Accessibility links

logo-print

მთავრობა უკვე დახარჯული საბიუჯეტო თანხების პარლამენტში ”გაპრავებას” ცდილობს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი აღმასრულებელი ხელისუფლებიდან პარლამენტში შესულ 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების შესახებ პროექტს გასულ კვირას მორიგი სკანდალი მოჰყვა.

ბიუჯეტის ზრდის მიმართულებით კორექტირება, რაც პრემიერ ნოღაიდელს თავისი მთავრობის წარმატებული მუშაობის მთავარ ინდიკატორად მიაჩნია, შესაძლოა, იმავე მთავრობას მორიგ თავისტკივილად შემოუბრუნდეს. რესპუბლიკური პარტია აღმასრულებელ ხელისუფლებას საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. პარტიის წარმომადგენელი თინათინ ხიდაშელი, რომელმაც საბიუჯეტო ცვლილებების საკითხი შეისწავლა, აცხადებს, რომ თანხები, რომლებიც თითქოს დღეს ემატება სხვადასხვა უწყებებსა და პროგრამებს, დიდი ხანია, დახარჯულია აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ და, თანაც, პარლამენტის გვერდის ავლით.

”რესპუბლიკელების” თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ხელისუფლებას პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან უკანონოდ დახარჯული თანხების ”გაპრავებაში” სდებს ბრალს:

[დავით უსუფაშვილის ხმა] ”გვაინტერესებს, რომელი კანონის რომელი მუხლით სარგებლობს საქართველოს მთავრობა, როდესაც რამდენიმე თვის წინ კანონის დარღვევით დახარჯული ათობით მილიონის ე.წ. კორექტირებას თუ ”გაპრავებას” ითხოვს საქართველოს პარლამენტისაგან.”

საქართველოს მთავრობის და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდებიდან თანხების ხარჯვის მიზნობრიობას კანონი მკაცრად განსაზღვრავს: სახსრები გამოიყოფა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ისეთი საგანგებო შემთხვევებისათვის, როგორიცაა ბუნებრივი და სხვა სახის კატასტროფები და გაუთვალისწინებელი სახელმწიფო ვალდებულებები. ”რომელ გაუთვალისწინებელ სახელმწიფო ღონისძიებებშია რუსლანას კონცერტი?!”, კითხულობს დავით უსუფაშვილი. სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებების გარდა, ”რესპუბლიკელები” საბიუჯეტო ცვლილებებში კიდევ მრავალ კურიოზს პოულობენ. პარლამენტარ ივლიანე ხაინდრავასათვის გაუგებარია, როგორ უნდა დააფინანსოს მთავრობამ საგაზაფხულო სამუშაოები სექტემბრის თვეში:

[ივლიანე ხაინდრავას ხმა] ”მოსახლეობის მხარდაჭერა საგაზაფხულო სახნავ-სათესი სამუშაოების ჩასატარებლად – ეს სექტემბერში შემოდის საგაზაფხულო სამუშაოების დასაფინანსებლად.”(სტილი დაცულია)

ფინანსთა მინისტრი ლექსო ალექსიშვილი ”რესპუბლიკელების” ბრალდებებს წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილს უწოდებს, მის მოადგილეს გიორგი გოდაბრელიძეს კი ტერმინ ”გაპრავების” მნიშვნელობა არ ესმის:


[გიორგი გოდაბრელიძის ხმა] ”რაც შეეხება ”გაპრავება”, ეს ტერმინი არ ვიცი რას ნიშნავს და ეგებ ”რეპუბლიკელებმა” ამიხსნან ბიუჯეტთან მიმართებაში.”(სტილი დაცულია)

გაცილებით ცინიკურია პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი, რომელიც ოპონენტებისათვის საგანმანათლებლო ღონისძიებების გამართვასაც გეგმავს:

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] „ახლა ჩვენ 2005 წლის ბიუჯეტის ცვლილებებზე და 2006 წლის ბიუჯეტზე ვმუშაობთ. ამაზე რომ დავამთავრებ მუშაობას, მომავალ კვირაში აუცილებლად ჩავატარებ საბიუჯეტო სემინარს სპეციალურად რესპუბლიკური პარტიისათვის.”

ზურაბ ნოღაიდელი ფიქრობს, რომ ”ზოგიერთ პოლიტიკურ ძალას” მისი მთავრობის წარმატების შეშურდა. იგი ირწმუნება, რომ მთავრობა აღებულ კურსს კვლავ გააგრძელებს და თუ ბიუჯეტში ცვლილებები შევა, ეს მხოლოდ ზრდის მიმართულებით გაკეთდება.

სხვათა შორის, ”რესპუბლიკელების” გარდა ბიუჯეტის 26 მილიონით გაზრდასთან დაკავშირებით კითხვები საკანონმდებლო ხელისუფლებაშიც აქვთ, რომელთა ავტორებს მაინცდამაინც ოპოზიციასთან ალიანსში ვერ დავდებთ ბრალს. პარლამენტართათვის საკმარისად ცხადი არ არის ამ 26 მილიონის წარმოშობის წყარო, ხოლო კონტროლის პალატის თავმჯდომარე ზურაბ სოსელია, რომელიც აქამდე მაინცდამაინც რადიკალური განცხადებებით არ გამოირჩეოდა, ბიუჯეტის პროგნოზირებული პარამეტრების შესრულების შესაძლებლობას ეჭვქვეშ აყენებს. 7 თვის მანძილზე აქციზის წლიური გეგმა 29.7%-ით არის შესრულებული, საბაჟო შემოსავლებისა - 46.4%-ით, აცხადებს სოსელია, რომელიც ვარაუდობს, რომ “მობილიზაციის დონის გაუმჯობესების გარეშე ბიუჯეტში, შესაძლოა, გარღვევა მოხდეს”.

იმისდა მიუხედავად, თუ რა კეთილშობილურ მიზნებს ხმარდება სარეზერვო ფონდის სახსრები, შექმნილ სიტუაციაში შემაშფოთებელია ის ტენდენცია, რომლის თანახმადაც, მთავრობა და პრეზიდენტი კანონს არღვევს და სახსრები, რომლის ფორმირებაც მოსახლეობის მიერ გადახდილი გადასახადების ხარჯზე ხდება, ამ მოსახლეობის აზრის გაუთვალისწინებლად და საკანონმდებლო ხელისუფლების დასტურის გარეშე განიკარგება. ოპოზიციის მიერ ატეხილი ხმაურისა და მრავალი კითხვის ნიშნის არსებობის მიუხედავად, ძნელი წარმოსადგენია, საპარლამენტო უმრავლესობამ მთავრობის მიერ შეტანილი საბიუჯეტო ცვლილებების პროექტი ”ჩააგდოს” და პრეზიდენტს სარეზერვო ფონდის ე.წ. ”გაპრავებაში” ხელი შეუშალოს. შესაბამისად, სარეზერვო ფონდების გადახარჯვისა და კანონის დარღვევის ჯერ კიდევ შარშან დაწყებული ტრადიცია, ალბათ, ამჯერადაც გაგრძელდება.
XS
SM
MD
LG