Accessibility links

logo-print

ბიუჯეტის ზრდის პროექტთან დაკავშირებით მთავრობამ ”ტაიმ-აუტი” ითხოვა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი 2005 წლის ბიუჯეტის ზრდასთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას საპარლამენტო ოპოზიცია კიდევ ერთხელ,

ამჯერად პლენარულ სხდომაზე, აპირებდა, თუმცა საკითხის განხილვა საკანონმდებლო ორგანომ, მთავრობის თხოვნით, ორი კვირით გადადო, რის ოფიციალურ მიზეზად დამატებითი კონსულტაციების გამართვის აუცილებლობა დასახელდა. რატომ ითხოვა მთავრობამ დამატებითი დრო და რა ტაქტიკას აირჩევს ოპოზიცია?

სახელმწიფო ბიუჯეტის 26 მილიონი ლარით გაზრდის შესახებ ცვლილებების პროექტის ირგვლივ გასულ კვირას განვითარებული სკანდალი საკანონმდებლო ხელისუფლებაში უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ ხმაურიანი განხილვა ამჯერად არ შედგა და მთავრობამ დამატებითი კონსულტაციებისათვის კიდევ 2 კვირა ითხოვა. თუმცა ეს ”ტაიმ-აუტი” ოდნავადაც არ ანელებს ოპოზიციის შემართებას, დააყენოს მთავრობის - კონკრეტულად კი, ფინანსთა მინისტრის - პასუხისმგებლობის საკითხი. ოპოზიციას მიაჩნია, რომ ცვლილების პროექტი, ფაქტობრივად, სარეზერვო ფონდებიდან უკვე გახარჯული სახსრების დაკანონების მცდელობაა.

მთავრობასთან ოპონირებაში თავის ”რესპუბლიკელ” კოლეგებს ”კონსერვატორებიც” უერთდებიან. მათი წარმომადგენელი კახა კუკავა ფიქრობს, რომ ხელისუფლება ბიუჯეტში თანხების მობილიზებას წინასწარ გადახდების და ე.წ. ”რასკრუტკების” ხარჯზე ახერხებს და, შემოსავლების ზრდის ნაცვლად, მალე, შესაძლოა, სეკვესტრის პროცედურის ამუშავების აუცილებლობაც კი დადგეს:

[კახა კუკავას ხმა] „არის დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი გაზრდილი არის წინსწრების ხარჯზე და არანაირი შემოსავლები დამატებით შემოსული არ არის. პირიქით, ბიუჯეტს აქვს გადამხდელების ვალი დღესდღეობით, ამიტომ ეს საკითხი ადრე თუ გვიან დამთავრდება სეკვესტრით და კარგი იქნება, თუ პარლამენტი ამას დროზე მიაქცევს ყურადღებას და დასვამს ალექსიშვილის პასუხისმგებლობის საკითხს.”

ოპოზიციის აზრით, სარეზერვო ფონდების გადახარჯვაში მთავარი დამნაშავე ქვეყნის პრეზიდენტია, რომელიც ამ შემთხვევაში კანონს არღვევს, თუმცა, ობიექტური რეალობიდან გამომდინარე, მისი იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება ამჯერად შეუძლებელია. შესაბამისად, იერიში მიაქვთ ფინანსთა მინისტრზე, ლექსო ალექსიშვილზე, რომელიც ოპოზიციის ბრალდებებს მშვიდად უპასუხებს და მას წინასაარჩევნო პიარის კვალიფიკაციას აძლევს:

[ლექსო ალექსიშვილის ხმა] ” ეს არის წინასაარჩევნო აქტივობა. ძალიან სამწუხაროა, რომ პოლიტიკურმა სტრუქტურამ ვერ მოძებნა სხვა თემა წინასაარჩევნო აქტივობისათვის და იმისათვის, რომ მოხდეს თავიანთი პოლიტიკური ძალის წარმოჩენა საზოგადოების წინაშე.” (სტილი დაცულია)

მთავრობას სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდის პროექტი პარლამენტში წელს უკვე მესამედ შეაქვს. წინა ორი შემთხვევისაგან განსხვავებით, როდესაც კორექტირება, ძირითადად, სახელმწიფო ქონების პრივატიზებიდან შემოსული თანხების ხარჯზე განხორციელდა, ”საშემოდგომო” 26 მილიონიანი ზრდა, ოფიციალური ვერსიით, დამატებითი საგადასახადო შემოსავლების მობილიზების ”დამსახურებაა”, თუმცა, ამ მხრივ, საკანონმდებლო ხელისუფლებაში, ოპოზიციის გარდა, თავად უმრავლესობის წარმომადგენლებსაც უჩნდებათ ”მოკრძალებული” კითხვები. როგორც ჩანს, მთავრობამ მათთან ”წასამუშავებლად” ორკვირიანი ვადა ითხოვა. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ აღმასრულებელი ხელისუფლებიდან პარლამენტში შესულ კანონპროექტს უმრავლესობის წყალობით პრობლემა ნაკლებად შეექმნება.
XS
SM
MD
LG