Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ქალაქების თვითმმართველობის კავშირი რეალურ თვითმმართველობას ითხოვს


საქართველოს თვითმმართველობის რეფორმის შემუშავებასა და ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის პროცესში საზოგადოების აქტიური ფენების ჩართვის მიზნით,

ქალაქების თვითმმართველობის კავშირმა საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტს სპეციალური წერილით მიმართა. წერილს საქართველოს 40 ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე აწერს ხელს. ისინი შიშობენ, რომ საქართველოს ხელისუფლებას ქვეყანა რეალური თვითმმართველობის გაუქმებისაკენ მიჰყავს.

საქართველოს ქალაქების თვითმმართველობის კავშირის კონფერენციამ 2 დღეს გასტანა. მასზე ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და თვითმმართველობის რეფორმის საკითხები განიხილებოდა. კონფერენციის მონაწილეებმა საქართველოში თვითმმართველობის განვითარების მიმართულებით არსებულ სხვადასხვა კონცეფციაზე იმსჯელეს - მათ შორის, ისეთებზეც, რომელთა გაზიარების ნებას ქვეყნის ხელისუფლება არ ამჟღავნებს. სწორედ ამიტომ გაჩნდა პრეზიდენტისა და პარლამენტის სახელზე გაგზავნილ ერთობლივ წერილში შემდეგი პუნქტი: ” მოგმართავთ წინადადებით, რომ ქვეყნის ახალი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და თვითმმართველობის რეფორმის მომზადებისას მოხდეს სახელმწიფო მოწყობის ალტერნატიული პროექტების განხილვა და სერიოზული გააზრება. ჩვენი მხრივ, მზად ვართ, აქტიურად ვითანამშრომლოთ ყველა იმ ორგანოსთან, რომელსაც დაევალება ამ ფუნქციის შესრულება.”
როგორც საქართველოს ქალაქების კავშირის წარმომადგენლები მიიჩნევენ, პარლამენტართა ერთი ჯგუფის მიერ შემუშავებული დოკუმენტი-” კონცეფცია საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რეფორმისათვის” - ქვეყანაში გასატარებელი რეფორმის საფუძვლად ყოველგვარი განხილვის გარეშე იქნა მიღებული. ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი კონცეპტუალური პრინციპის თანახმად, უქმდება ქვედა დონეების თვითმმართველობის ორგანოები და ცენტრალიზებულად ძლიერდება რაიონული რგოლი.

[ირაკლი მელაშვილის ხმა]” ფაქტიურად, დღეს არსებული თვითმმართველობები ქალაქებში, სოფლებსა და დაბებში, ანუ დასახლებულ პუნქტებში, უქმდება. უქმდება მათი იურიდიული სტატუსი, მათი ბიუჯეტები. ყველაფერი ეს უქმდება. ამოდის თვითმმართველობა რაიონის დონეზე. ქალაქებს და სოფლებს უკვე საკუთარი ბიუჯეტი არ ექნებათ და ყველაფერი უკვე რაიონში უნდა დამტკიცდეს.”(სტილი დაცულია)

როგორც თვითმმართველობის ლობისტი ირაკლი მელაშვილი შენიშნავს, ხელისუფლების მიერ შეთავაზებული რეფორმა, დეცენტრალიზაციის ნაცვლად, ცენტრალიზაციას ემსახურება და, შესაბამისად, არ უპასუხებს ქვეყნის ინტერესებს.

[ალეკო შალამბერიძის ხმა]” მე თვითონ რეგიონული პოლიტიკის თავმჯდომარის მოადგილე ვარ და ჩვენთან მიმდინარეობს, რომ სწორედ რომ დეცენტრალიზაციისაკენ წავიყვანოთ ეს საქმე. არ ვიცი, მე ეხლა მაგ ადამიანებს ძალიან ახლოს ვიცნობ, ჩვენ ახლო კონტაქტიც გვაქვს და ეჩვენებათ, ალბათ. ჯერ ის პრობლემა, რასაც ჰქვია თვითმმართველობა, არ არის გადაწყვეტილი და ჩვენ ეხლა დროც გვაქვს, გაისად არის არჩევნები, რომ ნორმალური კანონპროექტი შევქმნათ, რა თქმა უნდა, მათთან ერთად.”(სტილი დაცულია)

ეს ქალაქების თვითმმართველობის კავშირის წერილის ერთ-ერთი რიგითი ადრესატი, დეპუტატი ალექსანდრე შალამბერიძეა. კანონპროექტი კი, რომელსაც ის და უმრავლესობის სხვა წევრები ლობირებენ, ქვეყნის მასშტაბით 120 თვითმმართველი ერთეულის შენარჩუნებას გულისხმობს. რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის მიერ მომზადებულ კონცეფციას, აქ 350 თვითმმართველ ერთეულზეა საუბარი. აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი მკაცრად გამიჯნავს ერთმანეთისგან ცენტრს, რეგიონსა და პირველი დონის თვითმმართველობას როგორც უფლებამოსილებების, ისე ქონებისა და ფინანსების მხრივ. კონცეფცია თვითმმართველობების რაიონულ რგოლს პრაქტიკულად ემიჯნება კიდეც.

21 სექტემბერს თვითმმართველობის საკითხებზე სჯა-ბაასი გაგრძელდა თვითმმართველობების ეროვნული ასოციაციის თავყრილობაზეც.

[დავით მელუას ხმა]”აქ ლაპარაკი არის განხორციელების ფორმებზე. რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციების კანონპროექტს, ის ამბობს, რომ რაიონი გაუქმდეს და სოფლების გაერთიანება მოხდეს. მარა, ეს სოფლების გაერთიანება უნდა მოხდეს ადმინისტრირების წესით ცენტრალური დონიდან. ხოლო რაც შეეხება კანონპროექტს, კანონპროექტი უშვებს, რომ სოფლებს შეუძლიათ გაერთიანება, მაგრამ ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღონ სოფლის საკრებულოებმა თვითონ.”(სტილი დაცულია)

როგორც თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის თავმჯდომარემ დავით მელუამ განგვიცხადა, 21 სექტემბერს ასოციაციის ბაზაზე შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც თავისი რეკომენდაციებისა და შენიშვნების შესახებ განაცხადს, სავარაუდოდ, 26 სექტემბერს გააკეთებს.
XS
SM
MD
LG