Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ელის პროფესიულ სასწავლებლებს


სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, საქართველოს შრომის ბაზარზე სამუშაო ძალის მიწოდება ბევრად აღემატება მოთხოვნას. თუმცა სამუშაო ძალაზე

მოთხოვნასა და მიწოდებას შორის ადგილი აქვს არსებით დისპროპორციას: ჭარბობს მოთხოვნა კვალიფიციურ სპეციალისტებზე, მაშინ როცა დასაქმების ბაზარი გაჯერებულია უმაღლესი განათლების მქონე კადრებით. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მიიჩნევენ, რომ არსებული ხარვეზი პროფესიული განათლების სისტემის რეფორმირებისა და მოდერნიზების შედეგად აღმოიფხვრება. სამინისტროს ხელმძღვანელობამ პირველი ნაბიჯი უკვე გადადგა: პროფესიული სწავლების ცენტრები საშუალო განათლების ტვირთისაგან გაათავისუფლა.

მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო ლიცეუმი ერთ-ერთი უძველესია საქართველოში. 60 წლის მანძილზე სასწავლებელმა ათობით ათასი სპეციალისტი მოამზადა. ბევრმა მხატვარმა, მეთუნემ, გობელენისა თუ ჭედურობის სპეციალისტმა ამ სასწავლებლის კედლებში აითვისა პროფესიის ანბანი. ლიცეუმის დირექტორი არჩილ კიკნაძე ამბობს, რომ სასწავლებელი თავდაპირველად საშუალო განათლებას არ იძლეოდა. ცვლილება დაარსებიდან თითქმის 30 წლის შემდეგ, 1976 წელს, განხორციელდა:

[არჩილ კიკნაძის ხმა] „1976 წლიდან შემოსულმა ამ სასწავლო რგოლმა უკანა პლანზე გადასწია პროფესიული მომზადება. და როდესაც, 1992 წლიდან, გადავედით ორწლიან პროფესიულ სწავლებაზე (მარტო აკადემიაში ჩაბარების უფლებით), კვლავ აიწია პროფესიული მომზადების დონე.“ (სტილი დაცულია)

თუმცა სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ პროფესიული სასწავლებლების უმრავლესობა ასე არ მოქცეულა. პროფსასწავლებლები სწორედ რომ საშუალო განათლების ატესტატებით იზიდავდნენ სკოლის მოსწავლეებსა და მათ მშობლებს. მაგრამ 2005-2006 სასწავლო წლის დაწყების წინ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, ვითარება რადიკალურად შეეცვალა. მინისტრის ერთ-ერთი უკანასკნელი დადგენილების თანახმად, პროფსასწავლებლები ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელ ლიცენზიას აღარ მიიღებენ. გიგი თევზაძე, პროექტ „ილია ჭავჭავაძის“ საკოორდინაციო ცენტრის დირექტორი, სამინისტროს გადაწყვეტილებას ასეთ ახსნას უძებნის:

[გიგი თევზაძის ხმა] „აქამდე რეალურად პროფსასწავლებლები არანაირ საშუალო განათლებას არ იძლეოდნენ. ადრე, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული, ასე იყო: შემცირებული სასწავლო გეგმით ასწავლიდნენ, რაც ახლა არის შეუძლებელი. იმიტომ რომ ყველა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლამ (არა აქვს მნიშვნელობა, როგორია და რას აკეთებს) უნდა ასწავლოს ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით. არა აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება დურგლების სასწავლებელი თუ საბალეტო სკოლა.“

ერთი სიტყვით, განათლების სამინისტრომ პროფსასწავლებელთა ხელძღვანელები არჩევანის წინაშე დააყენა: ან საშუალო სკოლა, ან პროფესიული ცენტრი. ბატონმა არჩილმა არჩევანი პროფესიული ცენტრის სასარგებლოდ გააკეთა:

[არჩილ კიკნაძის ხმა] „თუ დავთანხმდებოდით სკოლის სახით დაფუძნებას, მაშინ მოგვიწევდა პროფესიული სწავლებისთვის განკუთვნილი საათების შემცირება. ანუ პროფესიის სწავლებისათვის უნდა დაგვეთმო იმდენი დრო, რამდენიც ჩვეულებრივ საშუალო სკოლაშია მიღებული შრომის გაკვეთილებისთვის, ანუ კვირაში 4 საათი.
ასეთ პირობებში რა პროფესიის სწავლებაზე შეიძლება ლაპარაკი?“

დირექტორი დარწმუნებულია, რომ პროფილის შენარჩუნებით სამხატვრო ლიცეუმს მოსწავლეები არ მოაკლდება. თუმცა თოიძის სახელობის სასწავლებელი სახვითი ხელოვნებით დაინტერესებული ახალგაზრდების ნაკლებობას არც ამჟამად უჩივის.

[მოსწავლის ხმა] „აქ არის ფერების შეხამება, რასაც ადამიანი გემოვნებიდან გამომდინარე აკეთებს. თუ ხარ ნამდვილი ხელოვანი, გობელენიც ძალიან ლამაზი გამოგივა.“

[მოსწავლის ხმა] „ეს არის ჩემი პროფესია, რომლის შესწავლის სურვილი მეცხრე კლასიდან გამიჩნდა. მანამდეც ვხატავდი და ვქარგავდი, მაგრამ გადავწყვიტე ამ სასწავლებელში ჩაბარება. ვაპირებ ამ პროფესიით ვიცხოვრო. საკმაოდ კარგი პროფესიაა, მით უმეტეს, ჩვენთვის, გოგოებისთვის.“

ოფიციალური ინფორმაციით, თოიძის სახელობის სამხატვრო ლიცეუმში ამჟამად 480 ბავშვი სწავლობს. რაც შეეხება მთლიანად საქართველოს, სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, 2004 წელს საშუალო პროფესიულ სასწავლებლებში განათლებას 27 ათასამდე მოზარდი იღებდა.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG