Accessibility links

logo-print

ბიბლიოთეკა


დავით პაიჭაძე, თბილისი ზაზა ბურჭულაძე უკვე ხუთი წიგნის ავტორია. ხუთიდან სამი, შეიძლება ითქვას, ქართულ კრიტიკას შეუმჩნეველი არ დარჩენია, მაგრამ მათი დამწერი მაინც ვერ გახდა პოპულარული მწერალი.

ყოველკვირეული “ბიბლიოთეკის” წამყვანის აზრით, ეს იმიტომ ხდება, რომ ზაზა ბურჭულაძე უჩვეულო მწერალია – ქართული ლიტერატურისთვის უჩვეულოა მისი პრობლემატიკა, ენა, პერსონაჟები... დღეს ზაზა ბურჭულაძის მეხუთე წიგნზე ვილაპარაკებთ. წიგნს “სახარება ვირისა” ჰქვია.

ერთ რუსულ ირონიულ გამოთქმას თუ მოვიხმობთ, ზაზა ბურჭულაძე ფართოდ არის ცნობილი ვიწრო წრეებში. მისი რომანების სარეცენზიოდ დამაშვრალან ახალი თაობის ცნობილი ქართველი ლიტერატურათმცოდნეები. თუ თანამედროვე ქართველ მწერალთა აბსოლუტურ უმრავლესობას შეუძლია უშუალოდ, ყოველგვარი კრიტიკის გარეშე, “მიიტანოს” ტექსტები მკითხველთან, ზაზა ბურჭულაძის გაგება, განმარტებათა წაუკითხავად, შესაძლოა, ბევრმა არათუ ვერ შეძლოს, არც ისურვოს. მიუხედავად ამისა, ამ ავტორმა მხოლოდ მეხუთე - ჯერჯერობით ბოლო - წიგნი გამოსცა, თანდართული კომენტარებით. შეიძლება ითქვას, კრიტიკას კი არ დაელოდა, არამედ კრიტიკოსი შეიამხანაგა და, არსებითად, ერთობლივი წიგნი გამოსცეს. გამომცემლობა “ლოგოს პრესის” ამ წიგნს ასეც აწერია: ზაზა ბურჭულაძე, “სახარება ვირისა”. რომანი, გაგა ლომიძის კომენტარებით. მოცულობით კომენტარები ბურჭულაძის ტექსტის, სულ ცოტა, ორ მესამედს მაინც შეადგენს. თანამედროვე ქართულ პროზაში არახალია კომენტარების ქცევა ძირითადი ტექსტის აუცილებელ ნაწილად, რომლის მეშვეობითაც რომანისა თუ მოთხრობის საზრისი გასაგები ხდება მკითხველისათვის, ან სულაც კომენტარი ხსნის კვანძს ნაწარმოებში და ასრულებს მოქმედებას. თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში პირველი ასეთი ტექსტი იყო აკა მორჩილაძის “გადაფრენა მადათოვზე და უკან”. სქოლიოებისა და კომენტარების გარეშე საშუალო ზომის მოთხრობა იქნებოდა მისივე რომანი “ვენერას სიზმარი”, რომელიც ამას წინათ მიმოვიხილეთ “ბიბლიოთეკაში.” მაგრამ ზაზა ბურჭულაძის “სახარება ვირისა” სხვა შემთხვევაა. აქ კომენტარები კი არ ავსებენ ან ავრცობენ მოქმედებას, ან ერთ პროზაულ ფორმას გარდაქმნიან მეორედ, არამედ, ერთი შეხედვით, კომენტარის ძირითად ფუნქციას ასრულებენ: განმარტავენ ტექსტს, მასში კოდირებულ მნიშვნელობებს, ალუზიებს, მინიშნებებს და ა.შ. თუმცა - რატომ მხოლოდ ერთი შეხედვით?

ალბათ, უწინარესად, იმიტომ რომ “სახარება ვირისა” არ გახლავთ რომანი, რომელშიც მოქმედება წრფივად, ან სპირალურად, ანაც სხვა რიგის კომპოზიციით ვითარდება. მოქმედება ამ ტექსტში საერთოდ ძნელი მოსახელთებელია. თუმცა მისი კომენტარების ავტორი, კრიტიკოსი და ლიტერატურათმცოდნე გაგა ლომიძე მიიჩნევს, რომ “სახარება ვირისა” მაინც რომანია, თან - პაროდიული რომანი:

[ლომიძის ხმა] “ზაზას დასრულებული ჰქონდა ეს რომანი, როცა თვითონვე აპირებდა კომენტარების დართვას, ოღონდ მერე გადაიფიქრა და, მე მგონი, სწორადაც მოიქცა. უნდოდა, რომ კომენტარები უფრო მოცულობითი ყოფილიყო, თითქმის ტექსტისხელა, რაც პაროდიულ ხასიათსაც მატებდა თვითონ ტექსტს.”

