Accessibility links

”გაზპრომი” ბუნებრივი აირის მოწოდების შემცირებას აპირებს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ენერგეტიკის მინისტრის ოპტიმისტური დაპირებების მიუხედავად, საქართველოს გაზმომარაგებაში შეიძლება პრობლემები შეიქმნას. როგორც ქართული მედიისათვის გახდა ცნობილი,

”გაზექსპორტი“ საქართველოში გზავნის შეტყობინებას, რომლითაც ”გაზპრომი“ გვაფრთხილებს, რომ საქართველოში გაზმომარაგება შემცირდება. რატომ ექმნება პრობლემები საქართველოს ბუნებრივი აირით მომარაგებაში?
მედიაში გავრცელებული ცნობით, საქართველოს გაზმომარაგება 1/3-ით შემცირდება, რაც ხელისუფლების მიერ ”გაზპრომის“ წინაშე აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობას უკავშირდება. საუბარია ზამთრის სეზონის განმავლობაში დაგეგმილი მოხმარების ბალანსზე, რომელიც საქართველოს მთავრობას ”გაზპრომისათვის“ უნდა მიეწოდებინა. ამის შესახებ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ მიიღო საქართველოს მთავრობამ გაფრთხილება. ორი კვირის წინ კი ენერგეტიკის მინისტრი ნიკა გილაური მოსკოვში იმყოფებოდა მოლაპარაკებაზე და, მისი რწმუნებით, საქართველოსათვის გაზის ტარიფის გაზრდის ან მოწოდების შემცირების შესახებ გადაწყვეტილება არ იყო მიღებული.
ქართულმა მხარემ მოსკოვში ვიზიტისას აიღო ვალდებულება 19 სექტემბრამდე "გაზპრომისათვის" წარედგინა უახლოესი 10 წლის განმავლობაში საქართველოში გაზის მოხმარების ბალანსები და ძველი დავალიანების დაფარვის გრაფიკი. მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ მოახერხა ბალანსის ”გაზპრომისათვის“ დათქმულ ვადაში მიწოდება, რის გამოც, ქართული მედიის მტკიცებით, საქართველოს ბუნებრივი აირის მოწოდება გაუნახევრდება. პრესაში გავრცელებულ ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს ენერგეტიკის მინისტრი ნიკა გილაური:
[ნიკა გილაურის ხმა] ”არანაირი გაზის შეზღუდვა თბილისში ჯერჯერობით არ არის არსად. საიდან მოგაქვთ ეს დეზინფორმაცია, ჩემთვის გასაკვირია.”
რაც შეეხება ბალანსის საკითხს, ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ დათქმულ ვადად 19 სექტემბერი იურიდიულად არ ყოფილა გაფორმებული. ამიტომ მოდავება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ”გაზპრომის“ მხრიდან გაუმართლებელი იქნებოდა.
გაზის მოწოდების შემცირებას ამ ეტაპზე უარყოფს ”გაზპრომის” შვილობილი კომპანია ”გაზექსპორტის” საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დავით მორჩილაძე, თუმცა აქვე მიანიშნებს, რომ საქართველოს ”გაზპრომის” ალტერნატივა არა აქვს და უახლოეს მომავალში არც ექნება:
[დავით მორჩილაძის ხმა] ”ბოლო ორი წლის განმავლობაში ”გაზპრომი” იყო უწყვეტი გაზმომარაგების გარანტი საქართველოში და, იმედია, ეს ასეც გაგრძელდება, მით უმეტეს, რომ ალტერნატიული წყაროები უახლოეს პერიოდში ვერ შეცვლიან ”გაზპრომის” მიერ მოწოდებულ გაზს.”(სტილი დაცულია)
პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, საქართველო ზამთრის სეზონის განმავლობაში 2 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს, ამის შესახებ ბალანსი უკვე შედგენილია და იგი ”გაზპრომს” მიეწოდება.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ოფიციალურად არც ერთი უწყება არ ადასტურებს საქართველოსათვის ბუნებრივი აირის მოწოდების შემცირების შესახებ შეტყობინებას, თავად ამ ინფორმაციის გამოჩენა საეჭვოდ ემთხვევა საქართველოზე გამავალი მაგისტრალური გაზსადენის ”გაზპრომისათვის” მიყიდვის გარიგების საბოლოო ჩაშლას და საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობის დაძაბვას. თუ ამგვარ სიტუაციაში რუსული ენერგოგიგანტის ქმედებების ტრადიციას გავითვალისწინებთ, სავარაუდოა, რომ ეს უსიამოვნო პერსპექტივა, მართლაც, რეალობად გვექცეს.
XS
SM
MD
LG