Accessibility links

logo-print

რატომ აღარ თამაშდება ლატარია


ორიოდე კვირის წინ ფინანსურმა პოლიციამ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ტანდემი 2000“-ის ოფისში ლატარია „იღბლიანი დარტყმის“ აღურიცხავი ბილეთები აღმოაჩინა.

იქვე ნანახი იქნა „ტე-ვე-ლოტოს“ არალეგალურად დაბეჭდილი ბილეთებიც. გადასახადების დამალვისა და თაღლითობის მუხლით, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, ხოლო ტელევიზიის ეთერიდან გაქრა სარეკლამო რგოლები, რომლებიც მოქალაქეებს „იღბლიანი დარტყმისა“ და „ტე-ვე- ლოტოს“ ბილეთების შეძენისკენ მოუწოდებდა.

ლატარია, ანუ ფულისა და ნივთების გათამაშება, საქართველოში ყოველთვის დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ამ მხრივ ვითარება არც უკანასკნელი წლების განმავლობაში შეცვლილა. მეტიც, სიდუხჭირისა და მძიმე სოციალური პირობების გათვალისწინებით, ბევრი მოქალაქისათვის ფულის ან ავტომანქანის მოგება, გამდიდრების ერთადერთ ლეგალურ გზად იქცა. თუმცა გამოცდილება აჩვენებს, რომ, ხშირ შემთხვევაში, ეს გზა არასაიმედოა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ფულსა და ნივთებს თაღლითები ათამაშებენ.

[ბატონ გიორგის ხმა]„თქვენ უნდა ნახოთ ის ხალხი, ვინც „მარცხენა“ ბილეთებს ამზადებდა და ატყუებდა ადამიანებს. მიჰყავდათ „ნაყიდი“ ხალხი ტელევიზიაში და ალაპარაკებდენ, მოვიგე ეს, მოვიგე ის... სინამდვილეში კი ჯიბეები გაუსუფთავეს ხალხს, ეგენი ყველა დასაჭერია!“(სტილი დაცულია)

ბატონი გიორგი, რომელსაც მე რუსთაველის გამზირზე, გაზეთების ერთ-ერთ ჯიხურთან, გამოველაპარაკე, ლატარიის ბილეთებს პრინციპული მოსაზრების გამო არ ყიდულობს. მისი აზრით, ლატარიის მომწყობი ორგანიზაციები უმოწყალოდ ატყუებენ ისედაც გაუბედურებულ ადამიანებს. ბატონ გიორგის არგუმენტად მოჰყავს ლატარია „იღბლიანი დარტყმა“, რომლის ორგანიზატორ ფირმას „ტანდემი - 2000“-ს ფინანსური პოლიცია გადასახადების დამალვასა და ბილეთების არალეგალურ ბეჭდვაში სდებს ბრალს. ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი ლევან მხეიძე განმარტავს:
[ლევან მხეიძის ხმა]„არალეგალურად ბეჭდავდნენ დამატებით ბილეთებს, რითიც დიდ ზიანს აყენებდნენ ბიუჯეტს და იმ ხალხს, ვინც ყიდულობდა ბილეთებს. ვთქვათ, არის მილიონიანი ტირაჟი. კანონის თანახმად, საპრემიო ფონდის ოდენობა ბილეთების გაყიდვით მიღებული თანხის 30 პროცენტზე ნაკლები არ უნდა იყოს. 2004 წელს ამ ორგანიზაციამ გაყიდა 500 ათასი ბილეთი, შესაბამისი თანხის პრემია აქვთ გაცემული, მაშინ როცა რეალურად 500 ათასზე მეტი ბილეთი აქვთ გაყიდული.“(სტილი დაცულია)

ფინანსური პოლიციის მიერ ჩატარებული შემოწმების შემდეგ „ტანდემი -2000“ - ის ოფისები დაილუქა, ხოლო ლატარიის ორგანიზატორთა წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნა დაიწყო. უცნაურია, მაგრამ, ლატარიის დახურვის მიუხედავად, რამდენიმე დღის განმავლობაში ბილეთები მაინც იყიდებოდა.

[ქალბატონის ხმა]„წინა ბილეთები გაყიდულია, მაგრამ არ იყო გათამაშება. უამრავი ბილეთია გაუთამაშებელი. ყოველდღე მოდიან, გვეკითხებიან, როდის იქნება გათამაშება, იქნება თუ არა, ჩვენ კი არ გვაქვს პასუხი.“(სტილი დაცულია)

დაზარალებულ ადამიანებს, რომლებიც ფულის უკან დაბრუნებას ითხოვენ, სასამართლო პროცესის დასრულებამდე მოუწევთ მოცდა. ხოლო ხელისუფლებას, როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე ნიკო ლეკიშვილი აცხადებს, მომხდარიდან შესაბამისი დასკვნის გამოტანა მართებს:

[ნიკო ლეკიშვილის ხმა]„მარტო მოთამაშის რისკზე არ უნდა იყოს. სახელმწიფო იმიტომ არის, რომ რისკები გამორიცხოს. გულწრფელად მოდის ადამიანი, ყიდულობს ბილეთს და შემდეგ აღმოჩნდება, რომ მოატყუეს. სახელმწიფო ვალდებულია გარანტად ევლინებოდეს მოქალაქეს, რომ იქ არაფერი მოხდება.“
ლეკიშვილის თქმით, ამგვარ გარანტიას ხელისუფლება მაშინ მისცემს თავის მოქალაქეებს, როცა შეიცვლება კანონი ”ლატარიების, აზარტული თამაშების და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“. მთავრობაში მიიჩნევენ, რომ ლატარიის ბილეთების გამოშვება და ლატარიის მოწყობა ერთი კერძო, საერთაშორისო ტენდერით შერჩეული, კომპანიის პრეროგატივა უნდა იყოს, ხოლო ლატარიის მოწყობიდან მიღებული თანხა სახელმწიფომ კულტურისა და სპორტის განვითარებაზე უნდა დახარჯოს.
XS
SM
MD
LG