გაგა ლომიძე ამბობს, რომ კომენტარები ხაზს უსვამს ამ რომანის პაროდიულობას. ესაა პაროდია მეცნიერებაზე. რაც შეეხება საშუალებებს, რითაც მწერალი ცდილობს პაროდიულ ეფექტს მიაღწიოს, გაგა ლომიძე მათ შორის, უწინარესად, ენას აღნიშნავს. მისი აზრით, ზაზა ბურჭულაძის ენა ქართულენოვანი თარგმნილი ლიტერატურისა და საკუთრივ ქართული სალიტერატურო ენის თავისებური სინთეზია.

[ლომიძის ხმა] “მისი ეს მაღალფარდოვანი ენა შერწყმულია თვითდაკნინებასთან, რომელიც უცბად გარდაიქმნება, კარნავალურ ხასიათს ატარებს. ხდება ტრანსპოზიცია, რომლის დროსაც როლები იცვლება მკითხველსა და პირველ პირს შორის. ანუ თვითდაკნინების გზით, როგორც კარნავალში ხდებოდა ხოლმე, მეფე აღმოჩნდება მასხარა და მასხარა აღმოჩნდება მეფე.”

იცვლება არა მხოლოდ ავტორისა და მკითხველის როლი, არამედ თვით ავტორის პოზიციებიც: ის ხან მკვლევარია, ხან მწერალთა კავშირის კრებაზე დამსწრე გალაკტიონ ტაბიძე, ხანაც საერთოდ ვირის პოზიციიდან ლაპარაკობს. მეცნიერების პაროდიას რაც შეეხება, ორ მოტივს გამოვყოფდი: ერთია, ასე ვთქვათ, ვირის ფენომენის კვლევა კულტურაში, რაც, დიდწილად, თვითონ ავტორი-ვირის თვითპროეცირებით ხორციელდება, მეორე კი გახლავთ გალაკტიონის “ლურჯა ცხენების” ანალიზი. მეცნიერული ჟარგონის პაროდირებით ავტორი ამტკიცებს, რომ ლურჯა ცხენები სინამდვილეში ვირები არიან და მკითხველიც იოლად ავსებს ასოციაციურ რიგს: გალაკტიონი არის მესია, რომელიც ვირზე (ანუ “ლურჯა ცხენებზე”) ამხედრებული შევიდა ქართულ პოეზიაში, რათა ეხსნა ის. კულტურაში ვირის ფენომენის პაროდიული აღწერა კი ემსახურება ამ ცხოველის აპოლოგიას, რომელიც როგორც ლიტერატურული, ისე სავსებით რეალური ფაქტებით არის გამაგრებული. რომანს ტყუილად არ უძღვის ძველი აღთქმის რიცხვთა წიგნიდან ის ნაწყვეტი, რომელიც ბალაამის ვირზე მოგვითხრობს.

წიგნის, “ებრაული სამყაროს”, ავტორი რაბინი იოსეფ ტელუშკინი წინასწარმეტყველ ბალაამისა და მისი ვირის საუბარს ბიბლიაში ყველაზე შემზარავ დიალოგს უწოდებს და წერს, რომ, ებრაული ტრადიციის თანახმად, როგორც კი უფალმა მის პატრონს თვალები აუხილა, ბალაამის ვირი იმწამსვე მოკვდა, რათა ადამიანებს არ ეთქვათ, აი, ცხოველი, რომელიც ლაპარაკობდაო, და არ ექციათ ის თაყვანისცემის საგნად. ჩანს, ზაზა ბურჭულაძისთვის ვირი არა უხეშობის, სიჯიუტისა და უჭკუობის, არამედ სიბრძნისა და თავმდაბლობის სიმბოლოა. გაგა ლომიძის აზრით, ავტორი “ამით დღევანდელ ღირებულებებსაც, დღევანდელ საზოგადოებრივ აზრსაც უპირისპირდება გარკვეულწილად.”

კარგი, მაგრამ რა შუაშია გალაკტიონი? გაგა ლომიძე რომანის დასაწყისს იხსენებს:

[ლომიძის ხმა] “პირველ ორ თავში, თუ არ ვცდები, გადმოცემულია არისტოტელეს შეხედულება ხელოვნებაზე. ვირი, ხელოვნება და ამ დროს გალაკტიონი - ეს ყველაფერი პირდაპირ კავშირშია, რადგან ამ რომანის ერთ-ერთი მთავარი თემა ხელოვნების რაობაა.”

