Accessibility links

logo-print

დასაწყისში რამდენიმე ფრაგმენტი წინა დღეების პრესიდან: გასული კვირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი


დავით პაიჭაძე, თბილისი დასაწყისში რამდენიმე ფრაგმენტი წინა დღეების პრესიდან: გასული კვირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენააა ის, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში განლაგებული რუსეთის

სამშვიდობო ძალების გაყვანის შესახებ პარლამენტმა დადგენილების პროექტი მოამზადა. გაზეთი “ახალი ვერსია” მოვლენის ასეთ კომენტარს იძლევა: “ცხინვალის აღლუმის შემდეგ საქართველოში აქტიური საუბრები დაიწყო იმაზე, რომ რუსმა სამშვიდობოებმა საკუთარი მისია ამოწურეს და რაც შეიძლება სწრაფად უნდა დატოვონ კონფლიქტური რეგიონები. სამუშაო ჯგუფმა, რომელიც პარლამენტში ამ დადგენილების ტექსტზე მუშაობდა, რადიკალური ნაბიჯისაგან თავი შეიკავა და რუს მშვიდობისმყოფელებს “გამოსასწორებელი” ვადა მისცა. ქართული მხარე რუსეთის სამშვიდობო ძალებს კონფლიქტის ზონის დატოვებას მხოლოდ იმიტომ არ სთხოვს, რომ ნაპოვნი არ ჰყავს ალტერნატიული ძალა, რომელიც რუსების გასვლის შემდეგ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ჩადგება. არ არის გამორიცხული, ვადა, რომელსაც პარლამენტი რუს სამშვიდობოებს აძლევს, საქართველომ სწორედ ალტერნატიული სამშვიდობო კონტინგენტის შესარჩევად გამოიყენოს,” - წერდა “ახალი ვერსია”.

“24 საათი” აქვეყნებს მცირე ანალიტიკურ წერილს სომხეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის შესახებ. ვიზიტი მძიმე ფონზე მიმდინარეობდა, იმ აშკარად პროვოკაციული გადაწყვეტილების გათვალისწინებით, რომელიც ჯავახეთში მოქმედმა სეპარატისტულმა ორგანიზაციებმა მიიღეს. ახლახან მათ მოითხოვეს სამცხე-ჯავახეთის ავტონომიის დაფუძნება და მისი ხელმძღვანელის არჩევა სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის მიერ პირდაპირი კენჭისყრით. ამ დროს თვით მონოეთნიკურ სომხეთში მაზრების ხელმძღვანელებს კვლავ პრეზიდენტი ნიშნავს. მოითხოვენ აგრეთვე “სამცხე-ჯავახეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ენად ქართულისა და სომხურის გამოცხადებას.“ ვითარების დაძაბვა საქართველოს პრემიერს არ უცდია, წერს “24 საათი”, მაგრამ ზურაბ ნოღაიდელმა ყველაფერი თქვა იმ ზომითა და ფორმით, რასაც საერთაშორისო ეტიკეტი აწესებს. კერძოდ, ერევნის წინადადებას, გაიხსნას ახალქალაქში სომხური უნივერსიტეტი, ქართულმა მხარემ ერთმნიშვნელოვანი პასუხი შეაგება: ეს უნდა იყოს ქართულ-სომხური უნივერსიტეტი, მუშაობდეს საქართველოს განათლების სამინისტროს ეგიდით, შესაბამისი პროგრამებისა და დამტკიცებული სახელმძღვანელოების საფუძველზე. ამასთან, ხელს უნდა უწყობდეს რეგიონის ინტეგრაციას საქართველოს სახელმწიფო სისტემაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოზიცია ეფუძნებოდა დებულებას, რომ სამცხე-ჯავახეთში მოქმედი ორგანიზაციები დიდ შეცდომას უშვებენ, როცა ინტეგრაციას ასიმილაციასთან აიგივებენ.”

საქალაქო ტრანსპორტით მგზავრობა მნიშვნელოვნად გაძვირდება - აუწყებდა მკითხველს გაზეთი “ხვალინდელი დღე”. ქალაქის მთავრობას მუნიციპალური სატრანსპორტო პარკების შენახვა ძვირი უჯდება, რის გამოც მათი პრივატიზებაა შესაძლებელი. მერიაში აცხადებენ, რომ თითოეული მგზავრის გადაყვანა დღეს 20 თეთრი ღირს, რაც ხარჯებს ვერ ანაზღაურებს. რეალურად ერთი მგზავრის გადაყვანა 38 თეთრი ჯდება. მგზავრობის ღირებულების გაძვირება გარდაუვალია, წერდა “ხვალინდელი დღე”.

ახლა შაბათის, 1 ოქტომბრის, პრესასაც გადავხედოთ: გაზეთი “რეზონანსი” ცდილობს გაარკვიოს, ემუქრება თუ არა საქართველოს ჯილეხის ეპიდემია. ხაშურში ზედიზედ დაავადდა რამდენიმე ადამიანი, რომელთა სენის ნიშნები ჯილეხის სიმპტომებს ემთხვეოდა. “ამის გამო ხაშურში საქონლის დაკვლა და რეალიზაცია დროებით აიკრძალა. ეს აკრძალვა თვითონ მოსახლეობამ ისურვა. თუმცა საქართველოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსი ირწმუნება, რომ ხაშურში ასეთი პრობლემა არ არსებობს. დეპარტამენტი მოქალაქეებს (ცხადია, არამხოლოდ ხაშურში) ურჩევს, ხორცი და ხორცპროდუქტები გარე ვაჭრობაზე, ქუჩაში არ შეიძინონ, არამედ მხოლოდ იმ მაღაზიებში, სადაც ლაბორატორიულად შემოწმებული ხორცი იყიდება,” წერს “რეზონანსი”.

გაზეთი “ალია” წერს, რომ 2006 წლის ბიუჯეტი 500 მილიონი ლარით იზრდება და იქვე კითხულობს: საიდან იღებენ ამ თანხას, როცა მცირე ბიზნესი სულს ღაფავს? ახალი საგადასახადო კოდექსის, საბაჟოზე უკონტროლობისა და სხვადასხვა ბიუროკრატიული ბარიერის გამო ბიზნესმენები კოტრდებიან. მცირე მეწარმეთა ასოციაციის თავმჯდომარე ანზორ საკანდელიძე “ალიას” უცხადებს, რომ ბიუჯეტის შემოსავლების დიდი ნაწილი იქმნება არა საწარმოთა მოგების ან ქონების, არამედ დამატებული ღირებულების გადასახადისაგან. მცირე მეწარმეებისაგან განსხვავებით, მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, რომ შემოსავალი გაეზარდათ და გაისად ბიუჯეტში მეტ ფულს შეიტანენ. თუმცა მსხვილი ბიზნესი საქართველოში თითზე ჩამოსათვლელია, დასძენს “ალია”.
XS
SM
MD
LG