Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ ხვდება საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სისტემა მოახლოებულ ზამთარს


ზამთრის მოახლოებასთან ერთად სულ უფრო მეტად აქტუალური ხდება კითხვა, იქნება თუ არა ელექტროენერგია ან ბუნებრივი აირი და, თუ იქნება, რა ფასად და რა პირობებით.

ბოლო დროს სათბობ-ენერგეტიკის ტრადიციულ საკითხთა ნუსხას კიდევ ერთი პრობლემატური საკითხი დაემატა - ის, თუ რამდენადაა დაცული ენერგომატარებლების მოხმარების უსაფრთხოება. 28 სექტემბერს ამ თემატიკას ჩეხეთის კომპანია ”კარმას” გენერალურმა დირექტორმა პრესკონფერენცია მიუძღვნა, ხოლო საქართველოს პარლამენტში სპეციალური საკომიტეტო მოსმენა გაიმართა.

საქართველოში ზამთრის პერიოდში სათბობ-ენერგეტიკული სისტემის ძირითადი მამოძრავებელი საშუალება რუსეთიდან იმპორტირებული ბუნებრივი აირია. ისიც ცნობილია, რომ რუსეთი ამას თბილისზე ზეწოლის ბერკეტად იყენებს და ამის გამო დღემდე ჯერ კიდევ არ არის გარკვეული ბუნებრივ აირს რა ფასად მიიღებს საქართველო ზამთრის განმავლობაში. რუსეთი 1000 კუბმეტრ გაზში 110 აშშ დოლარს მოითხოვს.

28 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე სათბობ-ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმა გაკვირვება ვერ დაფარა, როდესაც მას ძვირად ღირებული გაზით გამომუშავებული ელექტროენერგიის ტარიფის მოცულობა ჰკითხეს:

[ნიკა გილაურის ხმა] ”...უკაცრავად, რომელი ახალი ფასები? თქვენ თუ იცით რამე... იმიტომ რომ მე არ ვიცი ახალი ფასები.”(სტილი დაცულია)

ნიკა გილაური ამბობს, რომ ჯერჯერობით მოლაპარაკება მიმდინარეობს და ბუნებრივი აირის ახალ ფასებზე საუბარი ნაადრევია. თუმცა, როგორც არ უნდა გაძვირდეს ბუნებრივი აირი, - სავარაუდოდ, მისი ფასი 27 თეთრიდან 35 თეთრამდე მოიმატებს თბილისელებისთვის და არამარტო მათთვის, - იგი, უალტერნატივობის გამო, ზამთარში მაინც გათბობის ერთ-ერთ ძირითად საშუალებად დარჩება. შესაბამისად, თანდათან წინ წამოიწია გაზის მოხმარების უსაფრთხოების საკითხებმა - განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რამდენიმე თვის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების მიზეზად გაზის გამათბობლის არასწორი ექსპლუატაცია დასახელდა.

ამ თემას მიუძღვნა თავისი პრესკონფერენცია ჩეხეთის კომპანია ”კარმას” გენერალურმა დირექტორმა პაველ იანეჩეკმა. მან ტრაგიკული შემთხვევების თავიდან ასაცილებლად მომხმარებლებს სერტიფიცირებული პროდუქციის შეძენა ურჩია:

[პაველ იანეჩეკის ხმა] ”საგარანტიო პერიოდის გავლის შემდეგაც ჩვენ ვურჩევთ მომხმარებლებს გათბობის ხელსაწყოები ყოველ ორ წელიწადში გაწმინდონ ან სპეციალისტს დაათვალიერებინონ ჩვენი მეშვეობით და დახმარებით. მაგრამ თუ ბაზარზე ხდება შესყიდვა, მაშინ ასეთი გარანტიები აღარ არსებობს. რასაკვირველია, ჩვენთან შეძენილი აპარატურა უფრო ძვირია, ვიდრე შავ ბაზარზე, მაგრამ უსაფრთხოების ხარისხი არის ძალიან მაღალი.”

ახლა რაც შეეხება ელექტროენერგიას, რომელიც ასევე ძირითადი ენერგომატარებელია, განსაკუთრებით - ზამთრის პერიოდში. ენერგეტიკის მინისტრი ნიკა გილაური ირწმუნება, რომ ამ ზამთარს საქართველოს ელექტროსისტემას დეფიციტი აღარ შეაწუხებს.

[ნიკა გილაურის ხმა] ”სისტემას 24 საათის დატვირთვის რეჟიმში არ უმუშავია 15 წლის განმავლობაში. ყველაფერი გაკეთებულია, მაგრამ ჩვენ ავარიებისგან დაზღვეული არ ვართ და ამის გარანტიას ვერავის ვერ მივცემთ. ჩვენ სისტემა ისეთ მდგომარეობაში მოვიყვანეთ, რომ უკვე ამაზე დიდ დატვირთვას გაუძლოს 2006 წლის ზამთრისთვის, ანუ იქეთა ზამთრისთვის.”(სტილი დაცულია)

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს ამის თქმის საშუალებას აძლევს წელს ჰიდროელექტროსადგურებსა და ელექტროგადამცემ ხაზებზე განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოები. სარემონტო სამუშაოები ასევე ჩაუტარდა თბილისის თბოელექტროსადგურის მესამე და მეოთხე ენერგობლოკებს. თუ რამდენად ეფექტურად, ამ კითხვას პასუხს მომავალი ზამთარი გასცემს.
XS
SM
MD
LG