ხელოვნების და ხელობის მიმართება, მწერლის ოსტატობის საკითხი ზაზა ბურჭულაძეს, მართლაც, იზიდავს. მისი წინა რომანი, “მინერალური ჯაზი”, სწორედ ამაზეა. პერსონაჟთა სიმრავლის მიუხედავად, იქ მთავარი მოქმედი პირი ავტორია, რომელიც დაუსრულებლად ძერწავს პერსონაჟებს, მიაგდებს და ხელახლა ქმნის მათ, ავითარებს და წყვეტს მოქმედებას, რათა სხვა მიმართულებით განავითაროს იგი, თან ამ პროცესზე მუდმივად პროეცირებულია წერის დროს. “მინერალური ჯაზის” მთავარი დასკვნა გახლავთ ავტორის სიტყვები: “მე ვიცი, როგორ არ უნდა დაიწეროს რომანი, მაგრამ არ ვიცი, როგორ უნდა დაიწეროს ის”. მე ვთხოვე გაგა ლომიძეს, მოენახა ასეთივე მთავარი დასკვნა თუ არა, საკითხი მაინც “სახარება ვირისაში”.

გაგა ლომიძე პასუხს თანამედროვე საქართველოს ლიტერატურულ ცხოვრებას უკავშირებს:

[ლომიძის ხმა] “ჩემი აზრით, ეს უნდა იყოს დაეჭვება, თუ რა არის ხელოვნება. ამით თითქოს ანგრევს იმავე ლიტერატურულ წრეებში გაბატონებულ თვალსაზრისს, რომ თითქოს ვინმე რაიმე ღირებულს ქმნიდეს, ან შეიძლება კი, საერთოდ, შეიქმნას რაიმე ღირებული? ან ვინ არის მესია და ვინ არა? - რატომღაც მესიობის პრეტენზია აქვს დღეს უმრავლესობას და, ჩემი აზრით, რომანის ძირითადი პრობლემა უნდა იყოს ამ ილუზიის ნგრევა.”

ზაზა ბურჭულაძემ, რომ იტყვიან, ხელთათმანი ესროლა ქართული ლიტერატურის - საერთოდ, კულტურის - არაერთ სტერეოტიპს, კარგად ცნობილ მოტივსა თუ სულაც იმას და იმის გამო, რაც ამ ლიტერატურასა და კულტურაში არ ჩანს. ზაზა ბურჭულაძის წინა რომანები სწორედ ასეთ გამოწვევებს შეიცავს. ქართულ კულტურაში დედის ფენომენზე მსჯელობა ასე 13 წლის წინათ დაიწყო და დღემდე ქართლის დედის ქანდაკება ბევრს თაყვანისცემის საგნად მიაჩნია. ამ თემაზე პოლემიკის დროს ყველას დაავიწყდა ზაზა ბურჭულაძის მცირე რომანი “წერილი დედას”. ქართული ლიტერატურისთვის ასევე უცნობია ჰომო- და ცოლქმრული ეროტიკის მოტივები, რომლებიც თავს იჩენს მისსავე “სიმფსონებში”. გაგა ლომიძე ფიქრობს, რომ ზაზა ბურჭულაძე თავის მეხუთე წიგნშიც ბეწვის ხიდზე მოძრაობს, ბანალურობაში გადასვლის რისკით:

[ლომიძის ხმა] “ჩემთვის ზაზა ბურჭულაძე იმით არის მნიშვნელოვანი, რომ ხშირ შემთხვევაში გაბატონებულ შეხედულებას ანგრევს. ზაზა, მე მგონი, ძალიან მგრძნობიარეა, რაც მწერლისათვის აუცილებელია, და ნამდვილად უჩნდება პროტესტის გრძნობა. ამას სხვასთან ვერ ვხედავ. ყველა სხვასთან ხელოვნური ეპატაჟია და განცდილი არ არის, ზაზა კი ყველაფერს განიცდის.”

დაბოლოს: ვინც მზად არის ზაზა ბურჭულაძეს ორიგინალობად ჩაუთვალოს რომანისათვის ძველი აღთქმის რიცხვთა წიგნიდან ბალაამის ვირის ეპიზოდის წამძღვარება, ვეტყვით, რომ ზუსტად ამ ეპიზოდით დაიწყო 1989 წელს გამოცემული თავისი რომანი ნიკ ქეივმა. ნიკ ქეივი ალტერნატიული როკ-მუსიკის ვარსკვლავია, პოეტი და კომპოზიტორი. მის წიგნს ჰქვია “და იხილა ვირმან მან ანგელოზი ღმრთისაჲ”. ის დაწერილია მისტიკური თრილერისა და ფსიქოლოგიური რომანის ჟანრთა ზღვარზე. ხოლო როგორ არის დაწერილი ზაზა ბურჭულაძის რომანი, ამაზე, ჩვენი შეძლების კვალად, უკვე ვილაპარაკეთ.
XS
SM
MD
LG