Accessibility links

logo-print

რატომ უჩივიან ერთმანეთს ქართველი ჟურნალისტები

  • ნინო როდონაია

სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2”-სა და შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს პროკურატურასა და სასამართლოში

უჩივიან. მომჩივანი ,,რუსთავი 2”-ის ერთ-ერთი ყოფილი ჟურნალისტია, რომელსაც ამ კომპანიის კორესპონდენტობის ფაქტის იურიდიულად დამტკიცება, შესაბამისი ხელშეკრულების არარსებობის გამო, საკმაოდ გაუჭირდება.
მისგან განსხვავებით, საკუთარი საავტორო უფლებები სრულად აქვს გარკვეული ჟურნალისტთა იმ ნაწილს, რომელმაც რამდენიმე ხნის წინ ტელეკომპანია ,,მზე” დატოვა. ვის და რას უჩივიან უკმაყოფილო ჟურნალისტები?

სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2-ის” ყოფილი კორესპონდენტი თავის ყოფილ ხელმძღვანელს და ყოფილ კოლეგას დაუპირისპირდა. ირაკლი მამალაძე, რომელიც აცხადებს, რომ საკუთარი ღირსებისა და უფლებების დაცვის სურვილი ამოძრავებს, ,,რუსთავი 2-სა” და მისი საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელს ეკა ხოფერიას სასამართლოში უჩივის, შსს-ს პრესმდივან გურამ დონაძეს კი - პროკურატურაში:

[ირაკლი მამალაძის ხმა] ,,დამინახა თუ არა დონაძემ, დაავლო პისტოლეტს ხელი და მეუბნებოდა, რა ვუქენი მის ბიჭებს, რატომ გავაკეთე ასეთი სიუჟეტი, დამეტოვებინა სასწრაფოდ შსს. ბოლოს ისიც მითხრა, რომ საერთოდ არ გამეკეთებინა სიუჟეტები შსს-ზე და ვანო მერაბიშვილის უწყებაზე.” (სტილი დაცულია)

ინციდენტი, რომელზეც ირაკლი მამალაძე საუბრობს, მისივე განმარტებით, რამდენიმე თვის წინ შსს-ს შენობაში მოხდა, როდესაც ,,ღამის კურიერისთვის” მომზადებული მასალა გურამ დონაძემ პატრულის დისკრედიტაციად აღიქვა. საუბარია სატელევიზიო სიუჟეტზე, რომლის პერსონაჟი მეძავები დაცვისთვის პატრულს მადლობას უხდიდნენ. მამალაძის მტკიცებით, ინციდენტიდან რამდენიმე დღეში ის “რუსთავი 2-დან” დაითხოვეს, რადგან კომპანიაში შსს-დან მიღებულ ნარკოტიკების მომხმარებელთა სიაში აღმოჩნდა. ამგვარი სიის არსებობას უარყოფს არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ეკა ხოფერია, რომელიც აცხადებს, რომ ირაკლი მამალაძე პრაქტიკანტი იყო და “რუსთავი 2-ის” ჟურნალისტურ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა. თავად მამალაძე დარწმუნებულია, რომ არხიდან დონაძის გამო გაუშვეს და მასთან მომხდარი ინციდენტის მოწმედ ორ ადამიანს ასახელებს. რაც შეეხება თითქმის სამთვიან დუმილს, ირაკლი მამალაძე განმარტავს, რომ ეკა ხოფერია სამსახურში დაბრუნებას ჰპირდებოდა. ხოფერიას მსგავსად, მამალაძის განცხადებებს დონაძეც უარყოფს:

[გურამ დონაძის ხმა] ,,სირცხვილია ამ სისულელეზე ჩემი მხრიდან მამალაძის დონეზე დასვლა და კომენტარების კეთება.” (სტილი დაცულია)

საგულისხმოა, რომ ირაკლი მამალაძეს, რომელსაც, მისივე ინფორმაციით, “რუსთავი 2”, ხელფასის სახით, 550 ლარს უხდიდა, არხთან ოფიციალური კონტრაქტი არ ჰქონია და, როგორც თავად ამბობს, ჟურნალისტთა დიდი ნაწილი იქ ამავე პრინციპით მუშაობს. ნარკომანის იმიჯის გამო კი მას ტელეკომპანია “მზეში” მუშაობაზე უარი უთხრეს.
რაც შეეხება ,,მზეს”, მას ამჟამად ჰყავს თითქმის ერთპიროვნული მფლობელი, უშიშროების საბჭოს მდივნის ძმა დავით ბეჟუაშვილი, რადგან დეპუტატმა ვანო ჩხარტიშვილმა საკუთარი წილი დათმო. ამ ცვლილების შემდეგ კომპანია ჟურნალისტთა დიდმა ნაწილმა დატოვა. მთავარ მიზეზად კი ბეჟუაშვილისა და ჩხარტიშვილის გუნდების პიროვნული დაპირისპირება სახელდებოდა:

[გიორგი კალანდიას ხმა] ,,როცა შენ არა გაქვს ტელეკომპანიაში საშუალება აკეთო ის, რაც გიყვარს, რადგან ამაში ხელს გიშლიან ის ადამიანები, რომლებსაც ამის არაფერი არ ესმით, მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის პიროვნული დაპირისპირება. ჩვენ ტელეკომპანიის ხელმძღვანელობას ვთხოვეთ, რომ გაეკეთებინა არჩევანი პროფესიონალებს ან არაპროფესიონალებს შორის. ტელეკომპანიამ გააკეთა ის არჩევანი, რომელსაც თქვენ ეხლა ეთერში ხედავთ.” (სტილი დაცულია)

ამასთან, “მზის” ყოფილი ჟურნალისტი გიორგი კალანდია ადასტურებს, რომ პირადად მისთვის ტელეკომპანიის დატოვება არავის მოუთხოვია.
საკმაოდ რეიტინგული ფილმების ავტორი ამჟამად ისტორიული ხასიათის კიდევ ოთხ დოკუმენტურ ფილმზე მუშაობს. ყველა მათგანს სპონსორი ჰყავს და საავტორო უფლების საკითხიც გარკვეულია:

[გიორგი კალანდიას ხმა] ,,საავტორო უფლებები მე ტელეკომპანია ,,მზისთვის” არასდროს არ მიმიცია, მიუხედავად იმისა, რომ ჩემმა კოლეგებმა ხელი მოაწერეს თავის დროზე საავტორო უფლებების ე.წ. დათმობაზე. მე არც ერთ დოკუმენტზე ხელი არ მომიწერია ამ ფილმების.” (სტილი დაცულია)

გიორგი კალანდიას, რომელიც უახლოეს ხანში ჟურნალისტურ მოღვაწეობას, სავარაუდოდ, ერთ-ერთ ტელეკომპანიაში განაგრძობს, გული სწყდება, რომ მის ახალ ფილმებს “მზის” მაყურებელი ვერ ნახავს. ამ ტელეკომპანიის დღეს უკვე ყოფილი ჟურნალისტები არხის ე.წ. სახეებად მხოლოდ კომპანიის ვებსაიტზე რჩებიან, რასაც “მზე” აუცილებლად გამოასწორებს.
XS
SM
MD
LG