Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოს უღარიბესი ქვეყნები 40 მილიარდი დოლარის ვალისაგან გათავისუფლდნენ


დღეს ფულზე ვილაპარაკებთ - ძალიან დიდ ფულზე, რაც 40 მილიარდ დოლარზე, ალბათ, თამამად შეიძლება ითქვას. სწორედ 40 მილიარდ დოლარს შეადგენს ვალი, რომელსაც 18 ქვეყანას ჩამოუწერენ - უმეტესწილად აფრიკის ქვეყნებს.

ამ დიდსულოვნებას იჩენს ორი ორგანიზაცია - მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რომლებიც იმედოვნებენ, რომ 18 ქვეყანა, რახან აღარ დასჭირდება ვალების გასტუმრება, უკეთ შეძლებს სიღატაკესთან ბრძოლას, განათლების სისტემის გაუმჯობესებას, წამლების შესყიდვას შიდსის ვირუსით ინფიცირებულებისა და მალარიით დაავადებულების სამკურნალოდ.

მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ამ, ბევრის შეფასებით, მეტად მნიშვნელოვან გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა პოლ ვულფოვიცმა განაცხადა: [ვულფოვიცის ხმა] “საკონცერტო სცენებსა თუ უმაღლესი რანგის სამიტებზე, მდიდარ თუ ღარიბ ქვეყნებში, ყველა თანაუგრძნობს ადამიანებს, ასე რომ იტანჯებიან მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მათ კონკრეტული საქმე მოითხოვეს და აი, ვალების ჩამოწერაზე შეთანხმებით გაკეთდა ეს საქმე”.

პოლ ვულფოვიცმა საკონცერტო სცენები და სამიტები ახსენა... წელს, ივლისში, შოტლანდიაში გამართულ სამიტზე “დიდი რვიანის” წევრებმა მართლაც იმსჯელეს მსოფლიოს უღარიბესი ქვეყნების უზარმაზარ ვალებზე - ფულზე, ორ წამყვან საერთაშორისო საფინფანსო ინსტიტუტს რომ უნდა დაუბრუნონ, და იქვე, შოტლანდიაშივე მიაღწიეს ერთსულოვნებას, რომ აუცილებელია ამ ვალების ჩამოწერა.

თუმცა, როცა საქმე საქმეზე მიდგა, როცა გასულ კვირაში ვალების ჩამოწერაზე დოკუმენტი უნდა გაეფორმებინათ, მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის რამდენიმე წევრმა სახელმწიფომ გამოქთვა შეშფოთება, რომ ამდენი ფულის - 40 მილიარდი დოლარის დაკარგვა - მძიმე დარტყმას მიაყენებს ორი ორგანიზაციის საფინანსო რესურსებს, რის გამოც ისინი ვეღარ შეძლებენ, ფული ასესხონ ღარიბ ქვეყნებს.

გამოსავალი “დიდი რვიანის” ინიციატივა იყო: მისმა წევრებმა, შეერთებულმა შტატებმა, კანადამ, ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, იტალიამ, იაპონიამ, რუსეთმა წერილობით პირობა დადეს, რომ შეავსებენ ფინანსურ დანაკლისს, თუ ის წარმოიშვა, როცა საჭირო იქნება მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ კრედიტების გაცემა.

და აი, მსოფლიო ბანკის მმართველი საბჭო მიემხრო ვალების ჩამოწერას - ამ საბჭოს თავმჯდომარე ტრევორ მანუელის განცხადებით, მიემხრო კარგ მომენტში აფრიკის სახელმწიფოებისათვის. [მანუელის ხმა]
“მაკროეკონომიკური მდგომარეობა აფრიკაში არასდროს ყოფილა ისეთი კარგი, სწორედ ახლა რომ არის. ეკონომიკური ზრდა კონტინენტზე 4,7 პროცენტს შეადგენს, ინფლაცია ერთნიშნა მაჩვენებელს არ სცდება, ქვეყნების უდიდეს ნაწილს ფისკალური ბალანსიც ძალიან შთამბეჭდავი აქვს”.

ვალების ჩამოწერის შესახებ გადაწყვეტილებით კმაყოფილია, რა გასაკვირია, მრავალი არასამთავრობო ორგანიზაცია. ისინი დიდი ხანია, მოითხოვენ ამ ზომას და აი, რატომ: ორგანიზაცია “ოქსფამ ინტერნეიშენალის” შეფასებით, ღარიბი ქვეყნები დღეში 100 მლნ დოლარს ხარჯავენ ვალების გასასტუმრებლად, მაშინ, როცა შეიძლება, ეს ფული მოამხარონ მოსახლეობას, ცხოვრების პირობების გაუმობჯესებას. ეს იმედია, ახლა მოხდება კიდეც 18 ქვეყანაში, რომლებიც დიდი ვალისაგან განთავისუფლდნენ. ეს ქვეყნები არიან ბენინი, ბოლივია, ბურკინა ფასო, ეთიოპია, განა, გვიანა, ჰონდურასი, მადაგასკარი, მალი, მავრიტანია, მოზამბიკი, ნიკარაგუა, ნიგერი, რუანდა, სენეგალი, ტანზანია, უგანდა და ზამბია.
XS
SM
MD
LG