Accessibility links

logo-print

ბუნებრივი აირის მოწოდების პირობებზე მუშა ჯგუფი იმუშავებს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საქართველოსათვის რუსეთიდან გაზის მოწოდების პირობებისა და ტარიფის შესათანხმებლად მუდმივმოქმედი ჯგუფი იმუშავებს, რომლის შემადგენლობაშიც ენერგეტიკის

სამინისტროსა და „გაზპრომის“ წარმომადგენლები შედიან. მუშა ჯგუფმა ბუნებრივი აირის მომწოდებელთან მომავალი თანამშრომლობის პირობები უნდა შეათანხმოს. რა პირობებს უყენებს რუსული ”გაზპრომი” საქართველოს და გაძვირდება თუ არა გაზის ტარიფი?

ენერგეტიკის სამინისტრო და რუსული „გაზპრომი“ მომავალი თანამშრომლობის პირობებზე შესათანხმებლად მუდმივმოქმედ სამუშაო ჯგუფს ქმნიან. ენერგეტიკის მინისტრი ნიკა გილაური და „გაზპრომის“ შვილობილი კომპანია „გაზექსპორტის“ საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დავით მორჩილაძე შეთანხმების შემუშავების საბოლოო ვადებზე საუბრისგან თავს იკავებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ გაზის მოწოდების შესახებ კონტრაქტი წლის ბოლომდე უნდა გაფორმდეს. გაზმომარაგების საკითხები პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე გილაურისა და მორჩილაძის მონაწილეობით განიხილებოდა.

საქართველოსათვის „გაზპრომი“ ბუნებრივი აირის უალტერნატივო მომწოდებელია და, შესაბამისად, ქართულ მხარეს ამ ენერგოგიგანტთან მოლაპარაკებისას მუდმივად პრობლემები ექმნება. ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა მას შემდეგ, რაც რუსეთმა გადაწყვეტილება მიიღო ყოფილი „მოძმე რესპუბლიკებისათვის“ მოწოდებული ბუნებრივი აირის ტარიფი საერთაშორისო ფასებთან მიეახლოებინა. „გაზპრომი“ აპირებს საქართველოში მოწოდებული გაზის საფასური 1,000 კუბმეტრზე 60 აშშ დოლარიდან 110 დოლარამდე გაზარდოს, რაც ახალი წლიდან მომხმარებლისთვის გაზის საფასურის დაახლოებით 8 თეთრით მატებას ნიშნავს.

რუსული მხარე მზადაა, საფასურის საკითხი განიხილოს იმ შემთხვევაში, თუ დარეგულირდება სამი პრობლემა - შესყიდვების მექანიზმი, სომხეთისთვის ტრანზიტის საფასური და “გაზპრომის” “საინვესტიციო აქტიურობა”. ამ უკანასკნელს „გაზექსპორტის“ წარმომადგენელი არ აკონკრეტებს, თუმცა ყველასათვის ცნობილია რუსული გიგანტის ინტერესი საქართველოში. „გაზპრომმა” ენერგოობიექტების პრივატიზაციით დაინტერესება არაერთხელ გამოავლინა. კერძოდ, საუბარია მაგისტრალურ გაზსადენსა და „თბილგაზზე“. ჯორჯ ბუშის თბილისურმა ვიზიტმა, შემდეგ კი მილენიუმის პროგრამით საქართველოსათვის 300 მილიონი დოლარის დახმარების გამოყოფამ ამ ეტაპზე წერტილი დაუსვა მაგისტრალური გაზსადენის გასხვისების თემას. არ არის გამორიცხული, რომ „გაზპრომმა“ საქართველოსათვის გაზის მნიშვნელოვანი გაძვირების თემაც სწორედ მაგისტრალური გაზსადენის პრივატიზების პროცესის ჩაშლის შემდეგ წამოსწია. იმას, რომ ტარიფი მჭიდროდ უკავშირდება საქართველო-რუსეთის ურთიერთობას, ისიც ადასტურებს, რომ გაზი არ გაუძვირდებათ საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებს - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს. ამ საკითხის პოლიტიკურ მოტივაციაში ეჭვი არ ეპარება არც ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძეს:

[სანდრო თვალჭრელიძის ხმა] „საერთოდ, რუსული პოლიტიკა და ეკონომიკა ყოველთვის ერთმანეთში იყო გადახლართული პეტრე პირველის დროიდან და არც „გაზპრომი“ წარმოადგენს გამონაკლისს. მაგალითისთვის შემიძლია მოგიყვანოთ შემდეგი ფაქტი: წლების მანძილზე საქართველო ყიდულობდა გაზს რუსეთის საზღვარზე 60 დოლარად 1000 კუბურ მეტრს, ხოლო სომხეთი ყიდულობდა გაზს საქართველოს საზღვართან 40 დოლარად 1000 კუბურ მეტრს.“

ახლად შექმნილ მუდმივმოქმედ მუშა ჯგუფს სომხეთისათვის საქართველოს გავლით მიწოდებულ გაზის ტარიფზეც მოუწევს დავა. რუსული მხარე ითხოვს, რომ ტრანზიტის ტარიფი ყოველ 100 კმ-ზე გატარებულ 1,000 კუბმეტრში 2-2.5 აშშ დოლარს შეადგენდეს, მაშინ როდესაც ამჟამად საქართველო, საფასურის სახით, სომხეთში გატარებული გაზის მოცულობის 10% იღებს.

რაც შეეხება შესყიდვებს, „გაზექსპორტის“ წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თქმით, რუსული მხარე 10-წლიანი კონტრაქტის გაფორმებითა და მოცულობის მხრივ მყარი გარანტიებით არის დაინტერესებული, ქართული მხარე 5-წლიან კონტრაქტს სთავაზობს. „გაზპრომი“ საბაზისო ფასის დაწესებისა და მომდევნო წლებში ნავთობპროდუქტების ფასების ცვლილების მიხედვით ინდექსირების განხორციელების ინიციატივითაც გამოდის, რაც ბუნებრივი აირის ტარიფს მუდმივად ცვალებადს გახდის.
XS
SM
MD
LG