Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საბრძოლო სულისკვეთების დემონსტრირება სოხუმის დაცემის წლისთავზე


სოხუმის დაცემის დღეს, ხსოვნისა და გლოვის გარდა, საქართველოს ხელისუფლებამ მოსახლეობაში პატრიოტიზმის გაღვივებაც სცადა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა

ირაკლი ოქრუაშვილმა ათიოდე დღის წინ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორია დაზვერა, შემდეგ ცხინვალის მისადგომებთან აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის სერგეი ბაღაფშის დაჭერა სცადა და დაიფიცა, რომ ეს არის ბოლო წელი, როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება. სწორედ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების სულისკვეთებით იწვრთნებიან ახალი რეკრუტებიც კრწანისის საწვრთნელ პოლიგონზე.

[სიმღერის ხმა] “ისევ იბადებიან, აკვანს არწევს დიდება, ზეცას ისევ იჭედება ხმალი. საფლავიდან გაისმის დაღუპულთა ძახილი: აფხაზეთი საქართველო არის.”


“საფლავიდან გაისმის დაღუპულთა ძახილი: აფხაზეთი საქართველო არის” - ეს არის ნაწყვეტი სიმღერის ტექსტიდან, რომელსაც ხმის ჩახლეჩვამდე მღერიან ქართველი ჯარისკაცები პოლიგონზე თუ სამწყობრო პლაცზე. ასეთი სიმღერების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება მას შემდეგ, რაც “ნაციონალური მოძრაობის” თაოსნობით გამოცხადებული პატრიოტული სიმღერისა და მარშების კონკურსი - “პატრიონოტი” დასრულდება. თუმცა “დაღუპულთა ძახილი” არამხოლოდ მხედრულ მუზას ასაზრდოებს საქართველოში. ძნელია გაიხსენო ბოლო 12 წლის განმავლობაში ჩატარებული სამხედრო სწავლება, სადაც პირობითი მოწინააღმდეგის როლში უსათუოდ არ იკითხებოდეს სეპარატისტული რეჟიმები, რომელთა სამხედრო ძალებს ყოველთვის წარმატებულად ანადგურებენ ქართველი სამხედროები. ზოგჯერ ბრძოლის ჟინი ისეთი მაღალი ყოფილა, რომ ქართველ სამხედროებს უთხოვიათ: ან მართლა გაგვიშვით საომრად, ანდა სწავლების სცენარი შეცვალეთო. მაგრამ საქართველოს ხელისუფლების ყველა დროის ყველაზე მილიტარისტულად განწყობილი თავდაცვის მინისტრი, პოლიტიკურ ქორად წოდებული ირაკლი ოქრუაშვილიც კი ღია საუბარში ძალის გამოყენების წინააღმდეგია:
[ირაკლი ოქრუაშვილის ხმა] “რეალურად შეიძლება მართლა დადგეს საჭიროება ამ სამხედრო ძალის კონფლიქტებში გამოყენებისა?” “არ ვიცი, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მშვიდობიანად მოგვარდეს პრობლემები.”

უნდა ითქვას, რომ ირაკლი ოქრუაშვილთან ეს ბლიცინტერვიუ ამა წლის მარტში კრწანისის პოლიგონზეა აღებული. მაგრამ ექვსი თვის შემდეგ ბევრი ისეთი რამ მოხდა და ხდება, რაც სეპარატისტული რეგიონების მიმართ მშვიდობაზე ლაპარაკს დიპლომატიურ ფერუმარილს ამსგავსებს. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, როგორც თავად აღნიშნა, ჩუმად, პარტიზანულად, იმოგზაურა ოკუპირებულ აფხაზეთში, 20 სექტემბერს კი ცხინვალის მისადგომებთან აფხაზ სეპარატისტთა პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის დაჭერაც სცადა. მართალია, ბაღაფშმა გაქცევა მოახერხა, მაგრამ მსოფლიომ დაინახა, რომ საქართველო, როგორც იტყვიან, “მშრალად ინახავს დენთს” საჭირო შემთხვევისათვის. ასეთი შემთხვევა კი არავინ იცის როდის დადგება, თუკი რუსეთის სამშვიდობო ძალებს ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონის დატოვება მოუხდებათ. მანამდე კი ათჯერ გაზრდილი ბიუჯეტის მქონე ქართველი სამხედროები ინტენსიურად ვარჯიშობენ, რა თქმა უნდა, კარგად ნაცნობი პირობითი მტრის გასანადგურებლად.
[სროლის ხმა]
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG