Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორშაბათს თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის


ორშაბათს თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის

თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში სწავლა არ დაიწყება. მომავალი მსახიობები, რეჟისორები, თეატრმცოდნეები, კინომცოდნეები სწავლას 3 ოქტომბერს შეუდგებიან. ეგრეთ წოდებული ”სახელოვნებო სასწავლებლებისთვის” ეს უკვე ტრადიციაა. აქამდე სწავლის დაგვიანებას საზაფხულო პრაქტიკებით ხსნიდნენ. თუმცა წელს სახელოვნებო სასწავლებლებში სხვა საქმეები აქვთ. აღმოჩნდა, რომ განათლების რეფორმა თუნდაც თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში მნიშვნელოვანი ბარიერების გადალახვას მოითხოვს და რეფორმის განხორციელება აქ გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე სხვა უმაღლეს სასწავლებლებში. თეატრალური უნივერსიტეტის ”რეფორმატორები” ვალდებულნი არიან, ერთი მხრივ, დაიცვან კანონი და გადავიდნენ სამსაფეხურიან სწავლებაზე, მეორე მხრივ კი, გაითვალისწინონ სახელოვნებო სასწავლებლების სპეციფიკა. რა ვუყოთ, მაგალითად, აბიტურიენტებს, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს საერთო ეროვნული გამოცდა, მაგრამ მეტყველება არ უვარგათ? არადა, თუ მსახიობობა უნდათ?

ეს პრობლემა, ასე თუ ისე, გადაიჭრა. განათლების სამინისტრო დათანხმდა სახელოვნებო სასწავლებლებში დამატებითი გამოცდების ჩატარებაზე. მაგრამ აქვე გაჩნდა სხვა პრობლემა - როგორი უნდა იყოს მომავალი მხატვრების, მსახიობების, მუსიკოსების მომზადების პროგრამა? იქნებ საერთოდ აღარ გავცეთ მათთვის უმაღლესი სასწავლებლის დიპლომები?

ასეთი შეკითხვით მივმართეთ თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის რექტორს გიორგი მარგველაშვილს:

[გიორგი მარგველაშვილის ხმა] “ამ აზრის მომხრეების არგუმენტი იყო, რომ იმდენად სპეციფიკურია სახელოვნებო სასწავლებლები, რომ შეუძლებელია ისინი სრულად ჩაჯდნენ იმ პარამეტრებში, რაც მითითებულია უმაღლესი განათლების კანონში...ამბობენ, სამსახიობო ოსტატობას როგორ უნდა ვუწოდოთ “უმაღლესი განათლება”, როცა ადამიანი ოთხი წელი ცეკვა-თამაშში ატარებს დროსო, მაგრამ (იცინის)... რამდენად არგუმენტირებულად მიეკუთვნებიან სახელოვნებო სასწავლებლები უმაღლეს სასწავლებლებს?”(სტილი დაცულია)

გიორგი მარგველაშვილის თქმით, ეს რიტორიკული კითხვაა. რა თქმა უნდა, მიეკუთვნებიან:

[გიორგი მარგველაშვილის ხმა] “მე მგონი, ეს საკამათო არ არის, რადგან ამ ქვეყანას აქვს სახელოვნებო უმაღლესი განათლების თავისი ტრადიციები, ეს ტრადიცები არ არის მხოლოდ ამ ქვეყნის მოგონილი. დასავლური ცივილიზაციის სამყაროში, რომლისკენაც ჩვენ მივისწრაფვით, აგრეთვე არის უმაღლესი სასწავლებლები, სახელოვნებო, სხვადასხვა პროფილის, სხვადასხვა მეთოდოლოგიით.”

თუმცა თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის რექტორის თქმით, სკეპტიკოსებს მხოლოდ ტრადიციები არ დააკმაყოფილებს. ამ ეტაპზე აუცილებელია მნიშვნელოვანი რეფორმა გატარდეს სწავლების სისტემაში - შეიცვალოს მეთოდოლოგია, სასწავლო პროგრამები. თავისთავად ეს საკმაოდ მტკივნეული პროცესია ”თეატრალურის” პედაგოგებისთვის, რადგან ”რეფორმატორები” აქ მხოლოდ აუცილებელი საგნების დატოვებას აპირებენ.

[გიორგი მარგველაშვილის ხმა] “იმავე “ბოლონიის პროცესის” მოთხოვნებიდან გამომდინარე, უნდა იყოს განსაზღვრული საათების რაოდენობა, რითიც შეიძლება დაიტვირთოს სტუდენტი... ეს არ არის ადვილი, რადგან სტუდენტების ამ აბსურდული რაოდენობის შესატყვისი პარამეტრები ჰქონდა მიღებული სასწავლო გეგმებსაც.”(სტილი დაცულია)

რადიო “თავისუფლებასთან” საუბარში გიორგი მარგველაშვილი კიდევ ერთ სერიოზულ პრობლემას იხსენებს - საქართველოს ამ უძველესი უმაღლესი სასწავლებლის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას:

