Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა იციან ქართველმა მოზარდებმა აფხაზეთის შესახებ


27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, საქართველოში ტრადიციულად გვირგვინებით, აფხაზეთში დაღუპული მებძოლების საფლავებზე გასვლითა და დაკარგული

ტერიტორიების დაბრუნების იმედით აღნიშნავენ. თუმცა შეიარაღებული კონფლიქტის დასრულებიდან 13 წლის თავზე ირკვევა, რომ ქართველი მოზარდების ნაწილს ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს აფხაზეთზე - არ იციან სად მდებარეობს და რა მოხდა 13-14 წლის წინ ქართველებსა და აფხაზებს შორის. აშკარაა, რომ ხელისუფლების წარმომადგენელთა მოწოდებებმა - „გვახსოვდეს აფხაზეთი!“ და „აფხაზეთი ჩვენი ტკივილია“ - პირვანდელი ძალა დაკარგა და წლების განმავლობაში მორიგ, არაფრის მეტყველ, ლოზუნგებად იქცა.


[ისმის ხმაური]

მოზარდების აზრის გასაგებად მე დედაქალაქის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ საშუალო სკოლას ვეწვიე. ოთხსართულიანი შენობა სავსე იყო მოსწავლეებით, რომლებმაც სამთვიანი არდადეგების შემდეგ, 26 სექტემბერს, პირველად შეაღეს სკოლის კარი. სრულიად შემთხვევით, თბილისში ახალი სასწავლო წლის დაწყება ლამის დაემთხვა სოხუმის დაცემის დღეს, 27 სექტემბერს. თუმცა, როგორც გაირკვა, ჩემი რესპონდენტების დიდ ნაწილს ამ ტრაგიკული თარიღის შესახებ არაფერი სმენია.

[ისმის ხმები] „აზრზე არა ვარ. არაფერი ვიცი.“
„არა, არ ვიცი!“
„არ მახსოვს.“

ამ ბავშვებისაგან განსხვავებით, ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებს არ ავიწყდებათ, რა მოხდა აფხაზეთში. მეტიც, პრეზიდენტ სააკაშვილს, როგორც თავად ამბობს, არც აფხაზეთის ომის მთავარი გაკვეთილი ავიწყდება:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] „ეს გაკვეთილი უნდა დაისწავლოს ყველამ: ჩვენ არ ვაპირებთ აფხაზებთან ომს, მიუხედავად იმისა, რას ეუბნებიან მათ ადგილობრივი პოლიტიკოსები, მაგრამ ჩვენ ვაპირებთ საქართველოს გამთლიანებას.“

როგორ და რა საშუალებით შეიძლება საქართველოს გამთლიანება? ამ კითხვით მე იმ ადამიანებს მივმართე, რომლებმაც, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შედეგად, ყველაზე ძვირფასი - მშობლიური კერა დაკარგეს.

[ქალბატონის ხმა] „უნდა განთავისუფლდეს ის ტერიტორია! მე ასეთი წარმოდგენა მაქვს, მაგალითად. აფხაზების მონობის ქვეშ მე არ დავბრუნდები.“(სტილი დაცულია)

[მამაკაცის ხმა] „ომით დაღუპული, ომით დაკარგული ომით უნდა დაიბრუნო, მაგრამ ომს არ დაგანებებენ!“(სტილი დაცულია)

[ქალბატონის ხმა] „აფხაზეთი არის უძველესი ქართული მიწა და იცხოვრებენ ისე, როგორც ყველა ქართველი იცხოვრებს. ზედმეტმა შეთავაზებამ დაგაკარგვინა აფხაზეთი.“(სტილი დაცულია)

მაგრამ დავუბრუნდეთ მოზარდებს, რომლებმაც საქართველოს მომავალი უნდა აშენონ.

[ისმის ხმები]:

„თუ რუსეთი არ დაეხმარა აფხაზებს, დავიბრუნებთ, თუმცა როგორ, ზუსტად არ ვიცი.“

„ამერიკა უნდა დაგვეხმაროს! რუსებს ჯარი უნდა გააყვანინოს!“

„აფხაზეთი, კვარიათს რომ გასცდებით, იქით არის. წაგვართვეს რუსებმა აფხაზეთი და აღარ გვიბრუნებენ.“

„უფრო მშვიდობიანი გზით, ომი არ არის საჭირო!“

„ომი არ არის საჭირო“, ამბობენ ბავშვები. ომი რომ საშინელებაა, ამაში ქართველი მოზარდები კიდევ ერთხელ დარწმუნდებიან: 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, ქართველები და აფხაზები, ისევე როგორც აქამდე, წელსაც სხვადასხვაგვარად აღნიშნავენ, თუმცა საერთო იქნება ცრემლი და ტკივილი, რომელიც საბრძოლო მოქმედებების დასრულებიდან 13 წლის თავზეც კი არ ნელდება.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG