Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრესის მიმოხილვა


დავით პაიჭაძე, თბილისი გასული კვირაც, წინა კვირათა მსგავსად, გაჯერებული გახლდათ არაერთი საინტერესო მოვლენით, რომელსაც პრესის ყურადღება არ მოჰკლებია.

მსმენელებს უთუოდ ახსოვთ, როგორ გაშუქდა თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთში სახელმწიფოებრიობის ზეიმი და მისი თანამდევი მოვლენები: საქართველოს თავდაცვის მინისტრის შესვლა რეგიონში და ცხინვალის აღლუმზე დამსწრეთა დაბრკოლება შინ დაბრუნებისას, რასაც მოჰყვა ცხინვალისა და რეგიონის ქართული სოფლების დაბომბვა...

მაგრამ ჩვენ ვარჩიეთ, უწინარესად შეგახსენოთ ერთი პუბლიკაცია, რომელიც სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში არსებულ ვითარებას აღწერს თვითმხილველისა და ანალიტიკოსის თვალსაზრისით. გასულ სამშაბათს, გაზეთ 24 საათში გამოქვეყნდა “უოლ სტრიტ ჯორნალის” მიმოხილველის, ვლადიმირ სოკორის სტატია, სადაც ის ჩამოთვლის სეპარატისტულ რეგიონებში რუსეთის პოლიტიკის 8 ინსტრუმენტს, რომელთა მეშვეობით ამ რეგიონების ფაქტობრივ შთანთქმას ახორციელებს. პირველი: მოსკოვი აჭიანურებს მოლაპარაკებას, ინარჩუნებს მონოპოლიას სამშვიდობო ძალებზე და თუ სჭირდება, ახდენს ეთნიკური წმენდის პროვოცირებას. მეორე: სეპარატისტული ხელისუფლების სათავეში ნიშნავს მისდამი ლოიალურ ხელმძღვანელობას, რომელიც რუსეთის საიდუმლო სამსახურებს უკავშირდება. მესამე: აღნიშნულ რეგიონებს მოსკოვი საინფორმაციო ვაკუუმში ამწყვდევს და უცხოელ ჟურნალისტებს არ აკარებს. მეოთხე: რუსი ოფიცრები წვრთნიან სეპარატისტების შეიარაღებულ ძალებს. მეხუთე: ერთადერთი საგადასახადო საშუალება იქ რუსული რუბლია. მეექვსე: რუსეთი უკანონოდ ახდენს მოქალაქეობის დემპინგს, ანუ ანიჭებს რეგიონის მცხოვრებლებს რუსეთის მოქალაქეობას და ამით ფაქტობრივი ანექსიისათვის დეკორაციას ამზადებს. მეშვიდე: რუსეთის სახელმწიფო და კერძო საწარმოები აფხაზეთში საქართველოს სახელმწიფო ქონებას იტაცებენ და მერვე: რუსეთ საქართველოს საზღვრის შესაბამის მონაკვეთებს, აფხაზებთან და ოსებთან ერთად, რუსული ძალები აკონტროლებენ. წერილის ავტორი მიჩნევს, რომ საქართველოს დასავლელმა პარტნიორებმა და საერტაშორისო ორგანიზაციებმა აუცილბლად უნდა მოახდინონ რეაგირება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საერთაშორისო ნორემბისა და კანონების უხეშ დარღვევაზე.

ამ გამოწვევებზე საქართველოს ხელისუფლების პასუხებსაც გასული კვირის პრესაში არაერთი პუბლიკაცია მიეძღვნა. კრიტკული იყო მასალა “ახალ ვერსიაში”, სადაც წაიკითხავდით, რომ “კონფლიქტის მოგვარების საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს ხელსუფლებას ერთიანი პოზიცია არა აქვს. ზოგიერთი უწყება მონათესავე უწყებას აშკარა საბოტაჟს უწყობს. მაგალითად, რასაც თავდაცვის სამინისტრო აკეთებს, არ მოსწონს შინაგან საქმეთა სამინისტროს და პირიქით. ორივეს ერთად კი არ მოსწონს ის, როგორც გიორგი ხაინდრავას უწყება იქცევა. ხელისუფლენბის არათანმიმდევრულობა და კონცეფციის არქონა ტრაგიკული შედეგით გვიბრუნდება და სეპარატისტებსა და მათ მხარდამჭერებს პროვოკაციების მოწყობის შესაძლებლობას აძლევს”.

ახლა შაბათის, 24 სექტემბრის პრესასაც შევავლოთ თვალი. აქვე გეტყვით, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემატიკა შაბათის გაზეთებშიც არის გაშუქებული, მაგრამ ჩვენ სხვა საკითხებს მიმოვიხილავთ. “პროფკავშირებში ირაკლი ტუღუშის ეოპქა დასრულდა” – ამცნობს მკითხველებს გაზეთი “რეზონანსი”. “გუშინ გამართულმა პროფკავშირების მე-7 ყრილობამ ახალ თავმჯდომარედ ირაკლი პეტრიაშვილი აირჩია. ტუღუში აცხადებს, რომ იგი ხელისუფლებამ აიძულა, გადამდგარიყო. ირაკლი პეტრიაშვილი ახალი პროგრამითა და ახალი გუნდით პროფკავშირების წინ წამოწევას გეგმავს. გარანტიას გაძლევთ, დღევანდელზე უკეთესი სიტუაცია რომ იქნება, თუმცა მთებს ვერ გადავატრიალებთ. საფუძველს ჩავუყრით დასავლური ტიპის პროფკავშირული ორგანიზაციის ჩამოყალიებებას. ახალი პროფკავშირები ორიენტირებული იქნება არა უსულო საგნებსა და შენობებზე, არამედ საკუთარ წევრებზე” – განუცხადა “რეზონანსს” პროფკავშირების ახალმა თავმჯდომარემ.

მერვე ლეგიონში ჩამონგრეულმა კორპუსმა პრესას ავარიული სახლთა მდგომარეობის შესწავლისაკენ უბიძგა. თბილისში დანგრევის საშიშროება კიდევ 4000-მდე კორპუსს ემუქრება – ეს ორ დღეში დაასკვნა გაზეთმა ალიამ. თბილისის პრემიერის, თემურ ქურხულის ინფორმაციით, რომელიც ამ გაზეთში ქვეყნდება, დედაქალაქში 1200 ოთხ- და ხუთსართულიანი “ხრუშჩოვკის” ტიპის სახლია, მათ შორის 450 ავარიულად ითვლება. ამ 450-დან 259 ისანი სამგორის რაიონშია, ანუ იქ, სადაც სახლი გასულ კვირაში ჩამოინგრა. რაც შეეხება მაღალსართულიან სახლებს, თბილისის პრემიერის თქმით, მათ 40-50 წლის საექსპლუატაციო ვადა აქვთ. დღეს თბილისში 15 ათასი მრავალსართულიანი კორპუსია, მათგან 3500 – 4000 ავარიულია – ვკითხულობთ “ალიაში”.
XS
SM
MD
LG