Accessibility links

logo-print

ევროპელები პოზიციას არბილებენ ირანის ბირთვულ პროგრამასთნ დაკავშირებით


ირანს საშუალება ეძლევა სული მოითქვას საერთაშორისო ზეწოლისგან მის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით.

ხუთშაბათს ვენაში გაიმართა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელობის სხდომა, რომელზეც ევროპის კავშირის წამყვანმა ქვეყნებმა უკან წაიღეს თავიანთი თავდაპირველი მოთხოვნა, რომ ირანის საქმე გაეროს უშიშრეობის საბჭოს გადაეცეს განსახილველად. ევროპელთა მოთხოვნა ამჟამად უფრო რბილად ჟღერს.

გასულ თვეში ირანსა და ევროპის კავშირს შორის მოლაპარაკებების ჩაშლისა და თეირანის მიერ ურანის გამდიდრების პროცესის განახლების შემდეგ ევროკავშირმა გამოაცხადა, რომ მისი ძალისხმევა უშედეგოდ დასრულდა და იგი უკვე იზიარებს შეერთებული შტატების მოთხოვნას უფრო მკაცრი ზომების აუცილებლობის თაობაზე.

ევროპის კავშირის დიპლომატებმა შეიმუშავეს გეგმის პროექტი, რომელიც ირანის დაგმობას და მისი საქმის უშიშროების საბჭოსთვის გადაცემას ითვალისწინებდა. მაგრამ წამყვანი ქვეყნების, რუსეთისა და ჩინეთის წინააღმდეგობის ფონზე ევროპელებმა აზრი შეიცვალეს და გადაწყვიტეს ნოემბრამდე მაინც გადადონ მკაცრი ზომების მიღება.

როგორც ლონდონის სტრატეგიული კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის ექსპერტმა, პატრიკ კრონინმა უთხრა ჩვენს რადიოს, ეს დრო ევროპელებმა და ამერკიელებმა შეიძლება ორ ფრონტზე გამოყენონ. ჯერ ერთი, ეცადონ ზეწოლა განაგრძონ რუსეთსა და ჩინეთზე და დაითანხმონ ისინი ირანის საკითხის უშიშროების საბჭოსთვის გადაცემაზე. ამავე დროს ევროკავშირმა შეიძლება მოლაპარაკებები განაახლოს ირანთან და ეცადოს დიპლომატიური გზით მიაღწიოს გარღვევას.

[კრონინის ხმა] "იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ირანი და ევროპელები შეძლებენ ახალი შეთანხმების მიღწევას და შეძლებენ ირანის მიერ ურანის გამდიდრების შემამაზადებელი ნაბიჯების შეჩერებასაც. ამან შეიძლება კიდევ უფრო მეტი დროის მოგება გახადოს შესაძლებელი და აღარც გახდეს საჭირო უშიშროების საბჭოში საქმის გადაგზავნა."

ოთხშაბათს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ადამ ერელიმაც აღიარა, რომ მეტი დრო იქნება საჭირო საკითხის გადასაწყვეტად. მაგრამ ამავე დროს მან აღნიშნა, რომ ირანი სულ უფრო და უფრო მეტად იქცევს თავს იზოლაციაში.

პატრიკ კრონინის თქმით, გადაჭრით არ შეიძლება ითქვას, რომ ირანს ნამდვილად სურს ბირთვული იარაღის შექმნა. მეორე მხრივ თეირანს არც ის სურს, რომ ამ ვარიანტზე უარი თქვას. ეს მას დიპლომატიურ ბერკეტებს ანიჭებს და ხელს უწყობს რეგინში მისი პრესტიჟის ზრდას.

მაგრამ ირანელებს ამავე დროს კარგად ესმით, რომ ბირთვული იარაღის მოპოვებით ისინი უხერხულობებსაც შეიქმნიან. მაგალითად, დასაბამს მისცემენ რეგიონში ახალ გამალებულ ბირთვულ შეიარაღებას. ამიტომაც თეირანი ცდილობს ამ ორ პოზიციას შორის წონასწორობა დაივას. მთავარი, რაც მას სურს ისაა, რომ მსოფლიოს თვალში სათანადო დაფასება მოიპოვოს.

არ უნდა დავივიწყოთ არც ის გარემოება, რომ საფრანგეთს, რუსეთს, ჩინეთსა და ინდოეთს სურთ განაგრძონ ირანთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება. არცერთს არ სურს, ეკონომიკური პრობლემები შეუქმნას თავს ირანისთვის ახალი სანქციების დაწესებით. ამავე დროს ისინი ცდილობენ, რეგონში სტაბილურობა შეინარჩუნონ და ხელი შეუშალონ ბირთვული იარაღის გავრცელებას.

ერთობ რთული და ჩახლართული ვითარებაა. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო პარასკევს განაგრძობს ამ საკითხებზე თათბირს.

XS
SM
MD
LG