Accessibility links

logo-print

იულია ტიმოშენკოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაბრუნება სურს


საერთაშორისო თემებიდან გამორჩეულ ყურადღებას ისევ უკრაინა იპყრობს: ორი კვირის წინ იქ სამთავრობო კრიზისზე ალაპარაკდნენ, როცა პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ გადააყენა პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო

და მისი მთავრობა. გუშინ კი პოლიტიკური ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა: პარლამენტმა ჩააგდო პრემიერ-მინისტრის პოსტზე პრეზიდენტ იუშჩენკოსათვის სასურველი კანდიდატურა - ვიქტორ იეხანუროვი. და აი, დღეს მორიგი მოულოდნელობა: იულია ტიმოშენკომ, რომელიც ამასობაში ოპოზიციას შეუერთდა, გამოთქვა მზადყოფნა, ისევ გახდეს პრემიერ-მინისტრი.

[ტიმოშენკოს ხმა] “მინდა, შევთავაზო ვიქტორ იუშჩენკოს, უბრალოდ, შემოტრიალდეს, ისევ გავაერთიანოთ ძალები და შევქმნათ მთავრობა. ეს უნდა იყოს ძლიერი მთავრობა, ნამდვილი კოალიციური მთავრობა”.

ექსპერტები “ოსტატურ პოლიტიკურ ჟესტზე” ლაპარაკობენ: ნარინჯისფერი რევოლუციის ერთი სიმბოლო შერიგების ნიშნად ხელს უწვდის პრეზიდენტს, რომელიც მართალია, ასევე რევოლუციის სიმბოლოა, მაგრამ, ცოტა არ იყოს, გახუნებული - ბოლოდროინდელი პოლიტიკური კრიზისის გამო.

ახლა საკითხავი ის არის, შეძლებს თუ არა პრეზიდენტი იუშჩენკო ყოფილი პრემიერის, ტიმოშენკოს ოსტატური ჟესტით სარგებლობას? ბოლოხანს ხომ უსიამოვნო განცხადებებიც გაკეთდა...

სამშაბათს პარლამენტში გამოსვლისას იუშჩენკომ არცთუ სახარბიელო შეფასება მისცა ყოფილი პრემიერ-მინისტრის საქმიანობას და იმაზეც კი მიანიშნა, რომ ის ამჟამინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ შემუშავებულ გეგმაში მონაწილეობდა.

[იუშჩენკოს ხმა] “უკრაინაში ამოქმედდა ამ ხელისუფლების დასამხობად შემუშავებული ცინიკური გეგმა. მასში მონაწილეებიდან ზოგი ადრე, ნარინჯისფერი რევოლუციის დროს, თავისუფლების მოედანზე იდგა, ზოგი კი იქ მყოფთა დაშლას ცდილობდა”.

ძნელი სათქმელია, ტიმოშენკომ ეს განცხადება თავის თავზე მიიღო თუ არა, ნაწყენია თუ არა. ყოველ შემთხვევაში, მას წყენა არ შეუმჩნევია დღეს კიევში გამართულ პრეს-კონფერენციაზე. [ტიმოშენკოს ხმა]
“მზად ვარ - დღესაც კი - თუ პრეზიდენტის სურვილი იქნება, მივუჯდე მოლაპარაკების მაგიდას და დავუბრუნდე თანამშრომლობას, დავუბრუნდე ყველა პროგრამას, უკრაინისთვის რომ დავგეგმეთ. გულში არა მაქვს არანაირი უარყოფითი ემოცია ქვეყნის პრეზიდენტის მიმართ. მინდა, ისევ მასთან ერთად, ერთ გუნდში ვიყო”.

ტიმოშენკოს ამ ჟესტის შედეგად იუშჩენკო რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდა: თუ ორი კვირის წინ მოხსნილ პრემიერ-მინისტრს ისევ დაავალებს მთავრობის შექმნას, არცთუ პრინციპული პოლიტიკოსის შთაბეჭდილებას დატოვებს. არადა, ტიმოშენკოს მიერ გაწვდილი ხელის იგნორირება, შესაძლოა, კიდევ უფრო სარისკო იყოს: იუშჩენკოსთვის სასურველი კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის პოსტზე (იეხანუროვი) პარლამენტმა არ დაამტკიცა და ჯერ-ჯერობით არც ჩანს, სტაბილური მთავრობის ჩამოყალიბების პერსპექტივა...

ამ ფონზე ტიმოშენკოს შემრიგებლური ტონი პრეზიდენტისთვის კიდევ უფრო მიმზიდველად უნდა ჟღერდეს, მითუმეტეს, რომ - პოლიტოლოგ ჰრიჰორი ნემირიას შეფასებით - იუშჩენკოსა და ტიმოშენკოს, უახლოეს მოკავშირეებს ნარინჯისფერი რევოლუციის ბობოქარ დღეებში, კვლავაც ბევრი აქვთ საერთო. და, მათ შორის განხეთქილება არის ხელოვნური განხეთქილება, იუშჩენკოს მრჩევლების ნახელავი....

[ჰრიჰორი ნემირიას ხმა] “პრეზიდენტს თანაშემწეები და მრჩევლები სულ ეუბნებოდნენ: ნახეთ, ბატონო პრეზიდენტო, თქვენი რეიტინგი სულ უფრო კლებულობს, მაშინ როცა პრემიერ-მინისტრისა - იზრდება და ის თქვენ ზურგს შეგაქცევთ უშუალოდ, საპარლამენტო არჩევნების წინ. ამიტომ ჯობია, იჩქაროთ! აი, ეს იყო მესიჯი - ამბიციებზე, შურზე გათვლილი თამაში”.

მაგრამ თუ პრეზიდენტმა გაიაზრა სტრატეგიული კომპრომისის აუცილებლობა, ძველ მოკავშირეებს შორის კავშირის აღდგენა შესაძლებელია, დასძენს უკრაინელი პოლიტოლოგი... [ჰრიჰორი ნემირიას ხმა] “საკითხავი ის არის, შეძლებს თუ არა პრეზიდენტი ამ პოლიტიკური შურის დაძლევას და შექმნის თუ არა ატმოსფეროს სტრატეგიული კომპრომისის მისაღწევად”.

კომპრომისი ნიშნავს - ნემირიას განმარტებით - ტიმოშენკოს დაყაბულებას იუშჩენკოს მოთხოვნაზე, მთავრობამ უფრო ერთსულოვნად, კოლეგიელურად იმუშაოს. იუშჩენკო კი უნდა დაყაბულდეს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურებას, რასაც ტიმოშენკო ემხრობა. სხვა მხრივ, მათს პოზიციებს შორის განსაკუთრებულ სხვაობას უკრაინელი ექსპერტი ვერ ხედავს.

თუ ასეა, უკრაინის პრემიერ-მინისტრის პოსტზე იულია ტიმოშენკოს დაბრუნება ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს. სხვა საქმეა, რამდენი ხანი გასტანს იუშჩენკო-ტიმოშენკოს სტრატეგიული კომპრომისი. საპარლამენტო არჩევნები უკრაინაში, მარტში გაიმართება.
XS
SM
MD
LG