Accessibility links

logo-print

შვეიცარია ევროკავშირს კიდევ ერთი ნაბიჯით უახლოვდება


შვეიცარია გასულ საუკუნეში

ორივე მსოფლიო ომს გადაურჩა და მრავალი წელია, ცხოვრების დონის მაჩვენებლებით მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს. ეს ქვეყანა ცნობილია დიდებული ბუნებით, დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის შთამბეჭდავი ისტორიით, საბანკო სისტემით, რასაკვირველია საათებით, შოკოლადით და ყველითაც, მაგრამ დღეს პოლიტიკურ საკითხებზე მოგვიწევს საუბარი.

შვეიცარია, როგორც ცნობილია, შუაგულ ევროპაში მდებარეობს: ესაზღვრება საფრანგეთს, გერმანიას, იტალიას, ავსტრიას, ანუ ევროკავშირის ქვეყნებს, მაშინ როცა თვითონ არ არის ევროკავშირის წევრი. მაგრამ კვირას გაიმართა რეფერენდუმი, რომელზეც შვეიცარელებს ევროკავშირისადმი თავიანთი დამოკიდებულება უნდა გამოეხატათ.

რეფერენდუმზე გატანილი იყო შეკითხვა, უნდა გაიხსნას თუ არა შვეიცარიის შრომის ბაზარი ევროკავშირის ახალი წევრი ქვეყნების მოსახლეობისათვის. და აი, კვირასვე გახდა ცნობილი შვეიცარელების პასუხი ამ შეკითხვაზე: რეფერენდუმის მონაწილეთა 56-მდე პროცენტი მიემხრო ევროკავშირის ახალი მუშახელისათვის შვეიცარიაში მუშაობის უფლების მინიჭებას.

[ფრანსუაზ ლე ბელის ხმა] “ეს გადასარევია! და თან, მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რადგან ეს რეფერენდუმი შესაძლებელს ხდის შენგენისა და დუბლინის შეთანხმებების შესრულებას. ეს კი ძალიან კარგია როგორც შვეიცარიის, ისე ევროკავშირის მოქალაქეებისათვის, რადგანაც გააუქმებს კონტროლს საზღვრებზე”. ეს იყო ევროკავშირის პრეს-მდივნის, ფრანსუაზ ლე ბელის კომენტარი რეფერენდუმის შედეგზე. პრეს-მდივანმა ახსენა შენგენისა და დუბლინის ხელშეკრულებები - საქმე ის არის, რომ შვეიცარიაში წელს, ივნისშიც გაიმართა რეფერენდუმი, რომელშიც ამომრჩევლები მიემხრნენ ევროკავშირის ორივე ხელშეკრულებასთან მიერთებას.

მაგრამ დავუბრუნდეთ კვირის, 25 სექტემბრის რეფერენდუმს. როგორც, ზოგადად, რეფერენდუმებს ჩვევია, მასაც წინა უსწრებდა “ჰოს” და “არას” მომხრეების კამპანიები: მემარჯვენე პოლიტიკური ძალები და პროფკავშირების ნაწილი ცდილობდნენ, ამომრჩეველი დაერწმუნებინათ, რომ უარის თქმა იყო საჭირო შრომის ბაზარზე ევროკავშირის ათი ახალი წევრი ქვეყნის, უმეტესწილად ყოფილი კომუნისტური ქვეყნების მოქალაქეების მიღებაზე - წინააღმდეგ შემთხვევაში შვეიცარიას აღმოსავლეთევროპელი იაფი მუშა ხელი მოაწყდებაო. მეორე მხრივ, შვეიცარელი ბიზნესმენების უმრავლესობა, ისევე როგორც მთავრობა, ირწმუნებოდნენ, რომ მიზენშეწონილია შვეიცარიაში მუშახელის შეშვება. მათი ერთ-ერთი არგუმენტი იყო ბრიუსელის გაფრთხილება - ზოგის შეფასებით, მუქარა, რომ შვეიცარიის მიმართ ევროკავშირი საპასუხო ზომებს მიიღებდა.

