Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს ქობულეთში საარჩევნო კამპანიაში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასა და ამომრჩევლის მოსყიდვაში სდებენ ბრალს


ქობულეთის ოლქში ”ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს კობა ხაბაზს შუალედურ მაჟორიტარულ არჩევნებზე დამკვირვებელი ერთ-ერთი ორგანიზაცია საარჩევნო კამპანიაში

ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასა და ამომრჩევლის მოსყიდვაში სდებს ბრალს. უფრო დავაკონკრეტებთ და ვიტყვით, რომ კობა ხაბაზს ”სამართლებრივი განვითარების ცენტრი” უჩივის, ერთი მხრივ, ქობულეთის რაიონულ სასამართლოში, მეორე მხრივ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ორგანიზაციის დამკვირვებლები ასახელებენ დეპუტატობის კანდიდატის მიერ ადმინისტრაციული რესურსისა და ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტებს და აცხადებენ, რომ ფაქტების დადასტურების შემთხვევაში კანდიდატი დაუყოვნებლივ უნდა მოიხსნას არჩევნებიდან. რა ფაქტებს ამუშავებენ კობა ხაბაზის წინააღმდეგ და როგორ რეაგირებს თავად ხაბაზი დამკვირვებლების პრეტენზიებზე?


არჩევნებზე დამკვირვებელი ორგანიზაცია ”სამართლებრივი განვითარების ცენტრი” კობა ხაბაზის წინააღმდეგ წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის შედეგების მიხედვით მოქმედებს. ორგანიზაციის დამკვირვებლები სწორედ მონიტორინგის შედეგებზე დაყრნობით სდებენ ბრალს დეპუტატობის კანდიდატს საარჩევნო კამპანიაში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასა და ამომრჩევლის მოსყიდვაში. ”სამართლებრივი განვითარების ცენტრის” წარმომადგენლებმა გიგა ჭიკაძემ და გიორგი დარბაიძემ პირველად ქობულეთის საარჩევნო ოლქში ჩატარებული მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნეს, უახლოეს დღეებში დამკვირვებლები სხვა საარჩევნო ოლქებში შემჩნეულ დარღვევებზეც ალაპარაკდებიან. თუმცა დავიწყოთ ქობულეთის რაიონით, სადაც პარლამენტის შუალედურ მაჟორიტარულ არჩევნებში ოპოზიციის შეთანხმებულ კანდიდატს ჯუმბერ ჯინჭარაძეს ”ნაციონალური მოძრაობიდან” კობა ხაბაზი უპირისპირდება. აქვე განვმარტავთ, რომ ხაბაზმა საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე დატოვა პოსტი, რომელიც მას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეკავა.
ორგანიზაცია ’სამართლებრივი განვითარების ცენტრის” წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ აჭარაში პოსტის გარეშე დარჩენილი ხაბაზი მშვენივრად ახერხებს საარჩევნო კამპანიაში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას:


[გიგა ჭიკაძის ხმა] ” ამა წლის 8-დან 30 სექტემბრამდე ჯანმრთელობისა და სოცუზრუნველყოფის სამინისტროს 8 სახელმწიფო კლინიკა ქობულეთის რაიონის სხვადასხვა სოფლებში მოსახლეობას უფასო სამედიცინო მკურნალობას უტარებს, კლინიკების დირექტორები კი ღიად აცხადებენ, რომ მკურნალობა კობა ხაბაზის მხარდასაჭერად ტარდება. ალბათ, იგივე შეიძლება ითქვას სასწრაფო სამედიცინო მანქანებზე, რომლებიც კობა ხაბაზმა სამედიცინო დაწესებულებებს პრეზიდენტთან ერთად გადასცა. ეს არის კანდიდატის მიერ სახელმწიფო მატერიალური რესურსების გამოყენება.”

”ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი დამკვირვებლების პრეტენზიას არ იღებს - ამბობს, რომ მოსახლეობის უფასო მკურნალობა ჯანმრთელობის დაცვისა და სოცუზრუნველყოფის სამინისტროს პროგრამის მიხედვით მიმდინარეობს და მას არანაირი კავშირი არა აქვს საარჩევნო კამპანიასთან. ხაბაზი აღიარებს, რომ რამდენიმე ინსტიტუტმა თბილისიდან მას, მართლაც, შესთავაზა მხარდასაჭერად მოსახლეობის სამედიცინო გამოკვლევა, მაგრამ “მე მათ ვუპასუხე, რომ წინასაარჩევნო კამპანიისას ასეთ ქმედებებს კანონი კრძალავსო,” - თქვა ჩვენთან საუბრისას დეპუტატობის კანდიდატმა.

კანონი საარჩევნო კამპანიისას კრძალავს იმ ობიექტებით მანიპულირებას, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. ”სამართლებრივი განვითარების ცენტრის” დამკვირვებლების აზრით, სწორედ ასეთი აკრძალვის დარღვევას ჰქონდა ადგილი ქობულეთში სახელმწიფო წყალსადენის გახსნის ცერემონიალზე, სადაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოსახლეობას ღიად მოუწოდა ხაბაზის მხარდაჭერა. იყო თუ არა ასე? ამ შეკითხვაზე კობა ხაბაზის პასუხი ასეთია:

[კობა ხაბაზის ხმა] ”მოწოდება არ ყოფილა, იყო განცხადება, რომ ხაბაზი არის მისთვის ახლობელი ადამიანი. ‘ასეთი ადამიანების გარეშე მე მარტო არაფერს არ წარმოვადგენო,’- თქვა პრეზიდენტმა.”

არსებობს კიდევ ერთი კონკრეტული პრეტენზია კობა ხაბაზის მიმართ. სექტემბრის თვეში მან გააფორმა ხელშეკრულება ქობულეთის რაიონის მოსახლეობასთან. ხელშეკრულების ტექსტში კი, რომელიც გამოკრულია საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობებზე, ნათქვამია, რომ კობა ხაბაზი იღებს ვალდებულებებს გზების დაგების, ანტენის დამონტაჟების, სკოლების რემონტის, მედიკამენტების დარიგების და ასე შემდეგ. დამკვირვებლების აზრით, ხელშეკრულების მიხედვით, კანდიდატი ამ ყველაფერზე იღებს არა მარტო პოლიტიკურ, არამედ მატერიალურ-ფინანსურ ვალდებულებებს, რაც არ შეიძლება.

სად და რამდენად დაარღვია დეპუტატობის კანდიდატმა კანონი ან დაარღვია, საერთოდ, თუ არა? ამ შეკითხვას პასუხი, ერთი მხრივ, ქობულეთის რაიონულმა სასამართლომ უნდა გასცეს, მეორე მხრივ, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ. დამკვირვებლებს სასამართლოში სარჩელი აქვთ შეტანილი, საარჩევნო კომისიაში კი - საჩივარი.
XS
SM
MD
LG