Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ურთიერთობაა საქართველოსა და ფინეთს შორის


28 სექტემბერს თბილისს ორდღიანი ვიზიტით ეწვევა ფინეთის პრეზიდენტი ტარია ჰალონენი. ქალბატონ ჰალონენის ვიზიტამდე რამდენიმე თვით ადრე ფინეთს სტუმრობდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე. მისივე განცხადებით, საქართველო და ფინეთი წარმატებით თანამშრომლობენ პოლიტიკურ სფეროში, რაც ჯერჯერობით ეკონომიკურ ურთიერთობაში არ შეიმჩნევა. სწორედ ამ ვითარების შეცვლაა ფინეთის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი. რა პერსპექტივა აქვს საქართველოსა და ფინეთის თანამშრომლობას?

ფინეთ-საქართველოს ურთიერთობა იმ დღიდან გამოცოცხლდა, როდესაც ფინეთის საზღვარზე ქართველი ტურისტებით - ძირითადად, ქალბატონებით - სავსე ავტობუსი დააკავეს. ამ ამბების დეტალები ყველასთვის ცნობილია, ამიტომ მათზე აღარ შევჩერდები. ურთიერთობა განსაკუთრებით ინტენსიური გახდა ბოლო დროს, კერძოდ კი, აგვისტოს თვის დასაწყისში, როდესაც საქართველოს ფინეთის სასაზღვრო სამსახურის დელეგაცია ესტუმრა. ფინელი მესაზღვრეები ქართველ კოლეგებს ექსპერტებით და სხვა საშუალებებით დახმარებას დაჰპირდნენ.

ასევე, აგვისტოს დასაწყისში ფინეთში იმყოფებოდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე. მან ფინელ ბიზნესმენებს საქართველოში კაპიტალის დაბანდებისაკენ მოუწოდა.

იმის გასაგებად, თუ რამდენად პერსპექტიულია ქართული და ფინური ბიზნესის თანამშრომლობა, დავურეკე ჰელსინკში მცხოვრებ ბესარიონ გუგუშვილს, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს. ბესო გუგუშვილმა მითხრა, რომ ამ ბოლო დროს, ქართული დიასპორის დახმარებით, რამდენიმე მეწარმე, მართლაც, იმყოფებოდა საქართველოში ბიზნესგარემოს შესწავლის მიზნით:

[ბესარიონ გუგუშვილის ხმა] ”ვერაფრით ვერ დაინტერესდნენ, იმიტომ რომ... ერთ მაგალითს გეტყვით. ერთი ჩამოვიდა, რომელიც ღვინის საკითხებით დაინტერესდა და მითხრა, ქარხანა ვნახეო და მერე მისი მეპატრონეო, რომელმაც კარგად უმასპინძლა, მაგრამ გამაკვირვა ქარხნის სიღატაკემ და ამ კაცის პირადმა სიმდიდრემო. ეს ფინელისთვის ძალიან ბევრის მთქმელია.”(სტილი დაცულია)

მიუხედავად ამისა, საქართველოს ხელისუფლებამ მაინც დაიწყო მუშაობა ფინეთთან ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების, ინვესტიციების დაცვისა და წახალისების საკანონმდებლო ბაზაზე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ამ პროცესს ახალ იმპულსს შესძენს ფინეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში. საქართველოს ხელისუფლებას იმის იმედიც აქვს, რომ ქართველი და ფინელი ბიზნესმენების დაახლოებასაც შეძლებს. ბესარიონ გუგუშვილის კომენტარი:

[ბესო გუგუშვილის ხმა] ”ეს არის კორუფციისგან აბსოლუტურად თავისუფალი ქვეყანა, ასე რომ, საშური პარტნიორია, მაგრამ მეორე ის არის, რომ ფინური ბიზნესი იმავე პირობებს ითხოვს მეორე მხრისგანაც. ეს არის ქვეყანა, რომლისგანაც ჯანსაღი სტიმული მოდის, თუ ვინმეს ამ სტიმულის მიღება შეუძლია.”(სტილი დაცულია)

ახლა რაც შეეხება საქართველო-ფინეთის პოლიტიკურ თანამშრომლობას. ჰელსინკში მოგზაურობის შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ფინეთ-რუსეთის პოლიტიკური ურთიერთობის მაგალითითაც დაინტერესდა და პრაქტიკის გაზიარების სურვილიც გამოთქვა. ბესარიონ გუგუშვილის განმარტებით, საქართველოს მსგავსად ხუთმილიონიანმა ფინეთმა დიდ რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგება სამი საომარი კონფლიქტისა და ტერიტორიების დათმობის შემდეგ შეძლო.
XS
SM
MD
LG