[გიორგი მარგველაშვილის ხმა] “ინსტიტუტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა ამ წუთში არ შეესაბამება იმ მოთხოვნებს, რომელიც დღევანდელ რეალობაში არსებობს იმისათვის, რომ გაზარდო პროფესიონალი...ჩვენ გვაქვს გეგმები, გვსურს ფასიანი სექტორიდან ხარჯების გაზრდა ამ მიზნით. ძალიან მძიმე მდგომარეობაშია საბიბლიოთეკო ფონდი... ბარბაროსული მოპყრობით, რაშიც წვლილი მიუძღვით იმ სტუდენტებს, ვინც აქ სწავლობდა და, მეორე, ის, რომ ჩვენი ბიბლიოთეკის წიგნები, ძირითადად, რუსულენოვანია. დღეს ჩვენ იმ რეალობაში ვართ, როცა რუსულენოვანი მოსახლეობა კლებულობს...ამიტომ ჩვენ სასწრაფოდ უნდა შევავსოთ საბიბლიოთეკო ფონდი სხვა ენების ლიტერატურით.”(სტილი დაცულია)

დიახ, ესეც ახალი რეალობაა. “თეატრალურის” სტუდენტებს ინგლისური უკეთ ესმით, ვიდრე რუსული. თეატრალური ბიბლიოთეკა კი სავსეა რუსული სახელმძღვანელოებით, რომელიც ზოგიერთი სტუდენტისთვის მხოლოდ ”სურათებიანი წიგნის” როლს ასრულებს. გიორგი მარგველაშვილის თქმით, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტს უკვე დაეხმარნენ საფრანგეთის, შეერთებული შტატების, პოლონეთის საელჩოები. ნელ-ნელა მდიდრდება ბიბლიოთეკაც და ვიდეოთეკაც. გარდა ამისა, სწავლის დაწყების წინ უნივერსიტეტმა შეიძინა
ვიდეოპროექტორი, რომელიც დაიდგმება საპროექციო დარბაზში და სტუდენტებს ნორმალურ პირობებში შეეძლებათ ნახონ ფილმები და ფირზე ჩაწერილი სპექტაკლები.

თუმცა ”თეატრალურის” პრობლემები ამით არ ამოიწურება. გიორგი მარგველაშვილის თქმით, სახელოვნებო სასწავლებლებში სტუდენტების პროფესიონალური ზრდა შესაძლებელი გახდება მხოლოდ მაშინ, როცა სწავლის პროცესში მომავალ არტისტებს, რეჟისორებს მაყურებელთან ურთიერთობის საშუალება ექნებათ.


[გიორგი მარგველაშვილის ხმა] “ძალიან მტკივნეული პრობლემაა ჩვენთვის უნივერსიტეტის სასწავლო თეატრის მდგომარეობა.... ჩამონგრეულია და გაპარტახებული. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს თეატრი რაც შეიძლება მალე მოვიდეს მწყობრში, ამისათვის საჭიროა გარკვეული თანხები...თუ ჩვენ შევძლებთ ამ თეატრის ამოქმედებას, მაშინ ჩვენ შევძლებთ სისტემატურად ვუჩვენოთ საზოგადოებას, რომლის გადასახადებიდან ფინანსდება ყველა საბიუჯეტო უმაღლესი სასწავლებელი, წარვდგეთ სისტემატიურად ანგარიშით – სპექტაკლებით, ფილმებით, ყველა სახის პროდუქციით, რომელიც იქმნება ინსტიტუტში.”(სტილი დაცულია)

თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის რექტორის თქმით, სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხა არაფრით არ ეყოფა თუნდაც კინორეჟისორის მომზადებას. ამჟამად მომავალი კინორეჟისორის სწავლებაზე გამოყოფილია მაქსიმუმ 1500 ლარი. ეს თანხა არ ეყოფა თუნდაც 9 წუთიანი ვიდეოფილმის გადაღებას. ჯერჯერობით თანხების მოძიებაზე თავად სტუდენტები ზრუნავენ, რაც გიორგი მარგველაშვილს დაუშვებლად, სამარცხვინოდ მიაჩნია. რექტორის თქმით, ისე გამოდის, რომ უნივერსიტეტი ვერ იცავს წესებს, რომელიც თავად დაადგინა სასწავლო პროგრამებით.

ჩვენი საუბრის ბოლოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის რექტორს ვკითხეთ, რა დახვდა ინსტიტუტში ისეთი, რამაც მისი შოკი გამოიწვია.

[გიორგი მარგველაშვილის ხმა] (იცინის) “ამ კითხვაზე უფრო სწორ პასუხს გაგცემთ, შოკიდან რომ გამოვალ, მერე... პირველი და მთავარი ესაა რაოდენობა, ესაა სტუდენტების რიცხვი – 1570 კაცზე მეტი ყველა სპეციალობაზე ინსტიტუტში... მაგალითად, ჩვენს უმაღლეს სასწავლებელში ამ წუთში მარტო სამსახიობოზე სწავლობს 400-ზე მეტი ადამიანი, კინომცოდნეობაზე – 198 ადამიანი... არანაირი რეალური მოთხოვნები ჩვენი საზოგადოების, ხელოვნების იმ სფეროების, რომლის მოსამარაგებლადაცაა გამიზნული აქ სწავლება, გათვალისწინებული არ არის. ყოველწლიურად ასი მსახიობის თეატრალური ინსტიტუტიდან გამოშვება აბსურდია.”(სტილი დაცულია)
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG