Accessibility links

logo-print

გართულდა თუ გამარტივდა სამეწარმეო სუბიექტებისა და არაკომერციული ორგანიზაციების რეგისტრაცია?


ბოლო დროს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა არაერთხელ გაიმეორა თითქოსდა დავიწყებული ”ერთი ფანჯრის პრინციპი”.

ამ ტერმინში ბიუროკრატიის გამარტივება და მეწარმეობისთვის ხელშეწყობა იგულისხმება, რაც საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და გეგმის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაცაა. ხელისუფლებამ უკვე სათანადო ნაბიჯებიც გადადგა და მეწარმეებისთვის საქმიანობის გასამარტივებლად რეგისტრაციის ახალი წესი დაამკვიდრა. როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი?

[ხმაური]

თბილისის საგადასახადო დეპარტამენტის რაიონულ განყოფილებებში მას შემდეგ არის ასეთი ხალხმრავლობა და ხმაური, რაც საგადასახადო სამსახურმა აღრიცხვაზე მყოფ კომერციულ ფირმებს თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს საგადასახადო რეგისტრაციის ახალი ფორმების შევსება მოსთხოვა. საგადასახადო დეპარტამენტის უფროსის ვაჟა პეტრიაშვილის განცხადებით, ხელახალი აღრიცხვა მონაცემთა ბაზის სრულყოფისთვის კეთდება:

[ვაჟა პეტრიაშვილის ხმა] ”საგადასახადო რეგისტრაციასთან დაკავშირებით ახალი ფორმებია...”

ვაჟა პეტრიაშვილის უწყების ამ ახალმა ინიციატივამ ბევრი გაუგებრობა და უკმაყოფილება გამოიწვია. ამის მიზეზი, ძირითადად, ხელოვნურად შექმნილი ბარიერებია. ვაჟა პეტრიაშვილის სიტყვებს თუ ვენდობით, რეგისტრაცია სავალდებულო არ არის. სულ სხვას ამბობენ ისინი, ვისაც საგადასახადო სამსახურის ოფისებში რიგში დგომა უწევთ. აი, რას ამბობს ერთ-ერთი ბუღალტერი, ნინო ყალიჩავა.

[ნინო ყალიჩავას ხმა] “თუ სავალდებულო არ არის, რა განსხვავებაა რეგისტრაციაგავლილსა და არარეგისტრირებულს შორის? უბრალოდ, ფორმას არ ჩაიბარებენ, სანამ რეგისტრაციას არ გაივლი.”

ასეთი ბიუროკრატიული წინააღმდეგობების გამო უამრავი საჩივარი შედის “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში”, რომლისგანაც ათასგვარი წინააღმდეგობებით შეწუხებული მეწარმეები იურიდიულ დახმარებას იმის გამოც ითხოვენ, რომ შეიცვალა თავად იურიდიულ პირთა რეგისტრაციის წესიც.

[ანა დოლიძის ხმა] ”ხალხი იცდის უსამართლოდ რიგში და მათთვის პროცედურების ახსნა ნაკლებად ხდება. იდეას მე მივესალმები. თავის დროზე მხარი დავუჭირე, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ საგადასახადო ამ პროცესს მომზადებული არ შეხვდა, რის გამოც ისევ მომხმარებელი დაზარალდა.”

საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილების მიხედვით, 2005 წლის პირველი სექტემბრიდან იურიდიული პირების კომპანიების და სხვა ორგანიზაციების რეგისტრაცია, სასამართლოს ნაცვლად, მხოლოდ საგადასახადო დეპარტამენტში ხორციელდება. დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვაჟა პეტრიაშვილი ამბობს, ფირმის რეგისტრაციას მხოლოდ 3 დღე სჭირდება, რამაც ბიზნესის დაწყება საკმაოდ გაამარტივაო. ასე არ ფიქრობს ეკონომიკის ექსპერტი ნიკო ორველაშვილი:

[ნიკო ორველაშვილის ხმა] ”დღეს უკვე ფინანსური განუკითხაობა, რაც გადადის ძალადობაში, გაძლიერდა ამით. ზოგადად, საგადასახადოს იურიდიული ფაქტების დადგენა არ უნდა ეხებოდეს...”(სტილი დაცულია)

რა შედეგს გამოიღებს ბიუროკრატიასთან ბრძოლის ეგიდით შექმნილი ერთი ფანჯრის სისტემის ეს ერთი შემთხვევა, ახლო მომავალში გახდება ნათელი.
XS
SM
MD
LG