Accessibility links

logo-print

ხვალ საქართველოს ხუთ საარჩევნო ოლქში არჩევნები გაიმართება


ხვალ, 1 ოქტომბერს, ისნისა და შუახევის საარჩევნო ოლქებში შუალედური არჩევნები, ტყიბულის, ბათუმისა და ქობულეთის ოლქებში კი ხელახალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.

არჩევნებში მაჟორიტარი დეპუტატის მანდატს ერთმანეთს 20 კანდიდატი შეეცილება. პრაიმერში მონაწილე ოპოზიციური პარტიები დარწმუნებულნი არიან, რომ ამომრჩევლის სიმპათია სწორედ მათი კანდიდატების მხარეს იხრება. კიდევ უფრო მეტად სჯერა გამარჯვებისა მმართველ პარტიას, რომელმაც წინასაარჩევნო კამპანია დიდი უპირატესობით, კონკურენტებთან არათანაბარ პირობებში, აწარმოა.

მმართველი პარტიის, ფაქტობრივად, ყველა კანდიდატის საარჩევნო კამპანიის მთავარი ნაწილი საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერა და ამ საარჩევნო ოლქებში ჩატარებული აღმშენებლობითი სამუშაოების განსაკუთრებულად გამოკვეთაა. მართალია, ამ ხერხებით პრეზიდენტი და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ნაციონალური მოძრაობის კანდიდატების მხარდასაჭერად ღია აგიტაციასაც კი არ ერიდებოდნენ, მაგრამ ძნელია იმის თქმა, რომ მათ ამით ყველა ამომრჩევლის გული მოიგეს.

[მოქალაქის ხმა] ”ხალხის უმრავლესობა მისცემს ოპოზიციას, იმიტომ რომ თვითონ აკეთებენ და თვითონ იქცევიან ისე, რომ არწმუნებენ ამ ხალხს, რომ ვერ არიან თავის მატორზე, უკაცრავად მაგრამ ესეა და. მეც რაღაცის იმედი მქონდა, რაღაცას ვეპოტინებოდი და ვეღარაფერს ვეღარ ვეპოტინები.”(სტილი დაცულია)

ამომრჩევლის ამგვარი განწყობა ოპოზიციის პრაიმერგამოვლილმა ნაწილმა 17 სექტემბერს გამართულ წინასწარ არჩევნებზეც იხილა. მათთვის მაშინ სასიამოვნო სიურპრიზი ამომრჩევლის განსაკუთრებული აქტიურობა იყო. მიუხედავად იმისა, რომ 1 ოქტომბერს შუალედურ და ხელახალ არჩევნებში სხვა ოპოზიციური პარტიებისა და საინიციატივო ჯგუფების მიერ ნომინირებული კანდიდატებიც მონაწილეობენ, თავად ოპოზიციური კოალიციის ლიდერები სახელისუფლებო კანდიდატების მთავარ ოპონენტებად სწორედ საკუთარ ერთობლივ კანდიდატებს მიიჩნევენ. ამომრჩეველთა უმრავლესობისთვის კი ოპოზიცია, ზოგადად, მაინც კრებითი სახელია და მმართველი პარტიის ალტერნატივას ნიშნავს.

[მოქალაქის ხმა]”ხალხი თუ ჭკვიანია, ოპოზიციას უნდა დაუჭიროს, ჰო, ოპოზიციას, იმიტომ რომ ხედავთ, რა ცხოვრება მოვიდა. საბურთალოზე ვიყავი და ერთი საათი მოვუნდი, რომ გამოვსულიყავი აქა. ეგრე არ შეიძლება, რა. ხალხი გაწვალებულია. აი, ოჩერედში ვიდექი და ქალები იწყევლებოდნენ, კაცები კიდევ იგინებოდნენ. დანარჩენი თქვენ განსაჯეთ უკვე, რა.”(სტილი დაცულია)

წინასაარჩევნოდ განსასჯელი ბევრი არაფერია: რამდენად ობიექტურად ჩატარდება არჩევნები და რამდენად პრინციპული მნიშვნელობა აქვს მმართველი პარტიისათვის იმ 5 მანდატს, რომელთა მოპოვებასაც იგი 1 ოქტომბრის არჩევნებში ცდილობს?

[მაია ნადირაძის ხმა]” არსებობს რაღაცა ჯგუფები და ოპოზიციის რაღაცა ნაირსახეობები, რომლებიც ამბობენ, რომ ამ ხელისუფლებას რეიტინგი დაუვარდა, რო ხალხი უკმაყოფილოა და რო ლამის მეორე რევოლუციისთვის ემზადებიან და რომ საყოველთაო სიძულვილს იმსახურებს ეს ხელისუფლება. ეს არჩევნები გარკვეული ინდიკატორი იქნება იმისი, ეს ასეა თუ ეს ასე არ არის.”(სტილი დაცულია)

როგორც საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი მაია ნადირაძე შენიშნავს, ხელისუფლება, რომელიც რეფორმებს საკმაოდ სწრაფ ტემპებში ატარებს, არ შეიძლება საყოველთაო კეთილგანწყობას იმსახურებდეს. თუმცა, ამის მიუხედავადაც, იგი იმედოვნებს, რომ ხალხი სწორად შეაფასებს მოვლენებს და მაინც ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებს მიემხრობა. რაც შეეხება არჩევნების სამართლიანობას, უმრავლესობის ლიდერი მიიჩნევს, რომ ეს ქვეყნის ღირსების საკითხია და არჩევნები არავის სასარგებლოდ არ გაყალბდება.

არჩევნების სამართლიანობასა და კანონიერებას 1 ოქტომბერს 5 საარჩევნო ოლქში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსამსახურის ცნობით, 61 ადგილობრივი და 31 საერთაშორისო ორგანიზაცია დააკვირდება. ზოგიერთი ორგანიზაცია, კერძოდ, ”ახალი თაობა -ახალი ინიციატივა”, ხმათა პარალელურ დათვლასაც გეგმავს. პირველადი შედეგები ხვალ გვიან ღამით გახდება ცნობილი.
XS
SM
MD
LG