Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბიუჯეტო ცვლილებების პროექტი - მთავრობის წარმატება თუ ხელისუფლების მიერ კანონის დარღვევა?


მომავალ კვირას საქართველოს პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს წლევანდელი ბიუჯეტის ცვლილებათა პროექტს, რომლის თანახმად, საშემოსავლო ნაწილი 26 მილიონი ლარითაა გაზრდილი.

უკვე ცნობილია, რომ პროექტს მხარს არ დაუჭერს საპარლამენტო ოპოზიცია, რომელიც საბიუჯეტო ცვლილებებს კანონდარღვევად და პრეზიდენტისა და მთავრობის მიერ სარეზერვო ფონდებიდან თვითნებურად დახარჯული ზედმეტი თანხის დაკანონებად აფასებს. ხელისუფლებისადმი კონკრეტულ პრეტენზიებთან დაკავშირებული დისკუსიისთვის რესპუბლიკურმა პარტიამ დამოუკიდებელი ექსპერტები მიიწვია და ხუთშაბათს სპეციალური მიმართვა გაავრცელა.

რატომ წარმოშვა საბიუჯეტო ცვლილებებმა მთავრობის იმპიჩმენტის საფუძველი?

შესაძლოა, უცნაური დამთხვევა იყოს, მაგრამ წლევანდელი ბიუჯეტი იმდენით იზრდება, რამდენითაც მთავრობამ მისი სარეზერვო ფონდის ლიმიტს გადააჭარბა. ლიმიტს მთავრობას და პრეზიდენტს უწესებს პარლამენტი, რომელსაც მომავალ კვირას იმის გადაწყვეტა მოუწევს, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდა მთავრობის კარგი მუშაობის შედეგია თუ ზედმეტად დახარჯული ათობით მილიონი ლარის ლეგალიზების მეთოდი. იმაში, რომ პრეზიდენტი და მთავრობა საკუთარი ფინანსური თავნებობის დაკანონებას ცდილობენ, ეჭვი არ ეპარებათ რესპუბლიკელებს, რომლებსაც ეს ეჭვი საგანგებოდ მიწვეულმა დამოუკიდებელმა ექსპერტებმაც დაუდასტურეს. პარლამენტის წევრი ივლიანე ხაინდრავა არსებითად მიიჩნევს იმის გარკვევას, თუ საიდან გაჩნდა დამატებითი საბიუჯეტო შემოსავალი:

[ივლიანე ხაინდრავას ხმა] ,,ოფიციალურად საუბარი არის, რომ ეს არის დღგ იმპორტირებულ პროდუქციაზე. მაგრამ ყველა მეტ-ნაკლებად ჩახედული ადამიანისთვის ჩნდება კითხვა, რომ თუ იმპორტირებული პროდუქციის
დღგ-ს ხარჯზე არის ეს შემოსავლების ზრდა, რატომ არ არის შესაბამისი ზრდა აქციზის და იმპორტზე გადასახადის ხარჯზე? აი, ამაზე პასუხი, უბრალოდ, არ არსებობს.” (სტილი დაცულია)

პასუხის არარსებობის გამო, მთავრობის მიერ დასახელებულ 26 მილიონს რესპუბლიკელები ,,ციდან მოტანილს” უწოდებენ და დარწმუნებულნი არიან, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებთან პრობლემების თავიდან ასაცილებლად მთავრობა სარეზერვო ფონდებიდან უკანონოდ დახარჯული თანხის ლეგალიზების ილუზიას ქმნის:

[ივლიანე ხაინდრავას ხმა] ,,ციფრებით და რიცხვებით მიმდინარეობს სრულიად უტიფარი მანიპულაცია და მცდელობა არის ყველას შეცდომაში შეყვანისა. ეს არის პირდაპირი ვოლუნტარიზმი, რომელიც დამახასიათებელია ავტორიტარული ტიპის მმართველობისთვის - როდესაც მე ხაზინაში ჩავყოფ ხელს, ავიღებ, რამდენიც მჭირდება, დავხარჯავ, როსთვისაც მჭირდება, ხოლო შემდეგ რამეს მოვიფიქრებ იმისთვის, რომ შევქმნა ილუზია, თითქოს ყველაფერი რიგზეა ამ სფეროში.” (სტილი დაცულია)

საბიუჯეტო ცვლილებებთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს არამხოლოდ საპარლამენტო ოპოზიციას. უკანონობაზე საუბრობენ თავად პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის წარმომადგენლები, რომელთა უარყოფითი დასკვნა ყველა დეპუტატს გაეგზავნა. საშემოსავლო ნაწილის გაზრდას მხოლოდ ერთი მიზეზით ხსნის ოფისის ექსპერტი ოთარ კანდელაკი:

[ოთარ კანდელაკის ხმა] ,,იმიტომ რომ გარღვევა ხდებოდა პრეზიდენტის და მთავრობის ფონდებში. წლის საფინანსო შედეგებში ეს იყვირებდა, როგორც შეუსაბამობა. კანონით, როდესაც პარლამენტი ადგენს, რომ პრეზიდენტსა და მთავრობას შეუძლია დახარჯოს ესა და ეს რაოდენობა, ის უკვე გადაჭარბებულია. ეს - ერთი დარღვევა და მეორე ის, რომ ხდება, აი, ასე, პოსტ-ფაქტუმ.” (სტილი დაცულია)

რომელი კანონით სარგებლობს მთავრობა, როდესაც უკანონოდ დახარჯული მილიონების კორექტირებას პარლამენტისგან ითხოვს და რომელი კანონის მიხედვით მოქმედებდნენ პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი, როდესაც დიდი ხნის წინ ამოწურული სარეზერვო ფონდებიდან ხარჯის გაღებას განაგრძობდნენ? - ამ და სხვა შეკითხვებით რესპუბლიკელები მთავრობას მიმართავენ. პრემიერის პასუხს, ,,ჩვენი ფულია და რაც გვსურს, იმას გავაკეთებთო,” იურისტი თინა ხიდაშელი იმის ნიშნად მიიჩნევს, რომ მთავრობა არ აპირებს კანონს ან ლოგიკას დაემორჩილოს:

[თინა ხიდაშელის ხმა] ,,გაზრდილი მადის პირობებში ფანტაზიას საზღვარი არა აქვს. მე ახლა ველოდები, რომ ის რეკლამები, რომელიც გადის, სამხედრო მარშების კონკურსი რომ ტარდება, ალბათ, იმასაც პრეზიდენტი სარეზერვო ფონდიდან დააფინანსებს. ისე, როგორც არაერთი ღონისძიება დაუფინანსებია ნაციონალური მოძრაობის. ჩვენ სახეზე გვაქვს კლასიკური სახით ჩამოყალიბებული, დასრულებული თვითნებობის და უფლებამოსილების გადამეტების დანაშაული, რომელიც თავმოყვარე პარლამენტის პირობებში აუცილებლად მინიმუმ დებატის საგანი გახდებოდა და როგორც კანონი ითხოვს, იმპიჩმენტის საგანი გახდებოდა.” (სტილი დაცულია)

იმის შესაძლებლობა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა მთავრობის იმპიჩმენტის მოთხოვნას მხარს დაუჭერს, პრაქტიკულად არ არსებობს, თუნდაც იმის მიუხედავად, რომ, ბიუჯეტის ზრდის პარალელურად, მთავრობამ შეკვეცა დაფინანსება სოციალური დახმარების რამდენიმე პროგრამისა, რომელიც მოსახლეობას რუსლანას კონცერტზე, პატრიოტთა ბანაკებსა და ატრაქციონებზე მეტად სჭირდება.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG