Accessibility links

logo-print

რამდენიმე დეტალი საქართველო-რუსეთის ბოლოდროინდელი ურთიერთობიდან

  • ნინო როდონაია

ბოლო დღეებში საქართველო-რუსეთის ურთიერთობა კვლავ ცხინვალის რეგიონის გამო დაიძაბა. ამასთან, საქართველოს პარლამენტმა რამდენიმე დღით გადადო კონფლიქტის ზონაში

დისლოცირებული რუსული სამშვიდობო ძალების გასვლასთან დაკავშირებული დადგენილების პროექტის კენჭისყრა და მიზეზად რამდენიმე გარემოების გარკვევა დაასახელა. ერთ-ერთ ამგვარ გარემოებას, შესაძლოა, მოსკოვში უშიშროების საბჭოს მდივნისა და სახელმწიფო მინისტრის ვიზიტი წარმოადგენდეს.
გასული წელიწად-ნახევრის განმავლობაში საქართველოს კონფლიქტური რეგიონები რამდენჯერმე იქცა თბილისისა და მოსკოვის ურთიერთბრალდებების მიზეზად.

გასული წლის ივნისში საქართველომ რუსეთი ცხინვალის რეგიონში სიტუაციის ესკალაციის მცდელობაში დაადანაშაულა. ამის მიზეზად იქცა რუსული სამხედრო ავტოკოლონა, რომლის ტვირთად თბილისი საზენიტო დანადგარებსა და საბრძოლო მასალებს ასახელებდა, მოსკოვი კი - სურსათსა და საწვავს. მაშინ მიხეილ სააკაშვილმა რუსეთს შეახსენა, რომ საქართველო მისი საკუთრება არ არის და განაცხადა, რომ რეგიონში სამხედრო ძალას არ გაგზავნის, რადგან იქ მისი ხალხი ცხოვრობს. ოდნავ მოგვიანებით საქართველოს ხელისუფლებამ კონფლიქტის ზონაში მართლაც დააკავა რუსული სამხედრო ტექნიკა, რის გამოც მოსკოვმა თბილისი ქურდობაში დაადანაშაულა, და რეგიონში ქართველი სამხედროებიც გაგზავნა, რასაც შეიარაღებული დაპირისპირების განახლება მოჰყვა. იმ პერიოდში კიდევ ერთხელ დაისვა კონფლიქტის ზონაში რუსული სამშვიდობო კონტინგენტის ყოფნის მიზანშეწონილობის საკითხი, რომელიც დღემდე აქტუალურია:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ,,საერთოდ, ისმის კითხვა, არიან თუ არა სამშვიდობო ძალები იქ რუსეთის სტაბილიზაციისთვის, თუ იმ რეალური ქმედებებიდან, რომელიც ხორციელდება, სამწუხაროდ, გვიხდება იმის კონსტატაცია, რომ ისინი თავისთავად ამ სიტუაციაში გადაიქცნენ დესტაბილიზაციის სერიოზულ წყაროდ.” (სტილი დაცულია)

ამ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილი გულისხმობდა არა მხოლოდ ცხინვალის რეგიონს, არამედ აფხაზეთსაც, რომელიც წლის დასაწყისიდანვე კვლავ იქცა რუსეთისადმი საქართველოს პროტესტის მიზეზად. საუბარია თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნებზე, რომელიც მოსკოვის აქტიური მონაწილეობით მიმდინარეობდა:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] ,,ის, როდესაც რუსეთის გენერალური პროკურორის მოადგილე, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ვიცე-სპიკერი იმყოფებიან აფხაზეთში არჩევნების დროს, არჩევნების წინ და ამის თაობაზე არათუ პროტესტი არ კეთდება, არამედ რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ დიახ, ისინი იმყოფებიან იქ, როგორც ოფიციალური პირები, სხვა არაფერია, თუ არა საქართველოს საშინაო საქმეებში უხეში ჩარევა. ჩვენდა სამწუხაროდ, რუსეთი სარგებლობს სწორედ იმით, რომ საქართველოს იურისდიქცია დე ფაქტო არ ვრცელდება დღეს აფხაზეთში და თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში.” (სტილი დაცულია)

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ანტირუსულ რიტორიკაში მოსკოვმა წელს გაზაფხულზე დაადანაშაულა, ოღონდ არა აფხაზეთთან, არამედ რუსულ სამხედრო ბაზებთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც მარტში პარლამენტმა ბაზებთან დაკავშირებული დადგენილება მიიღო, ორი ქვეყნის წარმომადგენელთა ლექსიკონში სიტყვები “შანტაჟი” და “პროვოკაცია” გახშირდა. სამხედრო ბაზებთან დაკავშირებული საბოლოო გადაწყვეტილება, რომელიც ოფიციალურად მაისში გაფორმდა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა საქართველო-რუსეთის ურთიერთობის ახალი, კონსტრუქციული ეტაპისა და წყენის დავიწყების დასაწყისად გამოაცხადა. ანალოგიური სურვილი არ შეინიშნებოდა ბაზებთან დაკავშირებით პრეზიდენტ პუტინის განცხადებაში, სადაც მას სიტყვა “საქართველო” არც ერთხელ არ უთქვამს:

[ვლადიმირ პუტინის ხმა] ,,ვფიქრობ, რომ ეს არც ისე კარგია და იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენს მეზობლებს არ სურთ იქ ჩვენი სამხედო ძალის ყოფნა. ამაში კარგს ვერაფერს ვხედავ, მაგრამ უარესი იქნებოდა, ნებისმიერ ფასად წინააღმდეგობა გაგვეწია მათი სუვერენული უფლებების განხორციელებისთვის.”

ბაზების გამო რუსეთის პრეზიდენტს საქართველოსთან ურთიერთობის შეწყვეტას ურჩევდა სახელმწიფო სათათბირო, რომელსაც გასული წელიწად-ნახევრის განმავლობაში არც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის რუსეთთან შეერთების ინიციატივა დავიწყებია, არც ენერგომატარებლების გაძვირება, რაც, სავარაუდოდ, რეალობად იქცევა, და არც ის, რომ საქართველო ტერორისტების თავშესაფარია.
თუ პოლიტიკურად გაცილებით ნაკლები მნიშვნელობის ფაქტებს გავიხსენებთ, თბილისმა მოსკოვს ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების პროცესისთვის რუსი დიპლომატის, მაიოროვის, ჩამოშორება მოსთხოვა იმ მიზეზით, რომ მას არ ახსოვდა რომელ ქვეყნებს აკავშირებს როკის გვირაბი. ერთგვარი სკანდალის საბაბად იქცა ის ფაქტიც, რომ თბილისში ვიზიტისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უარი თქვა ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალთან მისულიყო. მაიოროვი სამშვიდობო პროცესში აღარ მონაწილეობს, მემორიალთან კი წელს, 27 სექტემბერს, არც საქართველოს პრეზიდენტი მისულა.
XS
SM
MD
LG