სამაგალითოდ გავიხსენებ ერთ ისტორიას, რომელიც ბრიტანული არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ქართულ-აფხაზურ აუდიოდღიურებში არის მოყვანილი. აფხაზეთიდან დევნილი დედით აფხაზი და მამით ქართველი იზოლდა ფაჩულია იგონებს წლების მანძილზე მონატრებული დედის სანახავად გაბედულ ჩასვლას აფხაზეთში, სოხუმში, და ამბავს, რომლის მომსწრეც სოხუმიდან უკან, ენგურის ხიდისკენ, მომავალი გახდა სამარშუტო ტაქსში, რომელსაც აფხაზი მძღოლი მართავდა:


[იზოლდა ფაჩულიას ხმა] ” უკან იმავე სამარშრუტო ტაქსით წამოვედი. ერთი ხაზი ფუნქციონირებდა ენგურსა და სოხუმს შორის. მძღოლი ახალგაზრდა აფხაზი კაცი იყო. მთელი გზა ქართული სიმღერები ჰქონდა ჩართული. დავინტერესდი და ვკითხე, რატომ უსმენდა ქართულ სიმღერებს. მიპასუხა: კარგი სიმღერებია - რა ვქნა, დედა მეგრელი მყავს, ხობელი, დაც სამტრედიაში ქართველზე მყავს გათხოვილიო. გზაში ბევრ რამეზე ვისაუბრეთ, ბევრი რამ გავიხსენეთ, ომიც... არ ვფიქრობ, რომ აფხაზებს პატიება არ შეუძლიათ და დარწმუნებული ვარ, პატიება ქართველებსაც შეგვიძლია. რაც იყო, ისტორიას უნდა ჩაბარდეს. მომავალში კი ყველაფერი კარგად უნდა იყოს, ისე კარგად, როგორც დასრულდა ჩემი მოგზაურობა ენგურიდან სოხუმისკენ და, პირიქით, სოხუმიდან ენგურისკენ. ”

რაც იყო, ის ისტორიას უნდა ჩაბარდეს და არ უნდა განმეორდეს. - ასე მარტო აფხაზეთიდან დევნილი ქალბატონი არ ფიქრობს. დეპუტატ ლევან ბერძენიშვილის აზრით, მართალია, მშვიდობის ფასი დალხინებულ საზოგადოებაში უფრო იციან, იქ, სადაც მშვიდობასა და კეთილდღეობაში უცხოვრიათ და ცხოვრობენ; მართალია, საომარი მოწოდებებით ომისკენ ხალხის გადახრა ძნელი არ არის ქვეყანაში, სადაც ჩვეულებრივ მოქალაქეებს უჭირთ და არსებითად დასაკარგი ბევრი არაფერი აქვთ,

[ლევან ბერძენიშვილის ხმა] ” მაგრამ, ჩვენი ხალხი წარსულითაც და აწმყოთიც ომისთვის არა თუ მზად არ არის, მზად არის მკვეთრი ანტისაომარი გამოსვლებისა და განცხადებებისთვის. ამაში დარწმუნებული ვარ, ამას ნებისმიერი რეფერენდუმი და სოციოლოგიური გამოკითხვა აჩვენებდა. ” (სტილი დაცულია)

ასევე ფიქრობს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილიც. ჩვენთან საუბრისას მან ომისა და მშვიდობისადმი საზოგადოებისა და ხელისუფლების განსხვავებული დამოკიდებულება აღნიშნა:

[პააზა ზაქარეიშვილის ხმა] ”ხელისუფლებას სხვა განწყობა აქვს. ქვეყანამ ორი ომი გადაიტანა, მაგრამ ხელისუფლებაში არის თაობა, რომელსაც არ ჰქონია კავშირი ომთან. ამიტომ ომის საკითხებს ზერელედ უყურებენ, რაშიც მათ არ ეთანხმება დევნილი საზოგადოება და ომის ვეტერანები. პრეზიდენტი შეხვდა ამას წინათ ახალგაზრდებს. ”(სტილი დაცულია)

ამ შეხვედრას ეწოდა შეხვედრა ახალგაზრდა პატრიოტებთან. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ, რა პათოსით ელაპარაკა იქ პრეზიდენტი თაობას, რომლის მშიდობიან მომავალზე ზრუნვაც ავალია, თაობას, რომელიც ერთიან საქართველოში აფხაზებსა და ოსებთან მშვიდობიან თანაცხოვრებაზე უნდა ოცნებობდეს:


[მიშა სააკაშვილის ხმა] ” რაზე უნდა მოვიხადოთ ბოდიში, იმაზე, რომ 250 ათასი კაცი გამოყარეს და მათ სახლებს ახლა აუქციონზე ყიდიან? სად არის სამართალი, სად არის ობიექტურობა! ჩვენ ვართ ჭეშმარიტების მხარეს და არა კაპიტულანტების მხარეს. ”

პრეზიდენტის მიერ კაპიტულანტებად მონათლულები ფიქრობენ, რომ საქართველოს უმრავლესობის ბოდიში უმცირესობისადმი იქნებოდა დიდი ნაბიჯი შერიგებისკენ. თუმცა, როგორც ჩანს, შერიგება და მშვიდობა აქ, მართლაც, არ ესმით ისე, როგორც უნდა ესმოდეთ . ისევ პაატა ზაქარეიშვილის თქმით:

[პაატა ზაქარეიშვილის ხმა] ”ჩვენთვის მშვიდობა არის ქართული მენტალობის გამარჯვება. ამაში ყოველთა მშვიდობა არ იგულისხმება. მშვიდობისთვის ჩვენი სიმართლის გატანა გვინდა. ეს არ არის მშვიდობა. ”(სტილი დაცულია)
XS
SM
MD
LG