Accessibility links

logo-print

რა პრობლემები აწუხებთ საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ აზერბაიჯანელებს


საქართველოში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელების მდგომარეობის შესასწავლად თბილისში სტუმრად იმყოფება საზღვარგარეთ მცხოვრებ აზერბაიჯანელებთან მუშაობის

სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე ნაზიმ იბრაჰიმოვი, რომელიც ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის სხვა წევრებს უნდა შეხვდეს.
ბაქოელი სტუმრის აზრით, საქართველოში ჯეროვნად არაა დაცული ეთნიკური აზერბაიჯანელების როგორც პოლიტიკური, ასევე სამოქალაქო უფლებები. ქვემო ქართლის მხარეში, სადაც ეთნიკური აზერბაიჯანელების დიდი ნაწილი ცხოვრობს, კვლავ ღიად რჩება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გამოყოფისა და კერძო საკუთრებაში გადაცემის საკითხი.

ეთნიკური აზერბაიჯანელები საქართველოს მოსახლეობის 6,5%-ს შეადგენენ. მათი დიდი ნაწილი ქვემო ქართლის მხარეში ცხოვრობს და თავს, ძირითადად, ვაჭრობითა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოყვანით ირჩენს.

[მამაკაცის ხმა] „ხომ ავირჩიეთ ჩვენი პატივცემული პრეზიდენტი? მერე რა გააკეთა? იქ ერგნეთი დაკეტა, აქ - სადახლოს ბაზრობა. ხალხმა რა აკეთოს, მოკვდეს? შრომით ადამიანს ვერ უცხოვრია.”

ამ მამაკაცს მე ბოლნისის რაიონში შევხვდი, როცა ის და მისი თანასოფლებები მოსავალს იღებდნენ. თუმცა პრობლემები, რომლებიც ეთნიკურ აზერბაიჯანელებს აწუხებთ, მარტო მიწის განაწილებითა და მოსავლის დაბინავებით როდი შემოიფარგლება. სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე შექმნილი მდგომარეობა, საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებში ეთნიკური უმცირესობების მონაწილეობის სიმწირე, განათლების სფეროში არსებული ხარვეზები, ადამიანთა გატაცების ფაქტები - ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ პრობლემებისა, რომლებიც საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ აზერბაიჯანელებს აწუხებთ და რომელთა შესახებაც აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარგარეთ მცხოვრებ აზერბაიჯანელებთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარემ ნაზიმ იბრაჰიმოვმა საქართველოს სახალხო დამცველ სოზარ სუბართან შეხვედრისას ილაპარაკა. მხარეებმა ორსაათიანი შეხვედრის შემდეგ მოქმედების გეგმა დასახეს.

[ნაზიმ იბრაჰიმოვის ხმა] „გვინდა, რომ მშვიდ გარემოში, ერთად გადავჭრათ პრობლემები. ამისათვის უნდა გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალება - ის, რომ სტრატეგიული პარტნიორები და მეგობარი ერები ვართ. ვაღიარებ, რომ ერთ დღეში ვერ გადაიჭრება ყველა ის პრობლემა, რომელიც უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში დაგროვდა, მაგრამ მთავარია ხალხმა დაინახოს, რომ პროცესი დაიწყო.“

იმას, რომ საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ აზერბაიჯანელებს პრობლემები არ აკლიათ, არც სახალხო დამცველი უარყოფს. თუმცა, სოზარ სუბარის თქმით, ობიექტური მიზეზების გამო, ყველა საკითხი მარტივად ვერ გადაიჭრება:

[სოზარ სუბარის ხმა] „არის პრობლემები, რომლის საქმის კურსში ვართ, მაგრამ არ არის ადვილად გადასაწყვეტი. ის, რომ ქვემო ქართლში ასეულობით და ათასეულობით ჰექტარი მიწა არის გაცემული კერძო პირებზე იჯარით, მაშინ როცა მოსახლეობას სოფელში მეოთხედი ჰექტარიც კი არ აქვს, ეს სერიოზული პრობლემაა, მაგრამ გადაწყვეტა არის ამისი ძალიან ძნელი. ეს არის პრობლემა არა ეთნიკური ხასიათის, არამედ წმინდა კორუფციული ხასიათის, იმიტომ რომ იგივე ეს ასეულობით ჰექტარი მიწა ხშირ შემთხვევაში აზერბაიჯანელებსაც აქვთ, ისევე როგორც აქვთ ქართველებს. მაშინ როცა იქვე სხვა აზერბაიჯანელები და სხვა ქართველები დარჩენილები არიან უმიწოდ.” (სტილი დაცულია)

ეთნიკური აზერბაიჯანელები საქართველოს პარლამენტში 5 დეპუტატით არიან წარმოდგენილნი. ქემალ მურადხანოვი ერთ-ერთი მათგანია. დეპუტატის აზრით, ბევრი პრობლემა, რომელიც საქართველოში მცხოვრებ უმცირესობებს აწუხებთ, სათავეს წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდიდან იღებს:

[ქემალ მურადხანოვის ხმა] „ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს პრობლემები შექმნილია ყოფილი ხელისუფლების მოღვაწეობის დროს. ასეთი მემკვიდრეობა დაგვიტოვა ჩვენ და შეუძლებელია ამის გადაჭრა 1-2 წელიწადში. ამისთვის დროა საჭირო, რათა კანონის ჩარჩოებში მოვაქციოთ და კანონით გადავწყვიტოთ, როგორც მიღებულია ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში.“(სტილი დაცულია)
XS
SM
MD
LG