Accessibility links

logo-print

სეპარატისტული აფხაზეთი შავ ზღვაში ნავთობის მოპოვებას ცდილობს


20 სექტემბერს თვითაღიარებული ”სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის” დედაქალაქში, ცხინვალში, სტუმრად მყოფმა ასევე თვითაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის

პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, რომ აქტიურ მუშაობას ეწევა შავ ზღვაში ნავთობის მოსაპოვებლად. ბაღაფშისვე თქმით, რუსეთის კომპანიებთან მიმდინარე მოლაპარაკებები გადამწყვეტ სტადიაში შევა მომავალი წლის გაზაფხულზე. მე შევეცადე გამერკვია, ნავთობის რა მარაგი არსებობს შავი ზღვის აფხაზეთის აკვატორიაში და რამდენად რეალურია იქ რუსეთის კომპანიების მიერ ნავთობის მოპოვების დაწყება.

ცხინვალში ვიზიტად მყოფმა თვითაღიარებული აფხაზეთის პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა 20 სექტემბერს განაცხადა, რომ ცხინვალიდან პირდაპირ მოსკოვში მიემგზავრება ნავთობის მოპოვების საკითხებზე მოლაპარაკებების გასამართად. სერგეი ბაღაფშისგან ინტერვიუ აიღო ”ვრემია ნოვოსტეის” თბილისელმა კორესპონდენტმა მიხეილ ვიგნანსკიმ. გთავაზობთ ფრაგმენტს ამ ინტერვიუდან:

[სერგეი ბაღაფში] ”ჩვენი ნავთობის მიმართ არსებობს დაინტერესება და ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ზოგიერთ კომპანიასთან. ჩვენს შელფზე ნამდვილად არის სერიოზული მარაგი. ესე იგი საჭიროა ლაპარაკი სერიოზულ ფირმებთან.”

ეხება რა ნავთობპროექტის განხორციელების მიმართ საქართველოს ხელისუფლების შესაძლო წინააღმდეგობის საკითხს, სერგეი ბაღაფში აღნიშნავს:

[სერგეი ბაღაფში] ”ნავთობის მოპოვება ხელსაყრელი უნდა იყოს საქართველოსთვისაც. ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ რკინიგზასთან დაკავშირებით, ენერგეტიკაში, სხვა ეკონომიკურ პროექტებში. ჯერჯერობით ომის შემდგომი 12 წლის განმავლობაში საქართველოსგან ჩვენ, ძირითადად, მუქარა გვესმის.”

მუქარის რა მოგახსენოთ, მაგრამ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ნამდვილად არ მიესალმებიან ოფიციალური თბილისის დაუკითხავად შავი ზღვის აფხაზეთის შელფზე ნავთობის მოპოვების რაიმე მცდელობას. საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის კოტე გაბაშვილის კომენტარი:

[კოტე გაბაშვილის ხმა] ”მე არ მინდა, რომ ეს გავაფორმოთ რაიმე ანტირუსულ პოზიციად. არც ერთ კომპანიას ამქვეყნად არ უნდა ჰქონდეს უფლება საქართველოს ტერიტორიაზე, მით უმეტეს, იმ ქვეყნების წარმომადგენლებმა, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებენ, თავის თავს უფლება მისცენ დაიწყონ რაიმე ნედლეულის მოპოვება კანონის დარღვევით.”(სტილი დაცულია)

რუსეთის სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შავი ზღვის აფხაზეთის შელფზე ნავთობის მოპოვებით დაინტერესებულია უმსხვილესი ნავთობმომპოვებელი კომპანია ”ლუკოილი”. მის პრეზიდენტს ვაგიტ ალეკპეროვს ჯერ კიდევ 2001 წელს განუცხადებია, “ლუკოილს” აზოვისა და შავი ზღვის შელფი აინტერესებსო. ჩემთან ინტერვიუში კი “ლუკოილის” ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმირ სემაკოვმა განაცხადა, რომ მისი კომპანია, შავი ზღვის შელფზე მუშაობის სურვილის შემთხვევაში, ყველა საკითხს აუცილებლად საქართველოს ხელისუფლებასთან შეათანხმებს:

[ვლადიმირ სემაკოვის ხმა] ”რაც შეეხება რაღაც პროექტებს აფხაზეთში კომპანია “ლუკოილის” მიერ ნავთობის მოპოვების შესახებ, ეს არ შეესაბამება სინამდვილეს. ასეთი მოლაპარაკებები არ გამართულა აფხაზურ მხარესთან.”

არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, შავი ზღვის შელფის აფხაზეთის მონაკვეთში 200-დან 300-მდე მილიონი ტონა ნავთობის მარაგია. მე ნავთობის საკითხთა ექსპერტს სანდრო თვალჭრელიძეს ვკითხე, რამდენად რეალურია, რუსეთის რომელიმე ნავთობკომპანიამ შეძლოს ნავთობის აღნიშნული მარაგის მოპოვება.

[სანდრო თვალჭრელიძის ხმა] ”ბაღაფშს შეიძლება უნდა რუსული კომპანიებით ნავთობის მოპოვება შავი ზღვის შელფზე, მაგრამ ვერ მოახერხებს, რუსებს არა აქვთ ეს ტექნოლოგია. არა აქვთ არც გეოფიზიკური სამგანზომილებიანი ტომოგრაფიის ტექნოლოგია. მხოლოდ ამერიკელებს და ბრიტანელებს აქვთ.”

სწორედ ამერიკული კომპანია “ანადარკო” აწარმოებს სადაზვერვო სამუშაოებს შავი ზღვის შელფის საქართველოს მონაკვეთზე. მის მიერ აღმოჩენილი მასალები მოწმობენ, რომ საქართველოს საზღვაო საზღვრებში 1,5 მილიარდი ტონა ნავთობია ჩამარხული.
XS
SM
MD
LG