Accessibility links

logo-print

შერეული საკონტროლო კომისიის კონკრეტული ალტერნატივა ჯერჯერობით უცნობია

  • ნინო როდონაია

თბილისის გადაწყვეტილებას, ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების პროცესი შერეული საკონტროლო კომისიის ფორმატით აღარ განაგრძოს, კომისიის სხვა წევრები

არასწორს უწოდებენ. საქართველოს ხელისუფლების უარის შემდეგ ბუნებრივად გაჩნდა შეკითხვა, თუ რა ფორმით აპირებს თბილისი ცხინვალთან შემდგომ ურთიერთობას. თავად ხელისუფლების ზოგადი პასუხი ახალი ფორმატის მოძიება და სამშვიდობო კურსის ერთგულებაა. პერსპექტივა ჯერჯერობით საკმაოდ ბუნდოვანია.


ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების მიზნით 13 წლის წინ შექმნილი შერეული საკონტროლო კომისიის ფორმატით მუშაობა ქართულ და ოსურ მხარეეებს, სხვადასხვა მიზეზით, დღემდე არაერთხელ შეუჩერებიათ, თუმცა, როგორც წესი, კომისია არსებითად ფორმალური ფუნქციის შესრულებას განაგრძობდა. შერეულმა საკონტროლო კომისიამ საკუთარი თავი ამოწურა და მის ფორმატს, ალბათ, აღარ დავუბრუნდებით - საქართველოს ხელისუფლების ეს ბოლო პოზიცია ხუთშაბათს მოსკოვში გამოხატა სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ხაინდრავამ. ამ განცხადებამ წარმოშვა გარკვეული ეჭვი იმის თაობაზე, რომ თბილისმა, შესაძლოა, კონფლიქტის პოლიტიკური მეთოდებით მოგვარების კურსი შეცვალოს. ცხინვალის რეგიონში ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების ფონზე მსგავსი განცდა გაუჩნდა ქართულ-ოსური არასამთავრობო ორგანიზაციის ,,იბერ-ირონის” ხელმძღვანელ მაია ცაბოშვილსაც:

[მაია ცაბოშვილის ხმა] ,,განახლება უნდა მოხდეს ფორმატის, ოღონდ არა, აი, ასეთი ფორმით, არა, აი, ამ დროს. ჩვენ შეგვეძლო მანამდე ძალიან სერიოზული მუშაობა ჩაგვეტარებინა და გაბრაზებულის პოზით კი არ დაგვენებებინა თავი მუშაობისთვის, არამედ სხვა ფორმა მოგვეძებნა, ნაკლებად მტკივნეული. უნდა მოვემზადოთ რაღაცისთვის და მერე ვთქვათ უარი იმაზე, რაც გვაქვს. სამწუხაროდ, ესეთი წინასწარი გათვლები ბოლო პერიოდში ნაკლებად კეთდება ქართულ პოლიტიკაში.” (სტილი დაცულია)

თავად ხელისუფლება განმარტავს, რომ შერეული საკონტროლო კომისიის სხვა ფორმატით შეცვლაზე იზრუნებს, თუკი რუსეთი, როგორც ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების გარანტი, ამ ფუნქციას რეალურად არ შეასრულებს:

[კოტე გაბაშვილის ხმა] ,,ჩვენ ვწყვეტთ მასში მუშაობას, სანამ არ დავინახავთ კატეგორიულ ცვლილებებს. საერთაშორისო საზოგადოების მოსამზადებლადაც და რეალური ვითარების კიდევ ერთხელ შესამოწმებლად მივეცით ათ თებერვლამდე ეს ვადა.” (სტილი დაცულია)

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე კოტე გაბაშვილი ამბობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ხელისუფლება ცხინვალის დე ფაქტო მთავრობასთან ისე ისაუბრებს, როგორც თავად მოინდომებენ. 10 თებერვალი კი ის ვადაა, რომელიც საქართველოს პარლამენტმა რუსეთს ვითარების შესაცვლელად განუსაზღვრა.
ამავე დადგენილების პროექტში ნათქვამია, რომ მთავრობამ დეკემბრამდე უნდა წარადგინოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული სამშვიდობო გეგმის რეალიზების დეტალური გეგმა:


[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ,,რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ცხინვალის რეგიონი მშვიდობიანად დაბრუნდეს საქართველოს შემადგენლობაში? - ეს არის, რომ ადგილობრივ მოსახლეობას, ეთნიკურ ოსებს უნდა ჰქონდეთ ყველა გარანტია იმისა, რომ მათ ექნებათ თვითმმართველობა, ენის, კულტურის, საგანმანათლებლო უფლებები, ეკონომიკური კეთილდღეობა მათი უზრუნველყოფილი იქნება ქართული სახელმწიფოს ფარგლებში და, რა თქმა უნდა, ამისათვის მათ უნდა ჰქონდეთ გარკვეული სტატუსი. მაგრამ ეს ფასი იმაში არის გადახდილი, რომ მათ აღიარონ, რომ ისინი არიან საქართველოს ნაწილი.” (სტილი დაცულია)


პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამ შინაარსის სამშვიდობო ინიციატივა ოსურ მოსახლეობას იანვარში სტრასბურგიდან შესთავაზა. მას შემდეგ ამავე თემას არაერთი - მათ შორის, საერთაშორისო - კონფერენცია მიეძღვნა, თუმცა, როგორც მაია ცაბოშვილი ამბობს, ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებული კონკრეტული თანმიმდევრული პოლიტიკა დღემდე არ ჩანს:

[მაია ცაბოშვილის ხმა] ,,სამწუხაროდ, როგორც ვუყურებ, ჩვენი ხელისუფლება და კონკრეტულად ის სტრუქტურები, რომლებიც კონკრეტულად არიან ჩართულნი ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარებაში, მუშაობენ მეხანძრის პრინციპით. 26 იანვრიდან მთელი ამ თვეების განმავლობაში სტრუქტურებმა, რომლებსაც ეს ევალებათ და ხელეწიფებათ, ისიც კი არ გააკეთეს, რომ ეს ინიციატივები ყოფილიყო გავრცელებული საზოგადოებაში. ოსური საზოგადოება მყავს მხედველობაში.” (სტილი დაცულია)

სააკაშვილის სამშვიდობო გეგმის შინაარსს ოსი ეროვნების მოქალაქეთა ნაწილი სწორედ ,,იბერ-ირონის” ინიციატივით გაეცნო. როგორც მაია ცაბოშვილი ამბობს, მოსახლეობაში მზადყოფნა და ინტერესი არსებობს, ისევე, როგორც ეჭვი, რომლის გაფანტვას კოორდინირებული და თანმიმდევრული მუშაობა სჭირდება.
რაც შეეხება უშუალოდ შერეულ საკონტროლო კომისიას, მას რუსეთი და, შესაბამისად, ცხინვალის დე ფაქტო მთავრობა სტაბილიზაციის ერთადერთ მექანიზმად მიიჩნევენ. თბილისის ბოლო გადაწყვეტილების მოსალოდნელ შედეგს მოსკოვმა კონტრპროდუქტიული უწოდა და ეს პოზიცია რუსეთში
აშშ-ის ელჩს გააცნო. თავის მხრივ, საქართველოს ხელისუფლება სამშვიდობო პროცესში მესამე მხარედ სწორედ აშშ-ის ჩართვაზე საუბრობს, თუმცა რაიმე კონკრეტული პერსპექტივა ამ ეტაპზე უცნობია.
XS
SM
MD
LG