მაგრამ ევროკავშირის პრეს-მდივანი გაუმართლებლად მიიჩნევს მუქარაზე, ან ზეწოლაზე ლაპარაკს: [ფრანსუაზ ლე ბელის ხმა] “ეს არ იყო ზეწოლა, ეს იყო, უბრალოდ, სამართლებრივ-ინსტიტუციური განმარტება, რომ, თუ მუშახელის თავისუფალი მიმოსვლა არ გავრცელდებოდა ათ ახალ წევრზე, ეს გავლენას იქონიებდა შვეიცარიასთან ჩვენს ყველა ორმხრივ შეთანხმებაზე. იმიტომ, რომ უბრალოდ, შეუძლებელია, შეთანხმებები შეეხოს წევრი ქვეყნების მხოლოდ ნაწილს, ის უნდა შეეხოს 25-ივე წევრს”.

გარდა ამისა, ევროკავშირის კომისარი ვლადიმირ შპიდლა, ევროკავშირის ერთ-ერთი ახალი წევრის, ჩეხეთის წარმომადგენელი, ვარაუდობს, რომ შვეიცარიას სულაც არ ემუქრება ევროკავშირის ახალ წევრთა მოქალაქეების, თუნდაც აღმოსავლეთევროპელების მასშტაბური მიგრაცია:
[ვლადიმირ შპიდლას ხმა] “მე როგორც მახსოვს, სამუშაოს მაძიებლები არასოდეს მიწყდომიან ევროპის ერთი ქვეყნიდან მეორეს. ეს არ მომხდარა, როცა ევროკავშირი გაფართოვდა ესპანეთისა და პორტუგალიის მისაღებად. თუ გადახედავთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მუშახელის გადაადგილების სტატისტიკას, ის უმნიშვნელოა”.

შვეიცარია მაინც აწესებს შეზღუდვას აღმოსავლეთევროპელ მუშახელზე - ანუ, ჯერ-ჯერობით ყველა მსურველი ვერ შეძლებს შვეიცარიაში მუშაობას: ცნობებში ლაპარაკია წელიწადში 3000 კაცზე, რომელსაც ევროკავშირის ახალი წევრებიდან მიიღებენ. ეს, შეიძლება, ბევრი არ იყოს, მაგრამ მაინც - ევროკავშირთან დაახლოებისაკენ გადადგმული ნაბიჯია. შვეიცარია, რომლის ექსპორტის 60 პროცენტი ევროკავშირში გადის, რომელსაც ევროკავშირთან ურიცხვი შეთანხმება აქვს გაფორმებული, დამოუკიდებლობის პრინციპისადმი ცნობილი ერთგულების მიუხედავად, კაცმა რომ თქვას, ვერც იტყვის უარს ბრიუსელთან სიახლოვეზე.

[დანიელ კიუბლერის ხმა] “მართალია, შვეიცარია განზე დგას ევროპული უწყებებისაგან, მაგრამ მხარეებმა ურთიერთობის რაღაც ფორმა უნდა გამონახონ, რადგანაც შვეიცარია ევროპის კონტინენტის შუაგულში მდებარეობს და ევროკავშირის ქვეყნები მისი უმნიშვნელოვანესი ბიზნეს-პარტნიორები არიან”, ამბობს ციურიხის უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი დანიელ კიუბლერი. შვეიცარელები, როგორც ჩანს (და ეს ბოლო რეფერენდუმმაც აჩვენა) საჭიროდ მიიჩნევენ ევროკავშირთან ახლო ურთიერთობას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საჭიროდ მიიჩნევენ ევროკავშირში შვეიცარიის გაწევრიანებას. ყოველ შემთხვევაში, ასე იყო 4 წლის წინ, 2001-ში, როცა რეფერენდუმის მონაწილეების 77-მა პროცენტმა უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყებაზე.

პოლიტოლოგ კიუბლერის შეფასებით, ამ მხრივ შვეიცარელების განწყობა დღემდე არ შეცვლილა: კვირის რეფერენდუმში მათ არ უთქვამთ უარი ტრადიციულ დამოუკიდებლობაზე, ტრადიციულ ნეიტრალიტეტზე - მათ მხარი დაუჭირეს შვეიცარიის ინტეგრაციას დღევანდელ, ახალ ევროპაში.
XS
SM
MD
LG