Accessibility links

logo-print

ცხინვალის დაბომბვაში რუსეთი ღიად ადანაშაულებს საქართველოს


28 სექტემბერს საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი გელა ბეჟუაშვილი და კონფლიქტის მოწესრიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გიორგი ხაინდრავა მოსკოვში

გაემგზავრნენ, სადაც ქართველ მოხელეებს უსიამოვნო საუბარი ელოდებათ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინიტრის მოადგილემ ვალერი ლოშჩინინმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეუძლია დოკუმენტურად დაადასტუროს, რომ 20 სექტემბერს ცხინვალის დაბომბვა საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან მოხდა. სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მთავრობამ კი ქართული სამშვიდობო ძალების სარდლის პაატა ბედიანაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ჯერჯერობით აბ ბრალდებებზე არაფერს ამბობს ოფიციალური თბილისი, რომელმაც ინციდენტის გამოსაძიებლად საგანგებო სამთავრობო კომისიაც შექმნა.

20 სექტემბერს ცხინვალის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ნაღმსატყორცნიდან გაშვებული სამი ნაღმი აფეთქდა, რის შედეგადაც ცხრა მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა. კონფლიქტის მოწესრიგების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ხაინდრავამ ამ ინციდენტის ავტორებს “საქართველოს მტრები და დეგენერატები” უწოდა. 28 სექტემბერს სამუშაო ვიზიტით მოსკოვში ჩასულ ხაინდრავას ძალაუნებურად ამ სიტყვების გახსენება მოუწევს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვალერი ლოშჩინინმა 27 სექტემბერს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მზად არის საქართველოს დოკუმენტურად დაუსაბუთოს, რომ ცხინვალის დაბომბვა სწორედ თბილისის კონტროლირებადი ტერიტორიიდან მოხდა. ორი დღით ადრე რუსეთის სამშვიდობო ძალების სარდალმა ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში გენერალმა მარატ კულახმეტოვმა ასეთ ადგილად დაასახელა სოფელი ნიქოზი, დაბომბვის იარაღად კი - 80 მილიმეტრიანი ნაღმსატყორცნი. რუსეთის მხარის მიერ ასეთი ოპერატიულობით დაბომბვის გამოძიება საეჭვოდ ეჩვენებათ ქართველ სამხედრო ექსპერტებს. “კვირის პალიტრის” სამხედრო მიმომხილველმა ირაკლი ალადაშვილმა ჩვენთან საუბარში ჩამოთვალა ის სირთულეები, რაც იარაღის ტიპისა და ნაღმის გაშვების ადგილის ზუსტ დადგენას ახლავს:
[ირაკლი ალადაშვილის ხმა] “ძალიან რთულია ნაღმის მიხედვით წარმომავლობა დადგინდეს, იმიტომ რომ, როგორც წესი, ამ საბჭოთა წარმომავლობის ნაღმებს იყენებს ყველა დაპირისპირებული მხარე საბჭოთა კავშირში. და გათვლა, თუ რომელი მიმართულებიდან წამოვიდა ნაღმები, დაახლოებით შეიძლება. მაგრამ თუ რამდენი კილომეტრის დაშორებით და საიდან იქნა ნასროლი, ამის დადგენა საკმაოდ რთულია. ამას სჭირდება საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება. ხელმეორედ უნდა იქნეს ნასროლი, რომ იქიდან მერე მოხდეს გამოთვლა.”(სტილი დაცულია)

საქართველოს ხელისუფლება, შესაძლოა, სწორედ ამ მიზეზების გამო არ აცხადებს ჯერჯერობით ოფიციალურად საკუთარ ვერსიას 20 სექტემბრის ცხინვალის დამომბვის შესახებ. უცნობია ისიც, თუ რა მიმართულებით წარმართავს ძიებას საქართველოს პრეზიდენტის მიერ შექმნილი საგანგებო სამთავრობო კომისია. ამასობაში კი სულ უფრო მწვავე განცხადებებს აკეთებს ოსეთის მხარე. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მათავრობამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ქართული სამშვიდობო ძალების სარდლის პაატა ბედიანაშვილის წინააღმდეგ. სწორედ ასეთი ორმხრივი ბრალდების ფონზე მოუწიათ ჩასვლა მოსკოვში საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივან გელა ბეჟუაშვილსა და კონფლიქტის მოწესრიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრ გიორგი ხაინდრავას, რომელმაც უნდა გაარკვიოს, თუ რას აპირებს შემდგომში მოსკოვი.
[გიორგი ხაინდრავას ხმა] “რამდენადაც მე მესმის, ცხინვალი დამოუკიდებელ ნაბიჯებს არ აკეთებს, ამიტომ, ეტყობა, ასეთი დირექტივა აქვთ მიღებული, რომ შეჩერდეს მოლაპარაკების პროცესი. აი, ჩვენ გვინდა გავარკვიოთ, საერთოდ, რა ვითარებაში ვართ, რა პერსპექტივა გვაქვს და რა ელოდება ჩვენს ურთიერთობებს.” (სტილი დაცულია)

ქართულ პოლიტიკურ წრეებში აღნიშნავენ, რომ სწორედ მოსკოვში გამართული მოლაპარაკების შედეგებზე იქნება დამოკიდებული ის, თუ საბოლოოდ როგორ შინაარსს შეიძენს პარლამენტის დადგენილება კონფლიქტის ზონაში რუსეთის სამშვიდობო ოპერაციის შესახებ: საქართველო კატეგორიულად დააყენებს რუსი მშვიდობის დამცველების გაყვანის მოთხოვნას, თუ მხოლოდ დიპლომატიურ თითის დაქნევას დასჯერდება.
XS
SM
MD
LG