Accessibility links

logo-print

საქართველოს ხელისუფლება გაწვევის გეგმას ასრულებს, გადავადების მოსაკრებელს კი ზრდის


საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლება წვევამდელებსა და მათ მშობლებს ახალ უსიამოვნო სიურპრიზს უმზადებს. პარლამენტში შესული საკანონმდებლო ცვლილების პროექტით,

10-ჯერ იზრდება გაწვევის ერთჯერადი გადავადებისათვის დადგენილი თანხა და ლიმიტირებული ხდება ამ უფლებით სარგებლობა. ხელისუფლება კანონის ასეთ გამკაცრებას არმიის აღმშენებლობით ხსნის, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის კი გაუგებარია, თუ რატომ იზრდება გადავადების თანხა, როდესაც სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გეგმა წლიდან წლამდე მცირდება.


საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, 2008 წლისათვის სამხედრო სისტემა საქართველოში თითქმის მთლიანად პროფესიულ რელსებზე უნდა გადავიდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ დროთა განმავლობაში კიდევ უფრო შემცირდება საყოველთაო-სავალდებულო გაწვევა და ყველა საბრძოლო-საშტატო კატეგორიაზე ჯარისკაცების აყვანა კონკურსის წესით მოხდება. არმიის მზარდი ტემპით პროფესიონალიზება 2002 წლიდან “წვრთნისა და აღჭურვის” ქართულ-ამერიკული პროგრამით დაიწყო და ეს მაშინვე აისახა საყოველთაო გაწვევის გეგმაზე, რომელიც 20 პროცენტით შემცირდა. წელს კი, ახალი ამერიკული პროგრამით, საქართველოში კიდევ 2 პროფესიული ბრიგადა უნდა ჩამოყალიბდეს. შესაბამისად, გასაწვევი რესურსი საჭირო იქნება მხოლოდ ზურგისა და უზრუნველყოფის ქვედანაყოფების დასაკომპლექტებლად. ამ გეგმის შესრულება კი, რაც წელიწადში 5-6 ათას კაცს არ აღემატება, გაწვევის განყოფილებებს არ უნდა გაუჭირდეთ იმ პირობებში, როცა საქართველოში 60 ათასზე მეტი წვევამდელი ცხოვრობს, - ამბობს ასოციაცია “სამართალი და თავისუფლების” წევრი შალვა თადუმაძე და ვარაუდობს, რომ გაწვევის გადავადების 2000 ლარამდე გაზრდა ასევე გაზრდის კორუფციას გასაწვევ ორგანოებში:
[შალვა თადუმაძის ხმა] “არა, ამით კორუფცია დაინერგება. ჯერ ერთი, იმიტომ რომ ძალიან დიდი გადასახადი იქმნება. ორასლარიან მოსაკრებელზე ე.წ. კომისარიატები არ ვაჭრობდნენ და ახლა ამ თანხაზე ივაჭრებენ. მეორე, როცა დიდი რესურსი იქნება გასაწვევი და ცოტა იქნება ჯარში წასაყვანი, ჯარში ის წავა, ვინც ფულს არ გადაიხდის.”

პარლამენტში შესული კანონპროექტით, ერთჯერადი გადავადებისთვის წვევამდელს ან მის მშობელს მოუწევს სახელმწიფოს 2000 ლარი გადაუხადოს. თანაც, ამ უფლებით ის ორჯერ ისარგებლებს, მერე კი მას მაინც მოუწევს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა. შარშან, 200 ლარიან მოსაკრებლის მოქმედების პერიოდში, სახელმწიფო ხაზინაში მილიონ-ნახევარი ლარი შევიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გაწვევის გადავადებით ისარგებლა მხოლოდ 7 500 კაცმა. მაგრამ მოისურვებს თუ არა იგივე რაოდენობა 2000 ლარის გადახდას, ძნელი სათქმელია. მით უფრო, რომ, არმიაში საყოფაცხოვრებო ვითარების გაუმჯობესების კვალობაზე, სამხედრო სამსახურის გავლის სურვილი სულ უფრო მეტ ახალგაზრდას უჩნდება. როგორც ერთ-ერთი გამწვევი ორგანოს თანაშრომელმა ინკოგნიტოდ გვითხრა, შარშან მათ რამდენიმე ასეული წვევამდელის უკან გაშვებაც მოუხდათ არმიაში ადგილების უქონლობის გამო:
[ინკოგნიტო მოხელის ხმა] “ მომაწყდა ხალხი და მიჩიოდნენ, ჯარში რატომ არ მიგყევარო. და მე ვუთხარი, შე დალოცვილო, მოთხოვნა არ არის მეტი და სად წაგიყვანო-თქო. მოვაბრუნეთ ხალხი, ერთი 600 კაცი, გამწვევი პუნქტიდან. წივილ-კივილი იყო შარშან ამ პერიოდში.” (სტილი დაცულია)

თუ რა არგუმენტი აქვთ ხელისუფლებას და კანონმდებლებს, რომლებიც აღნიშნულ ცვილელებებს მხარს უჭერენ, ამის შესახებ კვირის სამხედრო პროგრამაში ვისაუბრებთ.
XS
SM
MD
LG