Accessibility links

logo-print

რა ტიპის ეკონომიკური თანამშრომლობა ყალიბდება საქართველოსა და ყაზახეთს შორის


საქართველოში ყაზახეთის პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის ვიზიტისთვის ემზადებიან. ნაზარბაევი საქართველოს 2 ოქტომბერს ეწვევა და 4 ოქტომბრამდე,

საქართველოს ოფიციალურ პირებთან შეხვედრის გარდა, მახინჯაური-ჩაქვის საავტომობილო გვირაბსაც მოინახულებს. გვირაბი, რომლის მშენებლობაც ახლახან დასრულდა, ევრაზიული სატრანსპორტო დერეფნის შემადგენელი ნაწილია. ამ პროექტში ყაზახეთის ჩართვით კი სისხლხორცეულადაა დაინტერესებული საქართველოს ხელისუფლება. დღეს ამ და ქართულ-ყაზახური ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ სხვა თემებზე გესაუბრებით.

ყაზახეთის პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის საქართველოში ვიზიტს წინ უსწრებდა საქართველოსა და ყაზახეთის სამთავრობათაშორისო ეკონომიკური კომისიის სხდომა. 30 სექტემბერს, სხდომის დასრულების შემდეგ, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ირაკლი ჩოგოვაძემ და ყაზახეთის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრმა ასკარ მამინმა ხელი მოაწერეს ოქმს ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ. ირაკლი ჩოგოვაძის კომენტარი:

[ირაკლი ჩოგოვაძის ხმა] ”კონკრეტულად ჩვენ ვთანხმდებით ყაზახური გაზის იმპორტირების საკითხებზე. ასევე, ყაზახეთი საქართველოსკენ მიმავალ ტვირთებს თავის ტერიტორიაზე შეღავათიან ფასებს დაუწესებს და ეს არის სამინისტროების მუშაობა, რომ ჩვენ უნდა დავეხმაროთ ბიზნესებს, რომ უფრო იაფად და უფრო ნაყოფიერად იმუშაონ.”(სტილი დაცულია)

რაც შეეხება ყაზახეთის ინტერესს საქართველოს მიმართ, ის, ძირითადად, საქართველოში საინვესტიციო აქტიურობაში გამოიხატება. როგორც ცნობილია, რამდენიმე თვის წინ ყაზახურ-ქართულმა კომპანიამ ”სილქროუდ გრუპმა” სასტუმრო ”ივერია” შეიძინა და, მის ადგილზე თანამედროვე სასტუმროს აშენების გარდა, რესპუბლიკის მოედნის რეკონსტრუქციასაც განახორციელებს. თუ როგორი იქნება 100 მილიონ ამერიკულ დოლარად შეფასებული პროექტის შედეგი, “სილქროუდ გრუპის” წარმომადგენელ თათა კვაჭაძისგან შეიტყობთ:

[თათა კვაჭაძის ხმა] ”მთელი რესპუბლიკის მოედანი იქნება გამწვანებული, იქნება ვარდების ხეივანი, დაიდგმება ტრიუმფალური თაღი. ძირითადად, ტრიუმფალური თაღები ომთან ასოცირდება, ჩვენი კი, პირიქით, ძალიან მშვიდობიანი იქნება. მასზე ასვლა და ხედებით დატკბობაც იქნება შესაძლებელი. პრეზიდენტმა ნახა ეს პროექტი და მოიწონა უკვე.”

”სილქროუდ ჯგუფს” და ყაზახეთის ბანკს ”ტურამ ალემს” საქართველოში ერთობლივი ბანკიც აქვთ დაფუძნებული. ამ კომპანიების თანამშრომლობა კი 8 წლის წინ საქართველოს გავლით ნავთობის ტრანსპორტირებით დაიწყო. ეს, ანუ ყაზახური ტვირთების საქართველოს გავლით ტრანსპორტირება, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი ინტერესია. ეკონომიკური განვითარების მინისტრის ირაკლი ჩოგოვაძის კომენტარი:

[ირაკლი ჩოგოვაძის ხმა] ”ყაზახეთს აქვს მილიონობით ტონა ქვანახშირი, ასევე სხვა მშრალი ტვირთი, რომელსაც დღეს ის ატარებს რუსეთზე და ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ ამ ტვირთის დიდმა ნაწილმა გადმოინაცვლოს საქართველოს რკინიგზაზე და პორტებში. ალბათ, არ არის საჭირო იმის ახსნა, თუ რამდენად მომგებიანი იქნება ეს საქართველოსთვის.”

შეუწყობს თუ არა ამ მიზნის განხორციელებას ხელს ყაზახეთის პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევის მიერ ევრაზიული სატრანსპორტო დერეფნის ერთი პატარა მონაკვეთის, მახინჯაური-ჩაქვის საავტომობილო გვირაბის, მონახულება, ყაზახეთისა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვის დინამიკიდან გამოჩნდება. დღემდე მისი მოცულობა საკმაოდ მოკრძალებულად გამოიყურება და მხოლოდ 40 მილიონ აშშ-ის დოლარს შეადგენს.
XS
SM
MD
LG